უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე ,,ადამიანის უფლებათა სახლმა“ წლევანდელ 9 დეკემბერს უკვე მეხუთედ აღნიშნა.

ღონისძიების დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ, ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა, ამერიკის ელჩის მრჩეველმა პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მაიკლ ჰონიგშტაინმა და ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორმა, ნათია თავბერიძემ.

მისასალმებელ სიტყვაში მომხსენებლებმა საქართველოში უფლებადამცველთა მდგომარეობის, მათ წინაშე არსებული რისკებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

პოეტმა, რატი ამაღლობელმა ისაუბრა თემაზე: გამოხატვის თავისუფლება და აქტივიზმი ლიტერატურაში – კულტურული წრეების შეზღუდვის ტენდენციები.

პანელურ დისკუსიაზე კი გურო იმნაძემ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი) და ლელა ცისკარიშვილმა (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი – GCRT), ნათია თავბერიძესთან ერთად (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი) ისაუბრეს თემაზე “ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის – უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე”.

შეხვედრის დასასრულს, სალომე მუხურაძემ (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) პრემია ,,ლექსოს” მნიშვნელობაზე ისაუბრა, ჟურნალისტმა და პრემიის ჟიურის წევრმა, ზვიად ქორიძემ კი გამარჯვებული მედია პროფესიონალები დააჯილდოვა. პრემიის წლევანდელი გამარჯვებულები გახდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები ტელეკომპანია ,,ფორმულადან” (დავით ქაშიაშვილი, თამაზ თხილიშვილი – “საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო რეპორტაჟი”) და ჯემნიუსიდან (ნინო ნარიმანიშვილი და ნინო მემანიშვილი – “საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია”).

,,ლექსო” – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და TV “პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააწესა.

წელს პრემიის მხარდამჭერი ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” იყო.