3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე წელს 29-ედ აღინიშნება. ამავდროულად, წელს მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებსა და მედია პროფესიონალებს ევროპის ტერიტორიაზე, ბოლო წლების ყველაზე ფართომასშტაბიანი ომის გაშუქება უწევთ.

რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ორ თვის მანძილზე მოკლულია 23  და დაშავებულია ასზე მეტ ჟურნალისტი.

მედიის წარმომადგენლები, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ხშირად ხდებიან უფლებადამცველები, იბრძვიან გამოხატვის თავისუფლებისთვის, საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან უფლებადარღვევების შესახებ, ხელს უწყობენ დანაშაულების გამოვლენას და დღის წესრიგში აბრუნებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

საომარი მოქმედებების დროს, სამთავრობო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის უწყვეტ ნაკადში, ჟურნალისტები იღებენ პასუხისმგებლობას, გარისკონ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნამდვილი ამბების მოსაყოლად.

24 თებერვლის შემდეგ ასეულობით ჟურნალისტმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ომში წასვლა და რუსული სისასტიკის საკუთარი ობიექტივებით აღწერა გადაწყვიტა.

რადიო თავისუფლების კიევის ბიუროს პროდიუსერი ვირა ჰირიჩი რუსეთის სარაკეტო დარტყმის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი ჟურნალისტია. მისი ცხედარი 29 აპრილს, კიევში, ნანგრევებში აღმოაჩინეს. სიცოცხლის ბოლო დღემდე ვირა ომს აშუქებდა და რადიო თავისუფლების სხვა ქვეყნების ბიუროებისთვის რესპონდენტებს აგროვებდა.

უკრაინის ჟურნალისტების გაერთიანების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დაღუპულია 23 უკრაინელი და უცხოელი მედია პროფესიონალი. მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის (IMI) მონაცემებით, რუსეთმა  სულ მცირე 155 ომის დანაშაული ჩაიდინა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

IMI-ის მონაცემებით, ომის ერთი თვის განმავლობაში, სულ მცირე ათი სატელევიზიო ანძა გახდა რუსული სამხედრო ძალების სამიზნე, რამაც უკრაინის არაერთ რეგიონში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის სრული ან დროებითი გათიშვა გამოიწვია. 70-მდე მაუწყებელი კი იძულებელი გახდა საქმიანობა შეეწყვიტა.

უკრაინელი ოპერატორის, ევგენი საკუნის ცხედრის იდენტიფიცირება მისი პრეს ბარათით შეძლეს. 49 წლის ოპერატორი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც სატელევიზიო ანძის შენობას რაკეტა მოხვდა. საკუნისთან ერთად დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავდა მისი ხუთი კოლეგა.

ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, მანქანიდან იარაღი ესროლეს ყოველკვირეული უკრაინული გამოცემის ჟურნალისტ შაკილოვ დილერბეკ შუქუროვიჩს.

13 მარტს, ქალაქ ირპინში მოკლეს 40 წლის ამერიკელი ჟურნალისტი და არაერთი ჯილდოს მფლობელი კინორეჟისორი – ბრენტ რენო. მასთან ერთად დაიჭრა ორი ამერიკელი რეპორტიორი.

ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი 1-ლ აპრილს, კიევის მახლობლად იპოვეს. მისი კოლეგები ლევინს 19 დღის განმავლობაში ეძებდნენ. რაიონში, სადაც ჟურნალისტი მუშაობდა, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ლევინი რამდენიმე უკრაინულ და საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობდა, მისი დოკუმენტური პროექტების დიდი ნაწილი დონბასისა და უკრაინის ომის შესახებ იყო.

რუსულ სარაკეტო თავდასხმას შეეწირა ეროვნებით რუსი ჟურნალისტი, The Insider-ის რეპორტიორი კიევში, ოქსანა ბაულინა. ის დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსს იღებდა, როდესაც აფეთქებას ემსხვერპლა.

44 წლის ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი 4 მარტს მიკოლაევში მოკლეს. უკრაინული ყოველკვირეული გაზეთის კორესპონდენტი 2014-2015 წლებში, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, ომში მოხალისედ იბრძოდა. 2022 წელს რუსი სამხედროების წინააღმდეგ საბრძოლველად კი ისევ არმიაში დაბრუნდა.

ეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ჟურნალისტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. როგორც ამბობენ, რუსეთ-უკრაინის ომი ისტორიის ყველაზე დოკუმენტირებადი ომია. ჟურნალისტების მიერ გაწეული საქმე მნიშვნელოვანი დახმარება იქნება გამოძიებისთვის, რომელიც ომის დანაშაულებს შეისწავლის. ქვეყანა, რომელიც ყველაზე სასტიკი წესებით იბრძვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს ინდობს. ომის ამსახველი ემოციური და ხშირად შემაძრწუნებელი კადრების მიღმა კი დგანან ადამიანები, რომელთაც ყოველწამიერი საფრთხის მიუხედავად, ჩვენთვის ამბების თხრობა აქვთ გადაწყვეტილი.

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.