საქართველოში ყოველი შვიდი ქალიდან ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ამის შესახებ ნათქვამია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნულ კვლევაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოამზადეს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ  ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის 5875 შემთხვევა აღრიცხა. მოძალადე 5671 შემთხვევაში მამაკაცი იყო, ხოლო 954 შემთხვევაში – ქალი.

მარიამ თედლიაშვილი სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაციის – კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელია. ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრი 2010 წელს დააფუძნა. მარიამის საქმიანობის შედეგად დღეს კარალეთსა და მის მიმდებარე სოფლებში ქალებმა საკუთარი უფლებების შესახებ ბევრად მეტი იციან.

მარიამ თედლიაშვილიკარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელი:

დავიბადე 1981 წლის 26 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში. ქალთა უფლებადამცველი რომ ვიქნებოდი, ბავშვობიდან ვიცოდი, რადგან ქალის მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში შევეჯახე. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. ოთხი და მყავს. ჩემთვის უცნობი ადამიანები როცა იგებდნენ, რომ ოჯახში ხუთი გოგო ვიყავით, მეუბნებოდნენ – ალბათ, მშობლებს ბიჭი უნდოდათ და არ გამოუვიდათო. ამ ფრაზის მოსმენისას ყოველთვის ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. ფაქტობრივად, ღიად მეუბნებოდნენ, რომ ოჯახისთვის ბიჭი უფრო ღირებულია, ვიდრე გოგო. სწორედ ამ ფრაზის მეშვეობით დავფიქრდი პირველად ქალთა უფლებებზე და პატრიარქალური საზოგადოების ქალის მიმართ დამოკიდებულებაზე.

ბავშვობაში მინდოდა „აბესალომ და ეთერი“ გადამეღო. იცით, რატომ?

მინდოდა, ჩემს ფილმში მეჩვენებინა, რომ აბესალომი, რომელიც ამბობს: „ვის გინდათ ქალი ეთერი, მე ნადირობას მივალო“, – ღირსეული ადამიანი არ იყო. ეს არ იყო ჩემთვის სწორი ღირებულებების მქონე ადამიანის სიტყვები და მინდოდა, ჩემი დამოკიდებულება ჩემს ფილმში მეჩვენებინა.

ეს ოცნება ვერ ავიხდინე, რადგან შემდეგ იურისტობა გადავწყვიტე. ახლობლებმა და ნაცნობებმა პროფესიული არჩევანი დამიწუნეს. მეუბნებოდნენ, რომ იურისტობა გოგოს საქმე არ იყო. ქალის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება ვიგრძენი მაშინაც და ძალიან დიდი პროტესტი გამიჩნდა: როგორ შეიძლება რომელიმე პროფესია არ იყოს საქალო?

ნაცნობ-მეგობრების კრიტიკის მიუხედავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტში გენდერულ თანასწორობას ვსწავლობდით. მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც კი არ ჰქონდა ეს პროგრამა. ძალიან საინტერესო ლექციები გვქონდა ხოლმე, რომელიც ყოველთვის ცხარე დისკუსიების ფონზე ტარდებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 2 წლის განმავლობაში ადვოკატად ვმუშაობდი.

ჩემი საქმიანობა ყოველთვის ჩემს მხარეს და სოფელს უკავშირდებოდა. ყველაზე უკეთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გავაცნობიერე, რომ კარალეთის გარდა სხვაგან ვერსად ვიცხოვრებ. 9 აგვისტოს დავტოვე სოფელი. მახსოვს, ცა იყო გადაშავებული. გორს ცეცხლი ეკიდა. დედამ გვითხრა, რომ თვითონ სახლში რჩებოდა, რადგან ვერანაირი ძალა ვერ აიძულებდა საკუთარი სახლიდან დევნილი გამხდარიყო, ჩვენ კი დროებით  თბილისში, ნათესავებთან უნდა წავსულიყავით, რადგან სოფელში უკვე რუსი ჯარისკაცები დათარეშობდნენ. ვცადეთ დედისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ უშედეგოდ. დედა, ბებია და პაპა სახლში დარჩნენ. ეს ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. სექტემბრის დასაწყისში სოფელში დავბრუნდი. კარალეთის შესასვლელთან ჯერ კიდევ  რუსი სამხედროები პატრულირებდნენ. საშინელი შეგრძნებაა, როცა ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცი შენს პირადობას ამოწმებს იმისთვის, რომ საკუთარ სახლში შეგიშვას.

სულ სხვანაირი სოფელი დამხვდა. 40 სახლი იყო დამწვარი. 2 ადამიანი მოკლული, 2 უგზოუკვლოდ დაკარგული. გადატანილი სტრესი ყველას სახეზე ეტყობოდა. ხალხს ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. მაშინ გადავწყვიტე, რომ სოფლისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა.

ამისთვის ბიძგი მოგვცა ფონდმა „ტასომ“, რომელიც აქ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოვიდა. დაგვეხმარა ქალთა ფონდი საქართველოშიც.

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი 2010 წელს დავაფუძნეთ. ქალთა მიმართ ძალადობა გორში და კარალეთშიც ისევე აქტუალური იყო, როგორც დანარჩენ საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტეთ იურიდიული დახმარება გაგვეწია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და პარალელურად, მოსახლეობაში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზეც გვეზრუნა.

დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარალეთის თემში არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია, სადაც ქალთა უფლებებზე, ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებსა და ეროვნულ თუ საერთაშორისო კანონმდებლობაზე არ გვისაუბრია. არ არის თემა, რაზეც არ გვიმუშავია: ოჯახური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, სექსუალური შევიწროება…

თავიდან საქმის დაწყება ადვილი სულაც არ იყო. ცენტრი ახალი დაარსებული გვქონდა, როცა ერთმა საჯარო მოხელემ მკაცრი ტონით გვითხრა: მეტი არაფერი მინდა, ჩემმა ცოლმა თქვენთან მოსვლა გაბედოს, ან თქვენ გაბედოთ და დამარიგოთ ჭკუა, ოჯახში როგორ უნდა მოვიქცეო და… დედა გვაგინა.

პოლიციელებისთვის როცა პირველი ტრენინგი ჩავატარეთ ოჯახური ძალადობის თემაზე, მათ ვკითხე, რას ელოდნენ ტრენინგისგან. დამცინავი ღიმილით მიპასუხეს, რომ უბრალოდ, უნდოდათ, ენახათ ის ქალები, რომლებიც კაცებისთვის ჭკუის სწავლებას აპირებდნენ.

ასეთი სკეპტიციზმის და უარყოფითი განწყობის მიუხედავად, ჩვენი საქმიანობით ვაჩვენეთ ყველას, რომ ოჯახური ძალადობა დანაშაულია და მასთან შეგუება არ შეიძლება. რამდენიმე წლის წინ, ჩვენი ადვოკატირების შემდეგ, ერთ ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, სასამართლომ დამცავი ორდერი გამოუწერა. ეს მაშინ უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რადგან პოლიციას შემაკავებელი ორდერი არ ჰქონდა გამოცემული და კანონის აღსრულება საერთოდ არ ხდებოდა.

ყველაზე ძალიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობას განვიცდი. როგორც წესი, მათ არ აქვთ ახალი ცხოვრების დაწყებისთვის საჭირო უნარები და არც საზოგადოების და ოჯახის წევრების მხარდაჭერა.

გვყავდა 35 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა ცეცხლი წაუკიდა. ეს ქალი თავიდანვე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. ბავშვობაში მამა ავიწროებდა. მამის ძალადობისგან რომ ეხსნა თავი, 15 წლის ასაკში გათხოვდა. ახალ ოჯახში უარესი მდგომარეობა დახვდა. სამი შვილი შეეძინა: ორი გოგო და ერთი ბიჭი. იტანდა ყველანაირ ძალადობას. მამაც მუდმივად იმას ჩასჩიჩინებდა, რომ ოჯახის გულისთვის ყველაფერი უნდა აეტანა. ფაქტობრივად, გასაქცევი გზა არც ჰქონდა. ერთხელაც მოძალადე მეუღლემ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სხეულის თითქმის 70% დამწვარი ჰქონდა, მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა, მეუღლე პასუხისგებაში არ მიეცა. სასწრაფოს უთხრა, რომ ღუმელს ანთებდა და ცეცხლი შემთხვევით წაეკიდა. ეს ქალი თავშესაფარში გადავაგზავნეთ. ფსიქოლოგთანაც მივიყვანეთ. ამის შემდეგ წავიდა თბილისში. იქ ნათესავთან ცხოვრობდა. მუშაობაც  დაიწყო, მაგრამ შემდეგ ისევ მოძალადე ქმართან დაბრუნდა. მეუღლის შემდეგ 19 წლის ვაჟის მხრიდან გახდა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ეუბნებოდა, რომ მის გამო სოფელში გასვლის რცხვენოდა და აიძულა, რომ ისევ მოძალადე ქმართან დაბრუნებულიყო. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც ხშირად გვაქვს.

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის მუშაობის შედეგი ძალიან შესამჩნევია: თავიდან, როცა მუშაობა დავიწყეთ, ცენტრს ძალადობის მსხვერპლი ბევრი ქალი მომართავდა. ახლა დახმარების თხოვნით ნაკლებად მოგვმართავენ – პირდაპირ პოლიციაში მიდიან. ჩვენი მუშაობის შედეგიც ეს არის: მოსახლეობამ უკვე იცის, რომ ძალადობა დანაშაულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრით არ შემოიფარგლება. ვცდილობთ, თემი გამოვაცოცხლოთ, ვიპოვოთ აქტიური, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს. ამ შემთხვევაშიც აქცენტს ქალებზე ვაკეთებთ.

ფონდი „ტასოს“ მეშვეობით წავახალისეთ ქალთა ინიციატივები და ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებაში. 9 პროექტი დავაფინანსეთ საზოგადოებისთვის: გარეჯვარში კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ოთახი უნარშეზღუდული ბავშვებისთვის, მოეწყო საზოგადოებრივი სკვერი, კარალეთში შეიქმნა სივრცე შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის, გაკეთდა ბიბლიოთეკა.

ვცდილობთ, მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ თემის პრობლემა თითოეული მათგანის პრობლემაა. მინდა, მოსახლეობამ გააცნობიეროს სათემო ფილანთროპიის არსი. სათემო ფილანთროპია არის საერთო საქმის პირად საქმედ აღქმა, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ პირად საკუთრებაზე, არამედ საერთო ქონებაზე, ინტერესზე, გარემოზე და ადამიანებზე. ეს არის ნება, გაერთიანებული ძალებით შეცვალო ადგილობრივი გარემო, ხელი შეუწყო სოციალურ ცვლილებებს და იცხოვრო ღირსეულად. მინდა, ეს ყველას ავუხსნა, რადგან ამ ღირებულების გარეშე ვერასდროს ვიქნებით ღირსეული საზოგადოება.

ავტორი: მანანა ვარდიაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.