ქართველი აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თამარ მეარაყიშვილი, 16 აგვისტოს ახალგორში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა დააკავეს და ცილისწამების ბრალდება წაუყენეს. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ახალგორის რაიონი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას „პრობლემური“ ადამიანის განეიტრალება სურს. ამიტომაც სხვადასხვა მოტივით მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრის დანიშნულება ემსახურება შეშინებასა და იძულებას დატოვონ ახალგორი“ – აცხადებს ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი. აქტივისტი ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ პრობლემებზე ღიად საუბარს არ ერიდება, რის გამოც საოკუპაციო რეჟიმმა ის რამდენჯერმე დააკავა.

2017 წლის 16 აგვისტოს, თამარ მეარაყიშვილი საკუთარ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურის გამომძიებელმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერა და პროკურატურაში გადაიყვანა. პარალელურად დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლები მეარაყიშვილის სახლს ჩხრეკდნენ. როგორც თამარის ოჯახის წევრებს განუცხადეს, „ექსტრემისტულ ლიტერატურას“ ეძებდნენ. ბინის ჩხრეკის დროს, სამართალმდაცავებმა კომპიუტერული ტექნიკა, საბუთები და თამარის პირადი ტელეფონი წაიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს მეარაყიშვილის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. თამარი ზემოხსენებულ დაკავებამდე დაკითხვებზე 6-ჯერ დაიბარეს. როგორც მეარაყიშვილი ყვება, დაკითხვის დროს გამომძიებლები მას სიტყვიერ შეურაცყოფასაც აყენებდნენ.

მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ  ახალგორელი აქტივისტი ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურიდან გაათავისუფლეს. მას ბრალად დასდეს ცილისწამება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტია“-ს მიმართ. საქმე შეეხება რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზაზე” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც თამარ მეარაყიშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეების უკანონოდ გათავისუფლების, ასევე მმართველი პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ადგილობრივი საავადმყოფოების ექიმების შევიწროებაზე საუბრობს, რომლებსაც ასევე ექიმის დანიშნულების გარეშე სთხოვენ უფასო სამედიცინო დახმარებას.

ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, 8 ივნისს, თამარ მეარაყიშვილი დაკითხვისა თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის იმავე დღეს კვლავ ახალგორში, საკუთარ სახლში, დააბრუნეს.

თბილისში ფაქტს სამოქალაქო აქტივისტის დევნად და ოკუპირებული რაიონიდან გამოძევების მცდელობად აფასებენ. თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სახალხო დამცველი აფასებს, როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. „ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება, სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლამ რეგულარული ხასიათი მიიღო. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად.“

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს წევრი ორგანიზაციები, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის საქმეს ეხმიანებიან და განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ „სხვადასხვა დროს თ. მეარაყიშვილის დაკავებისა და განგრძობადი შევიწროების ფაქტები, პოლიტიკური და განსხვავებული შეხედულების, ასევე ეთნიკური კუთვნილების გამო სავარაუდო დევნის ნიშნებს ატარებს. აქტივისტის მიმართ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკა,  მისი დაშინების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა  და ახალგორის ტერიტორიის დატოვების ინტერესს უნდა უკავშირდებოდეს. ცხადია, შევიწროების ამ მცდლობებს „გამყინავი ეფექტი“ აქვს რეგიონში მცხოვრები სხვა აქტივისტების, ჟურნალისტებისა, თუ ეთნიკურად ქართველი ადამიანების მიმართ.

თ. მეარაყიშვილის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არსებითია საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დროული და ეფექტიანი ინტერვენცია მის საქმეში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის, მოლაპარაკებების ფორმატები, საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსი თ. მეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის  უზრუნველყოფის მიზნით.“

„ადამიანის უფლებათა სახლის“ გაგმგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლეგაშვილმა მომხდარი ფაქტი რუსული მხარის მიერ მართულ პოლიტიკად შეაფასა: „საკუთარი მოსაზრებების ხმამაღლა გამომხატველი ადამიანებისთვის ცხოვრება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ძალიან რთულია და თამარ მეარაყიშვილიც სწორედ ამის გამო ისჯება. 2008 წლის სამხედრო ოკუპაციის შემდეგ ახალგორი რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მოექცა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ძირითადი პასუხიმგებლობა სწორედ ამ სახელმწიფოს ეკისრება. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფოს მაინც აკისრია პოზიტიური ვალდებულება მის იურისდიქციაში ადამიანის უფლებების დაცვის. ქართულმა მხარემ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამიყენოს, ჩართოს ყველანაირი დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში სამართლებრივი საშუალებები,  რათა დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებები და თავისუფლებება.“

ახალგორელი აქტივისტის დაკავების ფაქტი, რა თქმა უნდა, არ დარჩენილა საერთაშორისო შეფასებების გარეშე. „სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების“ მიერ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, დაკავება და მისთვის ცილისწამების ბრალდების წაყენება წარმოადგენს „გამოხატვის თავისუფლების უხეშ შელახვას.“- ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის 21 აგვისტოს გავრცელებულ ანგარიშში.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი-ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ქართველი აქტივისტის დევნისა და შევიწროვების გამო, რაც მის აქტივიზმსა და ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა ის სამართლებრივი თუ დიპლომატიური მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს თამარ მეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას და მათი უფლებების დაცვას.