წარმოდგენილი დოკუმენტი შეიცავს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებს და შეფასებებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანიდან დევნილობის გამო ცხოვრობდა საქართველოში, 2017 წლის 29 მაისს საქართველოში სავარაუდოდ გაიტაცეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც ის ციხეში აღმოჩნდა. 2018 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და საზღვარზე 10 000 ევროს კონტრაბანდულად გადატანა. 2018 წლის 24 აპრილს, აზერბაიჯანის შაქის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის განცხადებით, მუხთარლის წინააღმდეგ ბრალი გაყალბებულია; ამას გარდა, სასამართლო პროცესები ტარდებოდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების უგულვებელყოფით.

2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის ახალმა ინტენსიურმა ტალღამ მოიცვა აზერბაიჯანი. ამ ტალღას მოჰყვა აზერბაიჯანში დაპატიმრებები და საქართველოდან ჟურნალისტის გატაცებაც კი. „განახლებული“ რეპრესიების შემდეგ, „სასამართლოებმა სულ მცირე 25 ჟურნალისტისა და პოლიტიკური და ახალგაზრდა აქტივისტის საქმე განიხილეს და გრძელვადიანი პატიმრობები მიუსაჯეს პოლიტიკურად მოტივირებული არასამართლიანი სასამართლოს პირობებში. სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში კვლავ რჩება ათობით აქტივისტი, რომლებსაც ემუქრებათ ზეწოლა, ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება ან უკვე მოახერხეს ქვეყნიდან გაქცევა.“2 2017 წლის 7 მარტს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, „აზერბაიჯანელმა უფლებამდაცველებმა წარმოადგინეს ანგარიში ქვეყანაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაგირების აუცილებლობის შესახებ.“

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ფაქტებს თბილისში აფგანის გაუჩინარების და სავარაუდო გატაცების შესახებ, და ახდენს საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის გამოძიების ანალიზს, ასევე აზერბაიჯანის სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესების და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სამართალწარმოების შეფასებას. ანგარიშის მთავარი მიგნებები ეხება საქართველოში მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობას, კერძოდ საგამოძიებო უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას; საქმის შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვების პრობლემას; სისხლის სამართლის საქმეში მუხთარლის სტატუსის პრობლემას და ასევე, უკანონო თვალთვალსა და დევნას.

საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება დღემდე გრძელდება. საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოთხოვნა, შეექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოსაძიებლად. ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს ფაქტებს და მოვლენებს, რომელთა იდენტიფიცირება მოახდინა HRH-თბილისმა და მისმა წევრმა ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აფგან მუხთარლის საქმეზე მუშაობის დროს.

აფგან მუხთარლის საქმე: ფაქტები და შეფასება