2019 წელი გამოწვევებით სავსე იყო უფლებადამცველებისა და აქტივისტებისთვის მთელს მსოფლიოში. მაშინ როდესაც უფლებადამცველები ხმას იმაღლებენ სხვისი უფლებებისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის და მშვიდობის მშენებლობისთვის, ძალიან ხშირად ისინი სახელმწიფო დევნისა და შევიწროვების მსხვერპლნი არიან. ასეთი ტენდენცია, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანში, თურქეთში,  რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში. ამგვარი სიტუაცია ხშირად აიძულებს უფლებადამცველებს და მათ ოჯახის წევრებს დატოვონ თავიანთი სამშობლო, საცხოვრებელი ადგილი და სხვა ქვეყანაში დევნილებად იქცნენ. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან დევნილობაში მყოფ ან რეაბილიტაციის საჭიროების მქონე აქტივისტებს ჩვენ ვთავაზობთ ზრუნვას და უსაფრთხო თავშესაფარს საქართველოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო შეინარჩუნებს უსაფრთხო თავშესაფრის ქვეყნის სტატუსს რეგიონში და ჩვენ მომავალშიც მოგვეცემა საშუალება ვიზრუნოთ სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულ უფლებადამცველებზე, რომლებსაც ძალიან ხშირად კომპლექსური მხარდაჭერა სჭირდებათ.

გარდა ამისა, სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ 2019 წელს ჩვენ დავინახეთ ქართველი უფლებადამცველების მხარდაჭერის საჭიროებაც და სწორედ ამიტომ გავააქტიურეთ ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა. ჩვენ დავინახეთ ქართველი უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიები, უფლებადაცვითი ორგანიზიაციების საქმიანობის დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.  ჩვენ დავინახეთ ულტრა-ნაციონალური და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობის შემთხვევები, მათ შორის ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები უფლებადამცველებზე.  აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულ ზეწოლისა და საფრთხის წინაშე ლგბტ აქტივისტები და უფლებადამცველები აღმოჩნდნენ.

მოხარული ვართ, რომ 2019 წელს შევძელით და დავეხმარეთ 23 უფლებადამცველს და მათ ოჯახის წევრებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, ადვოკატირება გავუწიეთ  და ფსიქოლოგიური/გადაწვის საწინააღმდეგო და იურიდიული დახმარება შევთავაზეთ 34 ქართველ უფლებადამცველს. ვფიქრობთ, რომ  ჩვენს წევრ ორგანიზაციებთან ერთად შევძელით დროულად აღმოგვეჩინა იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, შეგვეთავაზებინა ფინანსური მხარდაჭერა და თავშესაფარი უფლებადამცველებისთვის, რომლებმაც  გადალახეს დაბრკოლებები, გაძლიერდნენ და რაც ყველაზე მთავარია, შეძლეს გაეგრძელებინათ ადამიანის უფლებების დაცვა.

პირობებში და მეორე რიგში, როგორც უფლებადამცველები.

2019 წელს კრეატიული კამპანიის წარმოების, სოციალური მარკეტინგის, პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით უნარების განვითარების ტრენინგები შევთავაზეთ 60-მდე ქართველ და აზერბაიჯანელ ქალ უფლებადამცველს. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებისთვის შეთავაზებულ იქნა და გაიცა 7 მცირე გრანტი – რამაც საშუალება მისცა ახალგაზრდა აქტივისტებს პირველი ნაბიჯები გადაედგა საკუთარი პროექტისა და კამპანიის წარმოებისთვის. გვიხარია, რომ აღნიშნულმა აქტივობამ განავითარა და დააფუძნა ახალი ინიციატივები, ჩვენი ტრენინგების წარმატებულმა მონაწილეებმა დააფუძნეს თავიანთი ორგანიზაციები და აგრძელებენ უფლებადაცვით საქმიანობას. ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველებისთვის ასევე გავეცით 8 სამოგზაურო გრანტი, რამაც საშუალება მისცა მათ დასწრებოდნენ საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს, შეეძინათ ახალი კონტაქტები, საერთაშორისო პარტნიორები და გამოეყენებინათ მიღებული გამოცდილება საქართველოში საქმიანობის გასაგრძელებლად.  გარდა ამისა, გავიცანით და აღმოვაჩინეთ ქალები, რომლებიც იბრძვიან ცვლილებებისთვის და სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის საკუთარ თემში და მათი საქმიანობა ნაკლებად იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ ვიმუშავეთ ქალებთან საქართველოს რეგიონებიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებთან – შევთავაზეთ მათ უნარების განვითარების ტრენინგები, მცირე გრანტები და დავეხმარეთ ხმა მიეწვდინათ ფართო საზოგადოებისთვის წარმოებული მედია კამპანიის საშუალებით.

2020 წელს ჩვენ ვაგრძელებთ უფლებადამცველების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. მიუხედავად კოვიდ-19 თან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული კრიზისისა, უფლებადამცველები აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას და საგანგებო სიტუაციაშიც ზრუნავენ სხვის უფლებებზე. 2020 წელს ჩვენ ვიმუშავებთ უფრო აქტიურად, რათა უფლებადამცველებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ვიცხოვროთ ისეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც აღიარებულია უფლებადამცველების და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის მშენებლობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და სადაც უფლებადამცველებისთვის უზრუნველყოფილია ეფექტური დაცვის მექანიზმები.

2019 წლის საქმიანობის მიმოხილვა