2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში, რუსეთის თავდასხმების შედეგად, დაზიანდა ,,ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი  (EHRHC)’’. ჩერნიგოვის რეგიონში განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიჭრნენ და დაიღუპნენ ადამიანები, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ყველაფრის შემდეგ და მიმდინარე აგრესიიის ფონზე, სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორებთან პარტნიორობით, EHRHC დაუღალავად მუშაობს შენობის  აღსადგენად და ადგილობრივი საზოგადოების მხარდასაჭერად.

სიძლიერის და სიყვარულის ადგილი – ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ

როდესაც პირველად ომისგან დაზიანებული სახლის ფოტოები ვნახე, ვიტირე. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამ ადგილს განსაკუთრებულს არა კედლები, არამედ ადამიანები ხდიდნენ. – ლუდმილა იანკინა, “ზმინა”

ჩერნიგოვის სახლს ორგანიზაციის წევრები და 9 წლის მანძილზე მათ პროექტებთან დაკავშირებული  ადამიანები სიყვარულით “Dim” (უკრაინულად “სახლი”) ეძახდნენ.

სრულმასშტაბიანი ომის დროს Dim-მა და მისმა თავდადებულმა გუნდმა შეძლო საქმიანობის გაგრძელება და ადაპტირება მუდმივად სახიფათო და არასტაბილურ გარემოსთან. 

ლუდმილა იანკინასთვის ,,EHRHC არის სიძლიერისა და სიყვარულის ადგილი, შეხვედრის ცენტრი ასობით შესანიშნავი ადამიანისათვის. ეს ასე იყო ომამდე, ასეა  ომის დროს და ასე გაგრძელდება ომის შემდეგაც“. 

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას იწყებს

2022 წლის 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის “ გამოცხადებიდან მალევე, უკრაინელებს აფეთქებების ხმები და საშინელი ახალი ამბავი – რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ახალი რეალობა აღვიძებთ.

ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი  სოფელ კოლიჩივკაში მდებარეობს, რომელსაც ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან 56კმ და 98კმ აშორებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან, ქვეყანაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები სწორედ ჩერნიგოვის რეგიონში მიმდინარეობდა. ჩერნიგოვი საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების მსხვერპლი გახდა, როდესაც რუსული ჯარები და სამხედრო ტექნიკა კიევისკენ მიიწევდა. 

2022 წლის 7 მარტს რუსული კასეტური ჭურვი დაეშვა ადამიანის უფლებათა სახლის სიახლოვეს, რამაც დააზიანა ღობე, გალავანი, შენობის კედლები, ასევე ააფეთქა ფანჯრები. თავდასხმის მომენტში, შენობაში 12 ადამიანი ცხოვრობდა – უფლებადამცველები ბელარუსიდან, რომლებიც სამშობლოში დევნის შემდეგ უკრაინას აფარებდნენ თავს.

ერთ-ერთმა ბელარუსმა აქტივისტმა აღწერა ჭურვების დაცემის მომენტი: „ვიმალებოდით სარდაფში, გვესმოდა ფანჯრების რხევა. ერთი ჭურვი ძალიან ახლოს ჩამოვარდა და სერიოზული ზიანი მიაყენა შენობას, მაგრამ, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“.

,,თავს ძალიან იღბლიანად მივიჩნევთ. ჭურვები მეზობელ სახლებს როცა მოხვდა, სახლები დაიწვა. გვეშინოდა, რომ ცეცხლი სახურავს მოედებოდა. სარდაფი გადაგვარჩენდა, მაგრამ შენობიდან თავი უნდა დაგვეღწია. რა შეგვეძლო? ღამით, სოფელში და მიმდებარე ტყეში, ჭურვები ვარდებოდა. 9 მარტს მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა ჩერნიგოვი“ – იხსენებს ბელარუსი აქტივისტი.

ჩერნიგოვის სახლმა თავიდანვე სწრაფი მოქმედება დაიწყო.  შეძლო რუსეთის სამხედრო აგრესიის მიერ გამოწვეულ უპრეცედენტო სირთულეებთან გამკლავება, ეხმარებოდა დევნილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გადაადგილებაში, ახდენდა ომის სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირებას და ეხმარებოდა ადგილობრივ საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების მიღებაში. პარალელურად, მუშაობდა რუსული ძალების მიერ მიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე.

