განახლება (17.03.2022)

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მარნეულში კიდევ ერთ აქტივისტს დაემუქრნენ. 14 მარტს სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ მარნეულში პრორუსული, ძალადობრივი “ალტ-ინფოს” დაფუძნებული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნა გააპროტესტა და მათი ოფისის ფასადზე უკრაინის და ევროკავშირის დროშები დაახატა.

სამირა ბაირამოვას მიერ განხორციელებულ სამოქალაქო პროტესტს კი “ალტ ინფოს” აგრესიულად განწყობილი წევრების მუქარა მოჰყვა. – სამირამ პირად შეტყობინებებში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ტექსტები მიიღო, 16 მარტს კი “კონსერვატიული მოძრაობის” წევრებმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც მუქარით და ჰომოფობიური ტექსტით ღიად დაემუქრნენ სამირა ბაირამოვას. ვიდეოში პარტიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი პარტიული სიმბოლიკის გადაღებვას რელიგიური სიმბოლოს შეურაცხყოფად აღიქვავენ და ეთნიკურ აზერბაიჯანლებს მოუწოდეს, სამირა ბაირამოვას “გაჩუმება” და მათ წარმოდგენით “რელიგიური დაპირისპირების” თავიდან აცილება.

მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაიცვას არსებული აშკარა საფრთხისგან სამირა ბაირამოვა და სხვა სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში და ასევე, სათანადო რეაგირება მოახდინოს საქართველოში მოქმედი აგრესიული ჯგუფების ღიად აგრესიულ, მუქარის შემცველ ტექსტებზე, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ამ ჯგუფის წევრები.

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას უფლებადამცველების, მათ შორის – უმცირესობათა უფლებადამცველებისა და ქალი აქტივისტების ლეგიტიმური საქმიანობა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მყისიერად და ეფექტიანად გამოიკვლიოს აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული მუქარის და შეურაცხყოფის კონკრეტული ფაქტები.

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებულნი ვართ უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული შევიწროებისა და თავდასხმის ფაქტებით. ჩვენ მომსწრე ვართ აქტივისტების, განსაკუთრებით კი – ქალი უფლებადამცველების და უმცირესობათა უფლებადამცველების  წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული კამპანიებისა.

ამის მაგალითია პრორუსული, აგრესიული „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები. შპს „ალტ-ინფომ“, რომელიც სიძულვილის ენით და ჰომოფიური განცხადებებით გამოირჩევა, 2021 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.  აღნიშნული პარტიის ლიდერებს არაერთხელ აქვთ ღიად განცხადებული, რომ თავს რუსეთს მოკავშირედ მოიაზრებენ და სურთ საქართველოს ინტეგრირება მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში. ბოლო კვირაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის და უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის გამოვლინების ფონზე პარტიას ღია პრორუსული კურსის გამო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საოფისე ფართის ქირაობაზე უარი უთხრეს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია 11 მარტს „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას მიერ გაკეთებული ღია მუქარის შემცველი განცხადებები. ის დაემუქრა ხულოში საოფისე ფართის მესაკუთრეს, დათო სოლომონიძეს, ხულოელ აქტივისტებს და ადამიანებს, რომლებმაც ხულოში პარტიისთვის ოფისის მიქირავება გააპროტესტეს, მათ შორის ორგანიზაცია „სოლიდარობის თემის“ წევრებს.

სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს ასევე ფეისბუკ–პლატფორმა „Pəncərə/ფანჯარას“ ბლოგერებისა და მხარდამჭერების დევნას, მათზე ორგანიზებული ზეწოლას და შევიწროვებას რადიკალური ჯგუფების, საჯარო მოხელეების თუ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან. ამგვარი ზეწოლის ფაქტები ხელს უშლის უფლებადამცველების საქმიანობას და აშკარად მიუთითებს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ მზარდ და საშიშ ტენდენციაზე.

„Pəncərə/ფანჯარა“ – ქალთა ფემინისტური ორგანიზაცია „საფარის“ მიერდაარსებული ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმაა. მისი მიზანია ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებაში. პლატფორმის საშუალებით, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები განიხილავენ და აშუქებენ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: ქალთა გაძლიერების, აქტივიზმის, ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს მყისიერი რეაგირება ამ საშიში ტენდენციის შესაფერხებლად. ამასთანავე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მყისიერად და ეფექტიანად გამოიკვლიოს ხულოელი აქტივისტების და უფლებადამცველების, „ფანჯარას“ ბლოგერების წინააღმდეგ მიმართული მუქარის და შეურაცხყოფის კონკრეტული ფაქტები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველები, განსაკუთრებით კი – ლგბტიქ+, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომშავე პირები აწყდებიან მზარდ თავდასხმებს, მათ შორის – მედიასა და ინტერნეტში წარმოებულ თავდასხმებს. ორგანიზაცია „ალტ ინფო“ 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური, აგრესიული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. აქციის განცხადებულ მიზანს წარმოადგენდა მშვიდობიანი „ღირსების მარშისთვის“ ხელის შეშლა, რაც შემდეგ შეკრებილმა ჯგუფმა უფლებადამცველებზე და ჟურნალისტებზე უპრეცედენტო ძალადობის შედეგად გააკეთა.

