საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 718 ათას 200 ადამიანია. მოსახლეობის დაახლოებით 6,5% ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მათი უმრავლესობა  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხოვრობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვიზიტის ფარგლებში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგის ჯგუფმა სხვადასხვა სოციალური პრობლემა გამოავლინა და ახლა მათ მოგვარებაზე მუშაობს.

საირიგაციო სისტემის გაუმართაობა, სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის, საბავშვო ბაღის, ამბულატორიებისა და აფთიაქების არარსებობა, – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციას მაცხოვრებლების მხრიდან ქართული ენის არცოდნა ართულებს. გარდა ამისა, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, რა ფორმით უნდა მოითხოვოს კონკრეტული პრობლემის მოგვარება. ამასთან, ხშირად მათ არ აქვთ ინფორმაცია, მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ტიპის დახმარებების თუ მომსახურების შესახებ.

გარდა მარნეულისა, ინფორმაციის ნაკლებობა ხშირად თბილისში მაცხოვრებელ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც აქვთ. ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის შედეგად, ჯგუფი შეხვდა 102 წლის ქალბატონს, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 წელს მიღწეულ ხანდაზმულებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისგან ყოველწლიურად 1000 ლარი ეკუთვნოდა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის დახმარებით ქალბატონი დარეგისტრირდა ფულადი დახმარების მიმღებად და მას გადაეცა 1000 ლარი.

მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა სოფელ საბირქენდის (მარნეული) №1 საჯარო სკოლაშიც, სადაც მოსწავლეები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იღებენ განათლებას. „სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერილობით მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტრომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და სკოლაში მიავლინა ექსპერტთა ჯგუფი, რომელთაც ადგილზე შეისწავლეს სკოლის ტექნიკური მდგომარეობა. განათლების სამინისტრომ გვაცნობა, რომ სკოლა საჭიროებს დემონტაჟს. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე 2018 წლის ბიუჯეტში გაიწერა საბირქენდის სკოლის პროექტირების საკითხიც“, – განაცხადა მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, გიორგი კაკუბავამ. სოფელ საბირქენდის პირველი საჯარო სკოლის პრობლემებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -იც დაინტერესდა.

ეტაპისთვის მონიტორინგის ჯგუფმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლები მოინახულა:კაჩაგანი, ყიზილაჯლო, საბირქენდი, ქვემო სარალი, ილმაზლო, ზემო ყულარი, თეკალი, ქაფანაჩხი,ამბაროვკა, ლეჟბადინი, თამარისი და ალგეთი. ისინი ასევე იმყოფებოდნენ ბოლნისისმუნიციპალიტეტის სოფელ ფარხალოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსა დაგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრ  ორგანიზაციებთან პარტნიორობით 2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდაჭერა“. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მზადდება ჟურნალისტური ნამუშევრები (პუბლიკაციები და სიუჟეტები) საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე. პროექტის ფარგლებში შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი კი გასვლითი ვიზიტების ფარგლებში ახდენს ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემების იდენტიფიცირებას, ადვოკატირებასა და ლობირებას.

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პროექტს წევრ ორგანიზაციებთან – ადამიანის უფლებათაცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი; “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”; “საფარი” და “მედიისინსტიტუტი” – პარტნიორობით ახორციელებს.