პრემიის ,,ლექსო’’ 2024 წლის გამარჯვებულები 22 ოქტომბერს გამოვლინდნენ.

წლევანდელი პრემიის მთავარი ფოკუსი მშვიდობიანი პროტესტის უფლება და მისი გაშუქება იყო.

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი ჟურნალისტმა და OC Media-ს თანადამფუძნებელმა, მარიამ ნიკურაძემ დაიკავა. მეორე ადგილის მფლობელი კი ბათუმელების ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი გახდა.

ღონისძიებას გახსნითი სიტყვით მიმართეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პერტ კუბერნატმა, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ/მეორე მდივანმა, რებეკა ლიმ და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ლელა ცისკარიშვილმა. დამსწრეებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ, მერი ლოულორმა.

პანელურ დისკუსიაში, რომელიც პროტესტის გაშუქების მნიშვნელობას შეეხებოდა, მონაწილეობდნენ ჟურნალისტები მარიამ ნიკურაძე, ნასტასია არაბული და ალექსანდრე ქეშელაშვილი. პანელს მოდერაციას უწევდა მედია ექსპერტი, ნინო დანელია.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, პრემიაზე ნომინირებულები იყვნენ „რადიო თავისუფლების“, „პუბლიკას“, OC Media-ს, „სტუდია მონიტორის“ და „ბათუმელების“ ჟურნალისტები.

2024 წლის პრემია მხარდაჭერილია ჩეხეთის საელჩოს მიერ საქართველოში და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.