 ომის სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირება

მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მთელ ქვეყანაში დაიწყო, ომის დანაშაულების შესახებ ცნობები საგანგაშო ტემპით იზრდებოდა. ბევრმა უკრაინულმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გადაანაწილა რესურსები, რადგან აშკარა იყო უკრაინის ტერიტორიაზე  ომის სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირების მზარდი საჭიროება და პასუხისმგებელ პირთა გასამართლება. EHRHC-მა ასევე შეცვალა თავისი სტრატეგიული სამუშაო ფოკუსი და მოიცვა ომის სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირებაც, როგორც ახალი პრიორიტეტი. 

თებერვლიდან მარტამდე, EHRHC შეუერთდა რამდენიმე ახალ საერთაშორისო ინიციატივას, მათ შორის უკრაინის 5AM კოალიციას და გლობალურ „ტრიბუნალი პუტინს“ ინიციატივას. 2022 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, EHRHC-მა თავის დამფუძნებელ არასამთავრობო ორგანიზაციას „MART“-თან ერთად აღრიცხა 2200+ შემთხვევა, რომლებიც მიუთითებს ომის დანაშაულებებზე მხოლოდ ჩერნიგოვის რეგიონში. EHRHC ასევე მუშაობდა დოკუმენტირებული ვიდეო და აუდიო მასალების წარდგენაზე Docudays UA “Ukraine War Archive” მონაცემთა ბაზაში.

,,სკოლები იარაღის საფრთხის ქვეშ“-ის მომდევნო ანგარიშში, რომელიც მალე გასაჯაროვდება. EHRHC ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რასაც აწყდებიან ბავშვები ჩერნიგოვის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივ ან სრული დაზიანების გამო. ომის პარალელურად, EHRHC რეგულარულად აქვეყნებდა განცხადებებს და ანგარიშებს, რომლებიც დაკავშირებულია ომის სავარაუდო  დანაშაულების დოკუმენტაციასთან. 

სასწრაფო დახმარების ჰაბი ლვოვში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად

,,ჩვენ არ გვჯეროდა, რომ შეიძლებოდა მსგავსი მოვლენები დაწყებულიყო 2022 წლის თებერვალში, მაგრამ ვიცოდით, რომ თუ რეგიონი ოკუპირებული გახდებოდა, პირველი სამიზნე ჩვენ ვიქნებოდით. ამიტომ, გუნდის დიდმა ნაწილმა შეძლებისდაგვარად დატოვა ტერიტორია და უსაფრთხო ადგილის პოვნიდან მალევე გავაგრძელეთ საქმიანობა. წესად გვქონდა ყოველდღიური ზარები ერთმანეთთან, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველა უსაფრთხოდ იყო. ვცდილობდით, მხარი დაგვეჭირა ერთმანეთისთვის.“ – სერგეი ბუროვი, EHRHC-ის დირექტორი.

მარტში, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მასობრივი გადაადგილების შემდეგ, ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა სახლმა  დააარსა სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი ლვოვში, დასავლეთ უკრაინაში. მას შემდეგ, ჰაბი ითავსებს როგორც თავშესაფრის, ისე საერთო სამუშაო სივრცის ფუნქციას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს და მოხალისეებს აქ შეუძლიათ სწავლა, მუშაობა, ღონისძიებების ორგანიზება, თანამშრომლობის ჯგუფების შეკრება და დროებითი საცხოვრებლის პოვნაც კი.

EHRHC-მა ასევე სწრაფად მოახდინა  დაცვის პროგრამის ადაპტაცია, რათა უკეთ დახმარებოდა ომისგან დაზარალებულ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მათ ოჯახებს. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, EHRHC-მ გადაუდებელი დახმარება გაუწია 540+ ადამიანს. დახმარება მოიცავდა საინფორმაციო კონსულტაციებს, ფინანსურ დახმარებას, ფსიქოლოგიურ და  ჯანმრთელობის სხვა მხარდაჭერის, დროებითი განსახლებას და/ან იურიდიულ დახმარებას. დახმარება მიიღო 132-მა სამოქალაქო აქტივისტმა, 50-მა ჟურნალისტმა,  33-მა უფლებადამცველმა და მათი ოჯახის 329-მა წევრმა. ამ მხარდაჭერით, ბენეფიციარების 90%-ზე მეტმა შეძლო გაეგრძელებინა პროფესიული ან/და სამოქალაქო საქმიანობა.

