28 წლის ცაბუნია ვართაგავა სოციალური მუშაკია. ის ლგბტ ორგანიზაციის – „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის – სახლის“ კრიზისული ცენტრის მენეჯერია. ცაბუნია ლგბტ ადამიანების და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს იცავს და ამის გამო ხშირად მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლი ხდება.

* * *
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში დავიბადე. ბავშვობაში ჟურნალისტობა მინდოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური მიმართულების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ერთ დღესაც სოციალური მუშაობის შესავლის კურსს დავესწარი და აღმოვაჩინე, რომ ბევრად უფრო საინტერესო და ხელშესახები საქმე შეიძლებოდა მეკეთებინა. თავიდან თეორიას ვსწავლობდი, მეორე კურსიდან კი უკვე სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან ვმუშაობდი.

ლგბტ აქტივიზმითაც შემთხვევით დავინტერესდი. უნივერსიტეტში კულტურულ მრავალფეროვნებას ვსწავლობდი. ერთ-ერთი დავალების ფარგლებში რომელიმე უმცირესობის შესახებ პრეზენტაცია უნდა გამეკეთებინა. თემები როცა გადანაწილდა, მე ლგბტ თემის პრეზენტაცია შემხვდა. თბილისში სოფლიდან ჩამოსული გოგო ვიყავი და ამ თემის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი.

2009 წელი იყო. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდა, იყო ფონდი „ინკლუზივი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელს ვთხოვე, რომ ლგბტ თემის წევრებთან შეხვედრის ორგანიზებაში დამხმარებოდა. მართლაც დამეხმარა. შევხვდი რამდენიმე ადამიანს. მაშინ პირველად გავიგე, რისი გადატანა უხდებოდათ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი განსხვავებულები იყვნენ.

შევხვდი შუახნის ტრანსგენდერ მამაკაცს, რომელიც მომიყვა, როგორ გაათხოვა ის საკუთარმა ოჯახმა ძალით მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ბიოლოგიური სქესი მდედრობითი იყო. ვნახე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ქუჩაში რამდენჯერმე სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ არ გამოიყურებოდა ისე მასკულინურად, როგორც ამას მისგან საზოგადოება ითხოვდა. ადამიანების ჩაგვრის საშინელი ისტორიები მოვისმინე. შეხვედრაზე წავედი როგორც ცნობისმოყვარე ინტერვიუერი, იქედან კი ლგბტ აქტივისტი გამოვედი. მაშინ გადავწყვიტე, რომ განსხვავებულ ადამიანებს ყოველთვის დავეხმარებოდი.

მას შემდეგ 10 წელი გავიდა და აზრი და პოზიცია არასოდეს შემიცვლია. მიმაჩნია, რომ ბევრ ადამიანს დავეხმარე. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც სოციალური მუშაკი ვიყავი, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ვმუშაობდი. მაშინ არაერთ მოზარდს დავეხმარე დანაშაულის გააზრებაში. ჩემი მონაწილეობით შეიქმნა ტრენინგ-მოდული, რომლის მეშვეობითაც სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და პრობაციის ოფიცრები გადავამზადეთ და მათ ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ეთიკური მუშაობის წესები ვასწავლეთ.

ხშირად ვიხსენებ ხოლმე ერთ შემთხვევას, რომელზეც ვფიქრობ, რომ სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოვჩნდი და ამის გამო ერთ ადამიანს ძალიან გაუმართლა. გავიგე, რომ ოჯახი ბავშვზე ძალადობდა: ჰქონდათ ეჭვი, რომ ის გეი იყო. ბიჭი რადგან არასრულწლოვანი იყო, საქმეში ჩავრთე სოციალური მომსახურების სააგენტო და იმ სოციალურ მუშაკსაც დავეხმარე, რომ ბავშვის გაძლიერებაზე უკეთ ემუშავა. იმ მუშაკმა ძალიან დიდხანს იმუშავა ბიოლოგიურ ოჯახთან. როგორც წესი, სოციალური მუშაკი უკიდურეს შემთხვევაში იღებს ხოლმე ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანის გადაწყვეტილებას – მაშინ, როცა ყველა სხვა გზა უკვე ამოწურულია. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო. არასრულწლოვანი გაიყვანეს ბიოლოგიური ოჯახიდან და ის მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. ის ბიჭი ახლა უკვე შემდგარი, რეალიზებული ადამიანია. თბილისში ცხოვრობს და იმ საქმეს აკეთებს, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა.

არ არის ადვილი, იყო ლგბტ აქტივისტი. ჩემი საქმიანობის გამო არაერთი წინააღმდეგობა შემხვდა. ერთმა შორეულმა ნათესავმა ისიც კი შემომითვალა, რომ გვარის შერცხვენას არ მაპატიებდა და მომკლავდა.

გასულ წელს, როცა ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ დიდი საპროტესტო კამპანია დაიწყო, სოციალურ ქსელში დავწერე, რომ მის მხარდასაჭერად სტადიონზე ვაპირებდი წასვლას. ამის გამო პირად შეტყობინებებში მუქარის შემცველი არაერთი წერილი მივიღე. ყალბი ანგარიშების მეშვეობით მწერდნენ, რომ სასტიკი სიკვდილის ფორმით მომკლავდნენ, ხერხემალში გადამამტვრევდნენ, მაგინებდნენ. ამის გამო პოლიციასაც მივმართე, მაგრამ საქმე დღემდე გამოძიებული არ არის.

საბედნიეროდ, ოჯახის წევრებში გამიმართლა. მყავს უფროსი ძმა, რომელიც ყოველთვის ჩემი მხარდამჭერია. ჩემს ყველა იდეასა და წამოწყებაში მშობლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.

როცა განვლილ წლებს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ბევრი რამ შეიცვალა. ამ ხნის განმავლობაში ლგბტ თემი ხილვადი გახდა: თუ ადრე ამბობდნენ, რომ ქართველი გეი არ არსებობს, ახლა ყველამ იცის, რომ ლგბტ თემის წევრი შეიძლება ქართველიც იყოს. თემი გაძლიერდა და ახლა ის საკუთარი უფლებების დაცვისთვის იბრძვის. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ სისტემა შევცვალოთ და ლგბტ თემის მიმართ სამართალდამცავების, სოციალური მუშაკების თუ ექიმების მიდგომა შეიცვალოს.

დანამდვილებით ვიცი, რომ სადაც არ უნდა წავიდე და რა სფეროშიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ლგბტ აქტივისტი ვიქნები. ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის ადამიანის უფლებების დაცვაზე ვიმუშავებ. ამ ხნის განმავლობაში რაც ვისწავლე, არის ის, რომ ადამიანი და მისი კეთილდღეობა უმთავრესი ღირებულებაა.

ავტორი: მანანა ვარდიაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.