საქართველოს ხელისუფლებამ დისკრიმინაციის გარეშე უნდა დაიცვას  ყველა ადამიანის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, ლგბტ+ ჯგუფების, მათი მხარდამჭერებისა და უფლებადამცველების შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი ქართული და საერთაშორისო უფლებადაცვითი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვგმობთ 8 ივლისის თავდასხმას Tbilisi Pride-ის ფესტივალზე და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მომხდარი თავდასხმის ეფექტიანი გამოძიება და მასში მონაწილე პირების შესაბამისი პასუხისმგებლობა.

8 ივლისს, მოძალადე ჯგუფი კერძო ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც თბილისი პრაიდის ფესტივალი უნდა გამართულიყო. ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ თავდამსხმელებმა დაარბიეს ღონისძიების ტერიტორია, დაწვეს ლგბტ+ დროშები და ფესტივალის ბანერები, გაძარცვეს ფესტივალის ტერიტორია და წაიღეს სხვადასხვა პროდუქტი თუ მასალა, დააზიანეს კერძო საკუთრება და აღჭურვილობა. თუმცა, თავდასხმა სპონტანური არ ყოფილა. ის დაიწყო, როგორც ულტრამემარჯვენეების აქცია რომელიც ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრა. აღნიშნულ აქციას წინ უძღვოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გაძლიერებული ჰომოფობიური რიტორიკა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მოწოდებები, რომ საჭიროა ე.წ. „ქვიარ პროპაგანდის კანონის“ მიღება, ულტრამემარჯვენე ჯგუფების განცხადებები, რომლებიც არ აღიარებენ ლგბტ+ ჯგუფებისა, მათი მხარდამჭერების, თუ უფლებადამცველების უფლებებსა და თავისუფლებებს.

თბილისის პრაიდის ფესტივალის ორგანიზატორებზე, მხარდამჭერებსა და მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმა, ორგანიზებული და ორკესტრირებული იყო Alt Info-ს მიერ, რომელიც წარმოადგენს ულტრამემარჯვენე ჯგუფს ჰომოფობიური დღის წესრიგით. დაანონსებული ძალადობის მუქარებისა და უკანასკნელ წლებში თბილისი პრაიდის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ფონზე, თბილისი პრაიდის ფესტივალამდე და მის ძალადობრივ დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადო პირობა, რომ ეფექტურად უზრუნველყოფდა ფესტივალის უსაფრთხოების დაცვას. თუმცა, თავდასხმის დროს გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს, რომ სამართალდამცავები ულტრამემარჯვენე აქციის მონაწილეებს უფლებას აძლევენ შეუფერხებლად შევიდნენ პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი თავად ეხმარებიან მათ. საბოლოოდ, პოლიციამ მოახდინა საფესტივალო ტერიტორიიდან პრაიდის ფესტივალის მონაწილეების ევაკუაცია და ადმინისტრაციულად დააკავა ულტრამემარჯვენეების ორი წევრი.

წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავისი საერთაშორისო ვალდებულებები ადეკვატურად დაეცვა ლგბტ+ თემის, მათი მხარდამჭერებისა და უფლებადამცველების უფლებები. ჩვენ ვნახეთ ჰომოფობიური თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც აღნიშნავდნენ ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს (IDAHOT) 2012 წელს და მასობრივი ძალადობრივი თავდასხმები 2013 წლის 17 მაისს. 2015 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა IDAHOT-ის მარშში მონაწილეები, დაირღვა შეკრების თავისუფლება და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, დისკრიმინაციის აკრძალვასთან ერთობლიობაში. 2019 წელს პირველი პრაიდ მარში საქართველოში თითქმის ჩაიშალა მოძალადე ჯგუფების ქმედების გამო. ორგანიზატორებმა ექსპრომტად გამართეს მარში, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფების საფრთხის გამო 30 წუთს გაგრძელდა. 2021 წელს პრაიდ მარში კვლავ გაუქმდა მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრში ძალადობრივი ჰომოფობიური პროტესტი დაიწყო, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს და მედიის წარმომადგენელს. ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ძალადობრივი ჯგუფების მიერ მიყენებული მძიმე დაზიანებებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. ამავე დღეს, ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის ოფისს, მოძრაობა ,,სირცხვილიას“ ოფისს და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისს.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან განაცხადა, რომ ,,ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცავებთან – ადგილიც და პირობებიც, და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული; და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.’’. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე დაიცვას საქართველოში ყველა ადამიანის საყოველთაო და ფუნდამენტური უფლებები. ეს უფლებები კი მოიცავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

• უზრუნველყონ 8 ივლისის თავდასხმის სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება და პასუხისმგებლობა დააკისრონ ყველა დამნაშავეს;  

• საჯაროდ დაგმონ ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობა და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრონ ძალადობრივი და სიძულვილის ენის შემცველი აქციების ორგანიზატორებს;

• გამოხატოს მხარდაჭერა ლგბტ+ ჯგუფების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების მიმართ.

• უზრუნველყონ, ლგბტ+ ჯგუფების, მათი უფლებადამცველებისა და მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით ეფექტურად სარგებლობა და დააყენონ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც აღნიშნულ  თავისუფლებებს ზღუდავს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • Human Rights House Tbilisi, Georgia
  • Rights Gerogia
  • GCRT, Georgia
  • Human Rights Centre, Georgia
  • Media Institute, Georgia
  • Sapari, Georgia
  • Araminta, Germany
  • Artist Protection Fund, United States
  • Austausch – For a European Civil Society e.V., Germany
  • B.a.B.e., Croatia
  • Barys Zvozskau Belarusian Human Rights House, Belarus/Lithuania
  • Belarusian Helsinki Committee, Belarus
  • Center for Civil Liberties, Ukraine
  • Center for Participation and Development, Georgia
  • Centre for Peace Studies, Croatia
  • Citizens Watch, Russia,
  • Civic Initiatives, Serbia
  • Collective Campaign for Peace (COCAP), Nepal
  • Crude Accountability, United States
  • Democracy Today, Armenia
  • Departamento Ecuménico de Investigaciones, Costa Rica
  • Educational Human Rights House Chernihiv, Ukraine
  • Helsinki Committee for Human Rights in Serbia
  • HRM “Bir Duino-Kyrgyzstan”
  • Human Rights Center “Viasna”, Belarus
  • Human Rights Centre ZMINA, Ukraine
  • Human Rights House Crimea, Ukraine
  • Human Rights House Foundation, Norway
  • Human Rights House Yerevan, Armenia
  • Human Rights House Zagreb, Croatia
  • Index on Censorship, United Kingdom
  • Institute for Reporters’ Freedom and Safety, Azerbaijan
  • International Service for Human Rights (ISHR), Switzerland
  • Legal Education Society, Azerbaijan
  • Legal Initiative, Belarus
  • Mental Health and Human Rights Info, Norway
  • Netherlands Helsinki Committee
  • Norwegian Helsinki Committee
  • Pink human rights defender NGO, Armenia
  • Swedish OSCE-network
  • Ukrainian Helsinki Human Rights Union