უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა საქართველოში 9 დეკემბერს, წელს უკვე მეექვსედ აღინიშნა. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა მშვიდობიანი პროტესტის უფლება იყო.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: ლელა ცისკარიშვილმა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, H. E. ბერგლიოტ ჰოვლანდმა – ნორვეგიის ელჩმა საქართველოში და დაგლას უებმა – გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში.
უფლებადამცველების თემატური მოხსენებები წლის განმავლობაში მიმდინარე სხვადასხვა პროტესტს შეეხებოდა. უფლებადამცველთა წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის წარმომადგენელმა, ქეთი აბაშიძემ. მომხსენებლებს შორის იყვნენ ეთო არსანიძე, სამირა ბაირამოვა, მაკუნა გოჩიაშვილი, მარიამ კვარაცხელია, თამარ ჯაყელი, მარიამ ნიკურაძე. რის შემდეგაც გაიმართა ლანა ღოღობერიძის ფილმის, ,,დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ ჩვენება.
უფლებადამცველთა დღე – აღიარებს უფლებადამცველების განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს საზოგადოების და დემოკრატიის განვითარებაში და მშვიდობის გაძლიერებაში, რაც აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებით, მათ შორის გაეროს უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციით, რომელიც 2023 წელს 25 წლისთავს აღნიშნავს.
წლევანდელი ღონისძიება ადამიანის უფლებათა სახლების ფონდთან (Human Rights House Foundation), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP Georgia) და საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.