ვიწვევთ რეგიონებში მომუშავე უფლებადაცვით ორგანიზაციებს, ინიციატივებს და აქტივისტებს თბილისში ღონისძიებაზე „ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის“.

ფორუმის შესახებ

ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის 2018 წელს დაფუძნდა ადამიანის უფლებათა სახლის მიერ. ფორუმის მთავარი მიზანი  დედაქალაქს გარეთ, საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მომუშავე უფლებადამცველების შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათთვის საკომუნიკაციო პლატფორმის შეთავაზებაა.

ღონისძიების ფორმატის მიხედვით, ფორუმისთვის წინასწარ შეირჩევიან მონაწილე ორგანიზაციები და ინიციატივები, რომლებიც მათთვის ინდივიდუალურად მოწყობილ სტენდთან იქნებიან წარმოდგენილნი, თავიანთი საკომუნიკაციო თუ საინფორმაციო მასალით, ფოტოებით, ბანერებით.

ფორუმი ადგილია, სადაც უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ინიციატივები და აქტივისტები საქართველოს რეგიონებიდან ამყარებენ ახალ კონტაქტებს სამომავლო და ერთობლივი თანამშრომლობისთვის, უზიარებენ ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის შესახებ უფრო ფართო საზოგადოებას და სხვ.

2023 წლის ფორუმი თბილისში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ თბილისს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში მომუშავე უფლებადაცვით ორგანიზაციებსა (საქართველოს რეგიონში რეგისტრაციით) და ინიციატივებს, ასევე ინდივიდუალურ აქტივისტებს.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართება საქართველოს რეგიონებში უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ თემატური ანგარიშის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია.

ფორუმში მონაწილეობა სამგვარადაა შესაძლებელი:

  1. მიიღოთ მონაწილეობა და წარმოადგინოთ თქვენი ორგანიზაცია ან ინიციატივა ინდივიდუალურ “სტენდთან“ – მონაწილე ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მაგიდა/სტენდი საინფორმაციო დოკუმენტების, ბანერების და ვიზუალური მასალის წარმოსადგენად. ამისთვის, გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა
  2. მიიღოთ მონაწილეობა, როგორც ინდივიდუალურმა უფლებადამცველმა/აქტივისტმა. ამისთვის გთხოვთ, შეავსოთ ეს ფორმა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
  3. დაესწროთ, როგორც მსმენელი. მონაწილეობის ეს ფორმა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ეს ფორმარაუგვიანეს  15 ნოემბრისა.

ეს ფორმები შეგიძლიათ შეავსოთ ან ქართულ, ან ინგლისურ ენაზე

იქიდან გამომდინარე, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს 15 ნოემბრის ჩათვლით.

ფორუმზე დასწრების მსურველები 16 ნოემბერს მითითებულ მეილზე მიიღებენ მოსაწვევს, რომელიც ელექტრონული ან სხვა სახით უნდა წარმოადგინონ ადგილზე. 

ორგანიზატორი, საჭიროების შემთხვევაში, დაფარავს მხოლოდ ფორუმში მონაწილეობისთვის შერჩეული ორგანიზაციების, თუ  ინდივიდუალურად მონაწილე უფლებადამცველების/აქტივისტების თბილისში მგზავრობისა და ერთი ღამით დარჩენის ხარჯებს.

ადგილი: თბილისი (ლოკაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი)

თარიღი: 17 ნოემბერი 16:30 საათი

სამუშაო ენა: ქართული (შემოთავაზებული იქნება ინგლისურ ენაზე თარგმანი)

პროექტის შესახებ:

წინამდებარე ღონისძიება ხორციელდება პროექტის საქართველოს რეგიონებში უფლებადამცველების და აქტივისტების გაძლიერება მათი მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირების, აქტიური ჩართულობისა და ადვოკატირების გზით ფარგლებში ორგანიზაცია „თბილისი პრაიდთან“ პარტნიორობით და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაციის შესახებ:

თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას. თბილისის სახლი დაფუძნდა „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ მხარდაჭერით, 2010 წელს. „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი“ იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს. ამჟამად დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ საქმიანობას 11 ქვეყანაში მოქმედ 16 ადამიანის უფლებათა სახლში. თბილისის სახლი შედგება შემდეგი ხუთი წევრი ორგანიზაციისგან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო”, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“. თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ  საგანმანათლებლო საქმიანობას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”,

მისამართი: თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა.

ელ-ფოსტა: [email protected]

ტელეფონი: +995 322 38 20 18