2017 წლის 15 თებერვალს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა (HRHT) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც სახელმწიფო მდივანი, მარი ბერგერ როსლანდი ხელმძღვანელობდა. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, HRHT-ის კოორდინატორმა, ნათია თავბერიძემ, დელეგაციის წევრებს სახლის კონცეფცია და ძირითადი აქტივობები გააცნო, რისი ძირითადი არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის უფლებათა სახლში მისულ ბენეფიციარებს, HRHT-ის 6 წევრი-ორგანიზაციის მხარდაჭერით,  უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში სხვადასხვა მომსახურება მიიღონ. შეხვედრაზე წევრი-ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თამარ ავალიანმა – ადამიანის უფლებათა ცენტრისაღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლეგაშვილმა – კონსტიტუციის 42-ე მუხლისაღმასრულებელმა დირექტორმა და ბაია პატარაიამ – კავშირი საფარის თავმჯდომარემ, ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად ტენდენციებზე ისაუბრეს. უფრო კონკრეტულად, შეხვედრაზე განხილულ იქნა უმცირესობათა მდგომარეობის, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე საქართველოში მცხოვრები  ადამიანის უფლებათა აზერბაიჯანელი დამცველებისა და აქტივისტების მდგომარეობის შესახებ საკითხები.

ამასთან, ხაზგასმულ იქნა HRHT-ის, როგორც სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა სახლების რეგიონული ცენტრის მნიშვნელობა და ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის საშუალებით, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან HRHT-ის მიერ თანამშრომლობის დამკვიდრებული კარგი პრაქტიკა. ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონმა ბარდ ივარ სვენდსენმა, დადებითად შეაფასა HRHT-ის ამგვარი საქმიანობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლება მადლობა გადაუხადეს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებისთვის, ასვე ადამიანის უფლებათა სახლის ფონდს, რომელთა აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სახლის  წარმატებული საქმიანობა.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი არის ერთ სივრცეში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობა. მისი წევრი-ორგანიზაციები არიან:

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი – კავკასია

კავშირი საფარი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მედიის ინსტიტუტი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)