თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეხმაურება “თბილისი პრაიდის” გუშინდელ განცხადებას და სრულად იზიარებს ორგანიზაციის მოთხოვნებს ხელისუფლებისადმი.

წელს, “თბილისი პრაიდი” საზოგადოების პოლარიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით უარს ამბობს პრაიდ კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარშის” ჩატარებაზე. საქართველოს ქვიარ თემი და მათი მხარდამჭერები უარს ამბობენ შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობაზე, რადგან აგრესიული, ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზაცია მათთვის კვლავ, ისევე როგორც შარშან, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

შარშან, 5 ივლისს, სახელმწიფომ ვერ შეძლო “ღირსების მარშის” ორგანიზატორების, თემის წევრების, აქტივისტების და ჟურნალისტების დაცვა. მოძალადე ჯგუფების წინასწარი ორგანიზების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა „ღირსების მარშის“ გამართვა, შემდგომ კი ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ამ ღონისძიების და თვითონაც ვალდებულად გრძნობდა თავს, ხალხის ნებას დამორჩილებოდა.

წლევანდელი პრაიდ კვირეული დახურული ღონისძიებებისგან შედგება. მიუხედავად ამისა, მოძალადე, პრო-რუსული ჯგუფები კვლავ ღიად აცხადებენ, რომ ხელს შეუშლიან ფესტივალის ორგანიზატორებს და ჩაშლიან მათ ღონისძიებებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გამოავლინოს პოლიტიკური ნება, დააკავოს როგორც შარშანდელი, ისევე წლევანდელი ძალადობის ორგანიზატორები და დაიცვას ფესტივალი. შემაშფოთებელია, რომ დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად მშვიდობიან ჯგუფებს უწევთ თავიანთი უფლებით სარგებლობაზე უარის თქმა, ხოლო მოძალადეები კვლავ ღია, აგრესიული ტექსტებით იმუქრებიან.

განსაკუთრებულ პრობლემას კვლავ წარმოადგენს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მადისკრედიტირებელი მოწოდებები “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების, აქტივისტების და მათი მხარდამჭერების მიმართ. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას აქტივისტები და უფლებადამცველები. ამ დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ამ ჯგუფების საჯარო მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაგმონ უფლებადამცველების და აქტივისტების მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაული და თავიანთი საჯარო მოწოდებებით ხელი შეუწყონ უფლებადაცვით საქმიანობას და განსაკუთრებით კი, უმცირესობების უფლებების დაცვას.