დაზიანებული ,,სახლის“ აღდგენა და საზოგადოების მხარდაჭერა

დაზიანებული შენობისა და მაღალი პერსონალური რისკის მიუხედავად, ჩერნიგოვის სახლს და მის წევრ ორგანიზაციებს ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა ადგილობრივების დასახმარებლად. 

ჩერნიგოვის საგანმანათლებლო ადამიანის უფლებათა სახლის შენობაში სარემონტო სამუშაოები 2022 წლის აპრილში, რეგიონის დეოკუპაციისთანავე დაიწყო. სარემონტო სამუშაოები შესაძლებელი გახდა პარტნიორების, დონორებისა და კერძო შემოწირულობების მხარდაჭერით, მათ შორის: Community Organized Relief Effort, Helsinki Foundation for Human Rights, Human Rights House Foundation, International Renaissance Foundation, Libereco – Partnership for Human Rights, Mondo, National. ფონდი დემოკრატიისთვის, პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისთვის სლოვაკეთი, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი, Vostok-SOS. EHRHC სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2023 წლის ზაფხულისთვის ელის.  

სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, სახლი აგრძელებდა საზოგადოებისთვის საქმიანობას რამდენიმე ინიციატივით, რომლებიც მიზნად ისახავდა ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, სამედიცინო დახმარებასა და მოხალისეების ხელმძღვანელობით სარემონტო სამუშაოებს.

სახლი გახდა ჰუმანიტარული დახმარების კერა სოფელ კოლიჩივკის და ჩერნიგოვის ფართო რეგიონის ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ეს დახმარება უზრუნველყო EHRHC-ის დამფუძნებელმა წევრმა, Vostok SOS-მა. მაისიდან, EHRHC-ის გუნდის წევრებმა დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება  ომის სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირების  მისიებისთვის.. დახმარება მოიცავს სამშენებლო მასალებს რესტავრაციის საჭიროების მქონე სახლების შესაკეთებლად, საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს და სხვა აუცილებელ ნივთებს ოჯახებისთვის და სკოლებისთვის ჩერნიგოვის რეგიონში.

EHRHC-მა შეძლო შეეფასებინა საზოგადოების ჰუმანიტარული საჭიროებები სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, მისიების დროს უშუალო კონტაქტით.

,,სახლი იყო ადგილი, სადაც კოლიჩივკას სოფლის მაცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეეძლოთ“- ამბობს სერგეი ბუროვი. 

სახლი ასევე იქცა სოფლის პარამედიკოსთა და ბებიაქალთა გაერთიანების  ადგილად, ადგილად, სადაც ადგილობრივ ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლოთ უფასო ფსიქოლოგიური დახმარების მიღება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის მიერ. ივლისში, EHRHC-ის შენობაში დამონტაჟდა მობილური სამედიცინო კლინიკა, Heart to Heart International-ის ინიციატივით. კლინიკამ ადგილობრივ მოსახლეობას გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. ამ სამედიცინო ცენტრებმა  შესაძლებლობა მისცა ჯანდაცვის მუშაკებს დახმარება გაეწიათ 3000-ზე მეტი მაცხოვრებლისთვის.

2022 წლის ივნისიდან ნოემბრამდე EHRHC-მა უმასპინძლა  „Dobrobat“-ის 400-მდე მოხალისეს მთელი უკრაინიდან. Dobrobat არის მოხალისეობრივი ინიციატივა, რომელიც მონაწილეობს უკრაინის აღდგენაში . ორგანიზაციის  მოხალისეები მუშაობდნენ დაზიანებული სახლების შეკეთებაზე სოფელ კოლიჩივკაში და მეზობელ სოფლებ იაჰიდნე და ივანივკაში. მათ ერთად 150-მდე საცხოვრებელ სახლს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარეს, გაწმინდეს ნანგრევები, მოაწესრიგეს სახურავები და დაამონტაჟეს ახალი ფანჯრები.  

საგანმანათლებლო სახლში საგანმანათლებლო ღონისძიებები დაბრუნდა

დაარსებიდან (2014 წლიდან) ჩერნიგოვის  ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლმა უმასპინძლა ასობით ტრენინგსა და საგანმანათლებლო ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტივობები კოლიჩივკაში რუსების შეჭრის პირველ თვეებში შეჩერებული იყო, წლის ბოლოს სახლში კვლავ დაბრუნდა ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო აქტივობები – ომთან დაკავშირებულ  თემებზე. 

