თბილისის სახლი

თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას. თბილისის სახლი შედგება შემდეგი ორგანიზაციებისგან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო”, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" (HRC) დაარსდა 1996 წლის 10 დეკემბერს, თბილისში. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის ხელშეწყობა. ცენტრს სჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით და რომ ამ უფლებებისა და კანონის უზენაესობის რეალიზაცია და დაცვა წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას.

კავშირი ,,საფარი"

კავშირი „საფარი“ 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. მომდევნო წელს, „საფარმა“ გახსნა პირველი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. თავშესაფარში მსხვერპლებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარება. „საფარის“ საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას. „საფარის“ მისიაა თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნა.

,,უფლებები საქართველო"

„უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის 12 სექტემბერს დაფუძნდა.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.
23 წლიანი არსებობის მანძილზე, ორგანიზიციის დახმარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია, აღიდგინა დარღვეული უფლებები, ასევე შეიძინა გარკვეული ცოდნა და უნარი საკუთარი უფლებების დაცვის და რეალიზების კუთხით.

მედიის ინსტიტუტი

მედიის ინსტიტუტის მიზნებია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა დოკუმენტებით საყოველთაოდ აღიარებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა და პოპულარიზაცია. დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში; ისევე როგორც თავისუფალი მედია გარემოს შექმნის, მედიის ანგარიშვალდებულების და თვითრეგულირების მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

GCRT

საქართველოს წამების მსხვეპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პასუხობს საქართველოში არსებული ტრავმირებული საზოგადოების საჭიროებებს შესაბამისი, მოთხოვნაზე მორგებული ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებით. 2000 წლიდან მოყოლებული GCRT-ის პროფესიონალები ტრავმა გამოვლილ და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ ადამიანებს აწვდიან შესაბამის სერვისებს.

Scroll to Top