თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტის და ფსიქოლოგის, ზურაბ ქარჩავას უკანონოდ დაკავების ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იგი.

სამოქალაქო აქტივისტი და ფსიქოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანის“ თანამშრომელი  ზურაბ ქარჩავა 28 დეკემბერს დააკავეს. მას სურდა ბათუმში, ერას მოედანზე კარავი დაედგა და ამ ფორმით გაეპროტესტებინა სახელმწიფოს უმოქმედობა და საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების არარსებობა.

როგორც აქტივისტის ადვოკატი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პაატა დიასამიძე განმარტავს, ზურაბ ქარჩავას თავდაპირველადვე კანონიერი საფუძვლის გარეშე უთხრა უარი პატრულმა კარვის გაშლაზე და პოლიციაში გადაიყვანა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ზურაბ ქარჩავამ ერას მოედანზე კარვის გაშლა დაიწყო, იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი – „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“) და დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ ის იქვე მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას ხელს უშლიდა. პოლიციელებმა დაკავებისას სამოქალაქო აქტივისტს ასევე განუმარტეს, რომ საახალწლო ღონისძიებები ფერხდებოდა მისი პროტესტის გამო. თუმცა, საახალწლო ღონისძიებების ლოკაცია იმ ადგილისგან, სადაც ზურაბ ქარჩავას კარვის დადგმა სურდა, მოშორებითაა. 

სამოქალაქო აქტივისტის მიერ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოსახატად კარვის დადგმა საქართველოს კონსტიტუციით დაცული ქმედებაა. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებითაა გარანტირებული მშვიდობიანი პროტესტის ფორმის, შინაარსის და დროის არჩევის უფლება. ამ უფლების დაცვის სფერო ვრცელდება ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც უფლებადამცველების და აქტივისტების ქმედების გამო შესაძლოა ხელისუფლებას და/ან საზოგადოებას ექმნებოდეს დისკომფორტი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სრულად იზიარებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)“ მოთხოვნას და მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული პირი, რადგან მის ქმედებებში არ იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები და მისი დაკავება უკანონო იყო.