ნოემბერში EHRHC-მა უმასპინძლა „ტრენინგს ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის, რომლებიც მუშაობენ ომის მსხვერპლებთან“. ეს ტრენინგი იყო EHRHC-ის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამის პირველი ნაწილი უკრაინელი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის, რომლებმაც განიცადეს ფსიქოლოგიური ზიანი რუსული აგრესიის შედეგად.

მალევე, EHRHC-მა უმასპინძლა ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ფორუმს „გამარჯვების მოახლოება“. ფორუმი, ერთკვირიანი ღონისძიება, EHRHC-ის ყოველწლიური საგანმანათლებლო ღონისძიების მე-6 ნაწილია, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საგანმანათლებლო ადამიანის უფლებათა ფესტივალი.

ამ ღონისძიებების მონაწილეებმა შეისწავლეს  ომის სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირების მეთოდოლოგია, სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმები, რათა იმუშაონ სამართალდამცავებთან ერთად ომის დანაშაულების დოკუმენტაციისთვის, ასევე ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. 

2022 წლის დასკვნით საგანმანათლებლო ღონისძიებას უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტის საგანმანათლებლო კურსების კურსდამთავრებულებისთვის  წარმოადგენდა. ადვოკატები, მოსამართლეები და პროკურორები შეიკრიბნენ EHRHC-ში, რათა განეხილათ „უკრაინაში პოსტკონფლიქტური რეალობა: ომიდან მშვიდობამდე“ და შეემუშავებინათ პრაქტიკული რეკომენდაციები გარდამავალი მართლმსაჯულების პრინციპების განხორციელებისთვის. მონაწილეებმა შეიმუშავეს გადაწყვეტილებები შემდეგ გამოწვევებზე:

  • ომის დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის გარდაუვალობა;
  • შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვა: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და კომპენსაცია;
  • ამნისტიის გამოყენება და შერიგება;
  • ადამიანის უფლებათა განათლების როლი პოსტკონფლიქტურ რეალობაში

ბრძოლა თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის

,,პირველი ემოცია სრულმასშტაბიან ომზე იყო ის, რომ ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, განადგურდა. რომ ყველა ჩვენი მცდელობა ფუჭი იყო. თუმცა, მოგვიანებით მივხვდით, რომ არაფერი შეცვლილა – ჩვენ კვლავ ვიბრძვით იგივე ღირებულებებისთვის – თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის, მაგრამ განსხვავებულ და უფრო რთულ ვითარებაში – ვითარებაში, როდესაც ჩვენი ღირებულებები კიდევ უფრო კრიტიკულია.“ – ამბობს სერგეი. 

სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ წლისთავთან ერთად, უკრაინა აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას  რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის. ხალხი კი მუშაობს ომის  ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის გამოსასწორებლად. ჩერნიგოვის საგანმანათლებლო ადამიანის უფლებათა სახლი იმედოვნებს, რომ სრულად განაახლებს საქმიანობას გარემონტებული შენობით 2023 წლის ზაფხულში, მისი გუნდი კი დარჩება ერთგული ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში. 

ჩერნიგოვის საგანმანათლებლო ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ

2014 წელს დაარსებული ჩერნიგოვის სახლი აერთიანებს უფლებადამცველებს, ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განათლება ეფექტური გზაა ადამიანის უფლებების დაცვისა და გრძელვადიანი პოზიტიური ცვლილებების უზრუნველსაყოფად.

წლების განმავლობაში სახლმა უმასპინძლა ასობით საგანმანათლებლო ღონისძიებას და აქტივობას, შეკრიბა ათასობით უფლებადამცველი, მასწავლებელი, იურისტი და მოსამართლე, როგორც უკრაინიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. თავშესაფრით უზრუნველყო დევნილი უფლებადამცველები მთელი რეგიონიდან. ეს არის ადგილი, სადაც ბევრი უფლებადამცველი დიდი რეგიონიდან, თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში.

 ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლ ჩერნიგოვის დაცვის პროგრამა ინდივიდუალურ დახმარებას უწევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს, საზოგადოებრივ აქტივისტებს და მათი ოჯახის წევრებს. 

დაცვის პროგრამა მოქმედებს საერთაშორისო რენესანსის ფონდის, დემოკრატიის ეროვნული ფონდის, ადამიანის უფლებათა სახლის ფონდისა და უკრაინის სასწრაფო დახმარების პროექტის მხარდაჭერით.

ტექსტი მომზადებულია ,,ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ”.