ადამიანის უფლებათა სახლების ქსელმა 2021 წლის თებერვალშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინა საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველების მიმართ არსებულ მტრულ გარემოზე, მათ შორის „ალტ ინფოს“ მიერ შექმნილ ტელევიზიაში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამების შესახებ.

გარდა ამისა, ეს არც კონკრეტულად „ფანჯარას“ წინააღმდეგ წარმოებული ზეწოლის პირველი შემთხვევაა. „ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული სივრცეები ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები რადიკალურად განწყობილი პირებისა თუ ჯგუფებისაგან“[1].  ქალი უფლებადამცველების წინაშე არსებულ დაბრკოლებებზე საქართველოში ჩატარებული არაერთი ანგარიში მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ხშირად „ქალი უფლებადამცველები არიან ორმაგი სტიგმის მსხვერპლნი… მათი საჯარო კრიტიკა გენდერული ჩაგვრის ნიშანს ატარებს. ქალ უფლებადამცველებს ხშირად არა მათი საქმიანობის, არამედ მათი გარეგნობის, პირადი ცხოვრების, სექსუალობის ან ჩაცმულობის გამო აკრიტიკებენ“[2]. ქალი უფლებადამცველების წინაშე არსებული მომეტებული საფრთხე სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის – 2013 წლის 18 დეკემბრის გაეროს რეზოლუციით არის განმარტებული[3], რაც სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ისეთი მექანიზმები, როგორიც ხელს შეუწყობს ქალ უფლებადამცველებს, განახორციელონ საქმიანობა ზეწოლისგან თავისუფალ და მშვიდ გარემოში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში უფლებადამცველების და აქტივისტების თავისუფალი საქმიანობა, დაიცვას და მხარი დაუჭიროს მათ. უფლებადამცველების დაცვის ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს აკისრია. საქართველო, ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ვალდებულია, დაიცვას უფლებადამცველები[4].

სხვადასხვა აქტორების, განსაკუთრებით კი – რადიკალური ჯგუფების მხრიდან უფლებადამცველების და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის, თავდასხმის ორგანიზებული კამპანიები, და ზოგადად ამგვარი ტენდენციის ზრდა ძალიან შემაშფოთებელია. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას უფლებადამცველების, მათ შორის – უმცირესობათა უფლებადამცველებისა და ქალი აქტივისტების ლეგიტიმური საქმიანობა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • დაუყოვნებლივ გამოიძიონ „ალტ ინფოს“ წევრების მიერ ხულოელი აქტივისტების წინააღმდეგ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები
  • დაუყოვნებლივ გამოიძიონ „ფანჯარას“ ბლოგერების, აქტივისტების და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ მიმართული მუქარის, დევნის და ზეწოლის შემთხვევები;
  • დასრულდეს იმ პირთა თუ ორგანიზაციათა დაუსჯელობა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველებს თავს ესხმიან, ემუქრებიან ან მათ წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი – უმცირესობათა უფლებების დამცველთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ახალისებენ;
  • საჯაროდ დაგმონ ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები და მხარი დაუჭირონ უფლებადამცვეელბის საქმიანობას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისთვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით:

 ადამიანის უფლებათა ცენტრი

 უფლებები საქართველო

 მედიის ინსტიტუტი

 საფარი

 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

[1] საფარის განცხადება

[2] იხ. თემატური ანგარიში „უფლებადამცველთა მდგომარეობა საქართველოში – დაბრკოლებები და გამოწვევები“, გვ. 14, 2020 წელი.

[3] გაეროს რეზოლუცია ქალ უფლებადამცველთა შესახებ, მიღებული გაეროს გენერალური ასამბლიის მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს, რეზოლუციით A/RES/68/181

[4] 2013 წლის აპრილის ადამიანის, უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, (UN Doc: A/ HRC/RES/22/6); 2015 წლის დეკემბრის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია (UN Doc: A/ RES/70/161).