2020 წლის 9 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა უკვე მესამედ აღნიშნა უფლებადამცველების საერთაშორისო დღე, ამჯერად დისტანციურად. 

9 დეკემბერს მსოფლიოში უფლებადამცველების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე აღიარებს უფლებადამცველების განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს საზოგადოების და დემოკრატიის განვითარებაში და მშვიდობის გაძლიერებაში. მაშინ, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის გაეროს უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციით, არსებობს უფლებადამცველების დაცვისთვის აღიარებული პრინციპები, სამწუხაროდ, გრძელდება უფლებადამცველებისა და აქტივისტების შევიწროება და დევნა.

2020 წელს Covid19-ის პანდემიამ უფლებადამცველთა საქმიანობაზეც იქონია გავლენა – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მთავრობები ამ კრიზისულ მომენტს უფლებადამცველთა თავისუფლების შესაზღუდად და მათ გასაჩუმებლად იყენებენ.

9 დეკემბრის ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ, ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენმა, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და ქეთი აბაშიძემ (ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი). მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოში უფლებადამცველების როლის და მათი საჭიროებების შესახებ.

,,სერიოზული გამოწვევა და პრობლემაა ისიც, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება. არ არსებობს ცნება „უფლებადამცველი“ და ხშირად ჩვენ გვქონია ისეთი პრობლემები, როდესაც ერთი და იგივე სუბიექტზე, ჩვენ მას მივიჩნევთ უფლებადამცველად, თუმცა სხვა უწყებების მხრიდან, ისინი არ არიან აღქმული, როგორც  უფლებადამცველები და ამ შემთხვევაში, ქმედების კვალიფიკაციის თუ შეფასებისთვის,  ვიღებთ  სრულიად განსხვავებულ სურათს.“ – აღნიშნა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ.

„ადამიანის უფლებათა დამცველები ყველაზე გაბედული ხალხია, ვისაც კი ვიცნობ. ისინი ჩვენს აღიარებას, პატივისცემასა და მხარდაჭერას იმსახურებენ, განსაკუთრებით კი Covid-19 დროს, როცა პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა კონკრეტულ ჯგუფებს” – აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდერსენმა.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ მომზადებული თემატური ანგარიშის: „უფლებადამცველთა მდგომარეობა საქართველოში – დაბრკოლებები და გამოწვევები“ პრეზენტაცია.  ანგარიში მომზადდა თბილისის, ბელგრადის და ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს დააიდენტიფიციროს საქართველოში უფლებადამცველების წიანშე არსებული მნიშვნელოვნაი ბარიერები და დაბრკოლებები.

დასასრულს კი გაიმართა დისკუსია უფლებადამცველების წინაშე არსებული საჭიროებების, მათ შორის Covid19-ის კონტექსტში არსებული გამოწვევების შესახებ.: ლელა ცისკარიშვილმა (წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი) და  ანა აბაშიძემ (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ისაუბრეს იმ ახალ ფსიქოსოციალურ თუ სხვა ტიპის პრობლემებზე, რომლებიც უფლებადამცველებს გაუჩნდათ მსოფლიო პანდემიის პირობებში

შეხვედრის ჩანაწერი

იხილეთ ანგარიში.