თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი იწყებს ახალ პროექტს – „შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში – Free ArtExpress”.

პროექტის მთავარი მიზანი შემოქმედებითი თავისუფლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და  ქვეყნის განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ევროინტეგრაციის პროცესში მისი მნიშვნელოვანი როლის წინ წამოწევაა. ამ მიზნის მიღწევა ქართველი ხელოვანების მხარდამჭერი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებითა და საერთაშორისო ადვოკატირების მექანიზმების გამოყენებით არის დაგეგმილი.

პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმილია:

  • წარსულში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა პროფილების, მათი  შემოქმედების, წინააღმდეგობის ისტორიების  შეკრება, გამოფენის ორგანიზება;
  • ხელოვანთათვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გაზრდა, მხარდამჭერი გრანტების შეთავაზება „ხელოვნების ევროინტეგრაციისთვის“;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთაშორისო ადვოკატირების მექანიზმების გამოყენება შემოქმედებითი თავისუფლებისთვის.  
  • კინოკლუბის ჩვენებები და თემატური დისკუსიები საქართველოს დოკუმენტურ ასოციაციასთან (DOCA) პარტნიორობით. დოკუმენტური ფილმების მხარდაჭერა, პროექტის შექმნის/განვითარების, წარმოების ან წარმოების შემდგომ ეტაპზე; განსაკუთრებით იმ ფილმებისა , რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას, მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით:

შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის სტანდარტი ქვეყანაში შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ზოგადად გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხის მაჩვენებელი. სხვადასხვა სიტუაციებსა და კონტექსტში ხელოვანთა წრეების წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, შექმნან და გაავრცელონ თავიანთი შემოქმედებითი ნაწარმოები მთავრობის ჩარევის გარეშე. მათ თავს ესხმიან, ან დევნიან სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორები. ხელოვანები ხშირად ასრულებენ ადამიანის უფლებადამცველების როლსაც – ისინი გამოხატავენ თავიანთ იდეებს ხელოვნების საშუალებით და შემოქმედებითად აღწერენ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და სხვადასხვა გამოწვევებს.

ევროპის საბჭოს მანიფესტში ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ციფრულ ეპოქაში ნათქვამია, რომ:

ხელოვანები უნდა იყვნენ დაცული ცენზურისგან, ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა ან დაშინებისგან.

შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება – საკანონმდებლო ჩარჩო:

  • შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით.
  • გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და
  • საქართველოს კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

იუნესკოს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ კონვენციით, შემოქმედებითი თავისუფლება ასევე დაკავშირებულია საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ სხვა უფლებებთან: შემოქმედებითი ნაწარმოების მხარდაჭერის, გავრცელების უფლება; გადაადგილების თავისუფლება; გაერთიანების უფლება; სოციალური და ეკონომიკური უფლებები; კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ

თბილისის სახლი 2010 წელს დაფუძნდა „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ მხარდაჭერით და ​იმავე წელს გახდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის წევრი. ადამიანის უფლებათა სახლების ქსელი იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებსა და მათ ორგანიზაციებს. თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და შედგება შემდეგი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო”, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“.

თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სტრატეგიის მიხედვით, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების დაცვა და გაძლიერება, ასევე ადამიანის უფლებათა საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ძირითადი აქცენტით გამოხატვის და შეკრების უფლებებზე და უფლებადამცველად ყოფნის უფლებაზე.

მეილი: [email protected]

საიტი:  www.hrht.ge ; www.defenders.ge

პროექტი ‘’Free ArtExpress’’ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით. პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.