ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის ქვემორე ხელმომწერი წევრები და მხარდამჭერები, მოვუწოდებთ სერბეთის ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს და დაიცვას ევროპრაიდი 2022-ის ორგანიზატორები და მონაწილეები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება 2022 წლის 12-18 სექტემბრის ბელგრადში დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას. 

2022 წელს ლონდონში ჩატარებული პირველი ევროპრაიდის ღონისძიებიდან 30 წელი შესრულდა. ევროპრაიდი მნიშვნელოვანი პან-ევროპული ღონისძიებაა,  ლგბტ+ უფლებების დასაცავად. წელს ევროპრაიდი პირველად ტარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დაგეგმილია სახელოვნებო გამოფენები, ფილმების ჩვენება და დისკუსიები, კვირეული კი დასრულდება 17 სექტემბერს მარშით.

2022 წლის 27 აგვისტოს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროპრაიდი გადაიდო ან გაუქმდებოდა. მიზეზად მან დაასახელა მთავრობის სხვა პრიორიტეტები და საშიშროება, რომ კონტრდემონსტრატები ფესტივალს ჩაშლიდნენ. პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტს, მათ შორის სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფებს აქვთ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლება, ისინი მუდმივად იყენებენ ამ შესაძლებლობას თავიანთი ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო დღის წესრიგის გასავრცელებლად.

სერბეთის ულტრამემარჯვენე და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების საპროტესტო ნარატივი არის ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში არსებულო ტენდენციის უახლესი მაგალითი, რომელიც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ის თავისმხრივ ეფუძნება არასწორად გაგებული ტრადიციული ღირებულებების ნარატივს, რომელიც რუსეთმა 2009 წელს გაეროში წარადგინა და რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების უნივერსალურობას. ამ ნარატივს იზიარებენ მთავრობები და ისეთი არასახელმწიფო აქტორები, როგორიცაა მაგალითად ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიები და რადიკალური ულტრამემარჯვენე ჯგუფები.

საქართველოში ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფები, მათი ლიდერები და მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ცდილობდნენ უარი ეთქვათ ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერებისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე. სომხეთში ულტრამემარჯვენეებმა აწარმოეს კამპანიები, რომლებიც ცრუ ბრალს სდებდნენ უფლებადამცველებს ყალბ დანაშაულებში. რუსეთში ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფები, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო) დიდი ხანია მხარს უჭერენ ხელისუფლების მცდელობებს განსხვავებული და ოპოზიციური ხმების ჩასახშობად.

სერბეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, ადეკვატურად დაიცვას ლგბტ+ თემი, მათი მხარდამჭერები და უფლებადამცველები. ეს უფლებები მოიცავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებებს. იმის ალბათობა, რომ მშვიდობიანმა შეკრებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების ზოგიერთი წევრის უარყოფითი, ან თუნდაც ძალადობრივი რეაქცია, არ არის საკმარისი საფუძველი შეკრების თავისუფლების შესაზღუდად. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მშვიდობიანი მარშის გაუქმების ნაცვლად, მიიღოს ყველა საჭირო დამცავი ზომა და შეაკავოს აგრესიული კონტრდემონსტრანტები. 

მოვუწოდებთ სერბეთის მთავრობას:

  • ხელი შეუწყოს და დაიცვას ევროპრაიდის მონაწილეთა მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სრული და შეუფერხებელი განხორციელება;
  • უზრუნველყოს უსაფრთხო  სივრცე ლგბტ+ თემისთვის, მათი მხარდამჭერებისთვის და უფლებადამცველებისთვის
  • უზრუნველყოს ევროპრაიდის ყველა მონაწილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
  • მხარი დაუჭიროს ევროპრაიდს მის ღონისძიებებში მონაწილეობით და მაღალი დონის საჯარო განცხადებებით