“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” იწვევს უფლებადამცველებს და აქტივისტებს აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონიდან უნარების გაძლიერების ტრენინგების სერიაში მონაწილეობის მისაღებად.

– თუ გაინტერესებს ადამიანის უფლებები,
– თუ გაქვს სურვილი აიმაღლო ხმა სხვისი უფლებების დასაცავად
– თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია უკეთესობისკენ შეცვალო ის გარემო, სადაც ცხოვრობ.

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

ვიწვევთ – აჭარაში და ქვემო ქართლში მცხოვრებ/მომუშავე აქტივისტებსა და უფლებადამცველებს და ასევე უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უნარების გაძლიერების ტრენინგთა ციკლზე.

პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის: ადვოკატირება/ლობირება, კამპანიების წარმოებასა და კომუნიკაციები, თუ ანტი-დისკრიმინაციული კანონის გამოყენება, ისე პრაქტიკულ ნაწილს, გადაწვის საწინააღმდეგო აქტივობებს, მცირე გრანტების განხორციელების შესაძლებლობებს.

პირველი ტრენინგის (18-19-20 სექტემბერს) თემატიკა იქნება ადვოკატირება, კამპანიის წარმოება უფლებადაცვით სფეროში.

პროგრამით დაგეგმილი შემდგომი აქტივობები კი 2021 წლის მაისამდე ეტაპობრივად განხორციელდება

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

უფლებადამცველებს და აქტივისტებს აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კი  უმცირესობებს.

პროგრამის ორგანიზატორები დაფარავენ რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების სასტუმროში განთავსების და მგზავრობის ხარჯებს.

პროგრამის ენა: ქართული

განაცხადის შემოტანა: დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ დოკუმენტები ელ-ფოსტაზე: [email protected] და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 10 სექტემბრის 23:59 საათისა (საქართველოს დრო).

წარსადგენი დოკუმენტაცია:

1)        ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV), ქართულად ან ინგლისურად (გთხოვთ, ელ-ფოსტის შესაბამის გრაფაში მიუთითოთ: „ტრენინგები უფლებადამცველებისთვის“)

2)        შევსებული აპლიკაცია ქართულად.

გაითვალისწინეთ, რომ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან მონაწილეები, რომლებიც 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში დაესწრებიან სხვადასხვა ტრენინგებს ან/და ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, შესაბამისად განმცხადებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს როგორც პირველ ტრენინგში,  ასევე მომავალში დაგეგმილ სხვა ტრენინგებსა და აქტივობებში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დოკუმენტების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: ჩვენი სურვილია უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით პირველი შეხვედრა ფიზიკურად ჩატარდეს, თუმცა გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, გაცემულ რეკომენდაციებს და შესაბამის შემთხვევაში, ტრენინგები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ამ შემთხვევაში ყველა მონაწილესთან ინდივიდუალური კომუნიკაცია მოხდება და მაქსიმალურად შევეცდებით რომ ყველამ შეუფერხებლად შეძლოს ონლაინ ტრენინგებზე დასწრება.

საკონტაქტო პირი:

ელენე ჯანელიძე

E-mail: [email protected]

Mob.: (+995) 599 68 71 1

პროექტის შესახებ:

„ადამიანის უფლებათა დამცველების და აქტივისტების გაძლიერება და მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში (აჭარა და ქვემო ქართლი)“

პროექტის მიზანია აღნიშნულ რეგიონებში უმცირესობების უფლებების უკეთესი დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები გულისხმობს ქვემო ქართლსა და აჭარაში მოქმედი უფლებადამცველების აღმოჩენას, გაძლიერებას და მხარდაჭერას. ერთწლიანი პროექტი მიზნად ისახავს უფლებადამცველებისა და აქტივისტების იდენტიფიცირებას და მათ დატრენინგებას როგორც ადვოკატირებასა და კამპანიების დაგეგმარებაში, ასევე ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის პრაქტიკულ გამოყენებაში.

დაფინანსებულია ევროპის ფონდის /დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მიერ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ:

თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას. თბილისის სახლი დაფუძნდა „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ მხარდაჭერით, 2010 წელს. „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი“ იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს. ამჟამად დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ საქმიანობას 11 ქვეყანაში მოქმედ 16 ადამიანის უფლებათა სახლში. თბილისის სახლი შედგება შემდეგი ხუთი წევრი ორგანიზაციისგან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „უფლებები საქართველო“ „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“. თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ  საგანმანათლებლო საქმიანობას.