თუ უფლებადამცველები აქტიურად მუშაობენ, აქვთ თავისუფალი გარემო და ხელმისაწვდომობა სხვადასხვა შესაძლებლობებზე, ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა ადამიანის უფლებების უკეთესად დაცვისთვის, სხვადასხვა თემში სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, საზოგადოების სხავდასხვა ჯგუფების უკეთესი ინტეგრაციისთვის.  სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ერთწლიანი პროექტი, რომელიც აჭარასა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ან მომუშავე უფლებადამცველებთან თანამშრომლობას და მათ ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

პროექტი HRHT-ის ორგანიზებითა და ევროპის ფონდის/DANIDA (დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ადვოკატირების, ეფექტური კომუნიკაციების, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის, პროფესიული გადაწვის საწინააღმდეგო ტექნიკების შესახებ. მცირე გრანტების დამოუკიდებლად განხორციელება – პროექტის პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. 

პროექტის დაგეგმარების შესახებ მიღებული ტრენინგის და ინდივიდუალური კონსულტაციების შემდეგ, მონაწილეებმა მათ თემში არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად დაგეგმეს პროექტები. 4000 ლარიანი გრანტით ორი ჯგუფი დაფინანსდა.

ჰურიე აბაშიძე, ხატია იაკობიძესთან და ნესტან ანანიძესთან ერთად კონკურსში გამარკვებულ ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენს. მათი პროექტის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ 16 ახალგაზრდას ადვოკატირების პროცესის დაგეგმვის, თემის თვითორგანიზების, სათემო მობილიზებისა და ადვოკატირების სამოქალაქო მექანიზმების შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ. ,,მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის იყო ეს პროექტი მნიშვნელოვანი, რადგან მანამდე პროექტების წერის გამოცდილება საერთოდ არ მქონია, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თავად გადავამზადეთ მიღებული გრანტის დახმარებით. ყველა ის თეორიული ცოდნა, რომელიც ჩვენ სესიებისა და ტრენინგების მეშვეობით მივიღეთ, პროექტის მეორე ეტაპზე პრაქტიკაში გამოვიყენეთ. ჩვენს მონაწილეებს უნდა ემუშავათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში, რაც არამხოლოდ მათთვის, ჩვენთვისაც გამოწვევა იყო.“ – ამბობს ჰურიე. 

მისივე თქმით, პროექტმა დასახულ მიზნებსა და მოლოდინებს გადააჭარბა და რეალური შედეგის მიღწევა შეძლო. ,,სხვადასხვა სახის თემებზე ადვოკატირების მიზნით, საბოლოოდ, 8 ინდივიდუალური პროექტი მივიღეთ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა, ნაწილობრივ ან სრულად დააფინანსეს ჩვენი მონაწილეების ინიციატივები. შედეგად, ყველა პროექტი ადგილობრივ დონეზეც დაკმაყოფილდა და ახალგაზრდებს საკუთარი თემის პრობლემების ადვოკატირების წარმატებული გამოცდილება ჰქონდათ“. – გვიყვება ჰურიე.

მაღალმთიანი აჭარის გარდა, პროექტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ლიზა ტოროსიანის, ნერმინ აივაზლისა და ემილია ბაირამოვას ჯგუფმა ტრენინგები ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ახალგაზრდებისთვის დაგეგმეს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ტრენინგები ქალთა უფლებებზე, ლგბტ საკითხებსა და სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ ჩაუტარდათ. ,,ბენეფიციართა ნაწილი პირველად შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ლგბტ თემის უფლებები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თემებზე საუბარი. სწორედ ამან განაპირობა, რომ შეხვედრა დაგეგმილზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდა. “ – ამბობს ლიზა. ჰურიეს მსგავსად, პროექტის პირველი ნაწილი ლიზასთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ტრენინგს დავსწრებივარ, ის უნარები, რაც პროექტების წერის მიმართულებით  გამომიმუშავდა, არა მხოლოდ ამ საგრანტო, სხვა საპროექტო განაცხადების შედგენაშიც დამეხმარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კონსულტაციები, რომელსაც მუდმივად ვიღებდით და რაც საბოლოოდ, ჩვენი გუნდისთვისაც წარმატებით დასრულდა“. გარკვეულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გარდა, კონკრეტულმა პროექტმა სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კომუნიკაციასაც შეუწყო ხელი.

2 დეკემბერს, ჰურიე აბაშიძე ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაწესებული პრიზის, ,,ადამიანის უფლებათა ტიტა” 2021-ის მფლობელი გახდა. ლიზა ტოროსიანი კი, როგორც უფლებადამცველი მედია პროფესიონალი, ,,ლექსოს პრემიაზე” იყო ნომინირებული.