განახლება (05/02/2023): თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ მათ 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქტივისტები ნატა ფერაძე, გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა.

2024 წლის 2 თებერვალს სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს ადმინისტრაციული სასჯელი, 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული სასჯელი მას 9 იანვარს განხორციელებული საპროტესტო პერფორმანსის, კერძოდ, საბჭოთა დიქტატორის – სტალინის გამოსახულებაზე საღებავის შესხმის გამო, შეეფარდა.  პროტესტის ამსახველი კადრები აქტივისტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში. შესაბამისად, მსგავსი პროტესტის ფორმაზე მსჯელობა, მხოლოდ საჯარო დისკუსიის საგანი ან სამოქალაქო საზოგადოების წრეების განსახილველი შეიძლება იყოს. დაუშვებელია მსგავსი ქმედებისთვის ისეთი არაპროპორციული ზომის გამოყენება, როგორიც პატიმრობაა.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი (166 (2)), რომლითაც მოხდა ნატა ფერაძის დაკავება, ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. დაუსაბუთებელია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება მსგავსი სასჯელის ზომის გამოყენება. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში აქტივისტის ქმედების შინაარსი, ის, რომ ქმედება არ  იყო ძალადობრივი და არ შეუფერხებია სხვა ადამიანებისთვის უფლებებით სარგებლობა.

სამწუხაროდ, უკვე ტენდენციად ქცეული პროცესია, რომ საქართველოს ხელისუფლება არაპროპორციულ ზომას იყენებს აქტივისტების და  უფლებადამცველების წინააღმდეგ. ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების დასახშობად აქტიურად მიმართავს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკას.

არაპროპორციული სასჯელი იქნა გამოყენებული – აქტივისტების  – აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წინააღმდეგ.  2024 წლის 23 იანვარს, თბილისში აღსრულების წესით ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას, ადგილზე შეკრებილი იყვნენ აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები, რითაც აპროტესტებდნენ ოჯახის გამოსახლების ძალადობრივ და უსამართლო ფორმებს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა და მათგან ორის – აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ორივე აქტივისტის წინააღმდეგ სასამართლომ ჯერ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობის ზომა გამოიყენა, ხოლო 2 თებერვალს  სააპელაციო სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა.

საქართველოს ნაკისრი აქვს არაერთი საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში. ევროპული კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს, გამოხატვის სხვადასხვა ფორმის შეფასებისას, შესაბამის შემთხვევაში, სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილებამდე, დაიცვას პროპორციულობის პრინციპი, გაითვალისწინოს გამოხატვის კონკრეტული ქმედების შინაარსი და მისი მიზანი – განსაკუთრებით, თუ ის ადამიანის უფლებების, დემოკრატიულობის დაცვასა და სამართლიანობის აღდგენას ეხმიანება.   

სხვადასხვა პერფორმანსებისა და კრიტიკული აზრის, პროტესტის გამოხატვისას, ადამიანის ევროპულ სასამართლოს არაერთხელ შეუფასებია, რომ სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას უნდა დაასაბუთოს, რამდენად შესაბამისი და პროპორციულია ის (იხ.: case of Tatar and Faber v. Hungary, case of Murat Vural v. Turkey). მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი პროტესტის გამო სისხლისსამართლებრივ დევნას და პატიმრობის შეფარდებას, მსუსხავი ეფექტი ექნება და დემოკრატიული საზოგადოებისთვის გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევად აღიქმება (იხ.: case of Marina Alekhina and others v. Russia ).

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • მედიის ინსტიტუტი