თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან (IWPR) თანამშრომლობით, იწყებს განაცხადების მიღებას ყოველწლიური კონკურსისთვის მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის.

პრემია ,,ლექსო – უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ წელს ახალ ნომინაციას ამატებს.

გამარჯვებულები 2023 წლის 2 ნოემბერს, ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულების დაუსჯელობის აღმოფხვრის დღეს, საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

პრემიის შესახებ

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ,,ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ 2021 წელს დააარსა. პრემია  ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს. ლექსო ერთ-ერთი იყო მედიის იმ 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომელსაც  2021 წლის 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამართულ  დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ. უფლებადარღვევების გაშუქების პროცესში, ლექსომ სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამ შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

ლექსოს პრემია დაწესდა მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ. მის მიზნს წარმოადგენს  საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება. 2022 წლიდან პრემიის პარტნიორი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) გახდა.

პრემიის იდეა: მედია პროფესიონალები, როგორც უფლებადამცველები

მედიის სფეროს წარმომადგენლები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ხშირად იცავენ ადამიანის უფლებებს, ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას და აშუქებენ უფლებადარღვევებს.

პრემია „ლექსო“ აღიარებს იმ მედია პროფესიონალების მნიშვნელოვან წვლილს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ეწევიან ადამიანის უფლებების ადვოკატირებას და/ან ასაჯაროებენ ფაქტებს უფლებადარღვევების შესახებ. უფლებადამცველი მედია პროფესიონალების დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ როლს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის მშენებლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ პრემია არ არის განკუთვნილი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ მედიის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის: ოპერატორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და ა.შ., რომლებიც ჩართული არიან მედია პროდუქტის მომზადებაში.

პრემია მხარს უჭერს და აღიარებს მედიის სფეროს წარმომადგენლების უმნიშვნელოვანეს როლს თანასწორობისთვის ბრძოლაში და წაახალისებს იმ მედია პროდუქტების წარმოდგენას, რომლებიც არადომინანტი ჯგუფების უფლებების ადვოკატირებას ახდენს. გარდა ამისა, პრემია წაახალისებს თბილისს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში დაფუძნებულ და მომუშავე მედია პროფესიონალების აპლიკაციების მიღებას.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

18+ ასაკის მედია პროფესიონალები (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები და ა.შ.).

საკონკურსო  აპლიკაციები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:

  • უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი
  • უფლებადაცვითი სტატია
  • უფლებადაცვითი ფოტოამბავი

წარმოდგენილი სააპლიკაციო პროდუქტები შესაძლოა ასახავდეს და აშუქებდეს რეალურ ისტორიებს და უფლებადარღვევებს, წარმოადგენდეს დოკუმენტურ მასალას, ან ჰქონდეს უფლებების დაცვის, ადვოკატირების და საზოგადოებაში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნები.

აპლიკაციის წარდგენის მომენტისთვის, საკონკურსო პროდუქტი უნდაიყოს უკვე გადაღებული/გამოქვეყნებული 2022-2023 წლებში.

საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა წარადგინოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე ავტორმა. (მაგალითად, ჟურნალისტი და ოპერატორი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი და სხვ.).

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:

  1. საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი

წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი.

  1. საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია

წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი სტატია.

  1. საუკეთესო უფლებადაცვითი ფოტოამბავი

წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი ფოტოამბავი.

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი და ფულადი ჯილდო 1200 ევროს ექვივალენტი ლარში (ფულადი ჯილდო გაუნაწილდება მედია პროდუქტის ყველა მითითებულ ავტორს თანაბრად).

რა უნდა წარადგინოთ?

  1. მოკლე პროფესიული რეზიუმე (CV); თუ აპლიკანტი ერთზე მეტი პირია, საკონკურსო გუნდის ყველა წევრის პროფესიული რეზიუმე (CV).
  • საკონკურსო სტატია ადამიანის უფლებების შესახებ.  (მულტიმედია სტატია, ბლოგი და სხვ.)
    • საკონკურსო ვიდეო-რეპორტაჟი ადამიანის უფლებების შესახებ. (სატელევიზიო სიუჟეტი, ინტერნეტ-პლატფორმის ვიდეო და სხვ.)

ან

  •  საკონკურსო ფოტოამბავი ადამიანის უფლებების შესახებ. (ფოტოისტორია, რომელიც უნდა მოიცავდეს რამდენიმე ფოტოს შესაბამისი აღწერით)

მნიშვნელოვანი: თუ თქვენი წარმოდგენილი აპლიკაცია მოიცავს რეალური პერსონაჟის/პერსონაჟების ფოტოს, ვიდეოს ან სხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას, ხოლო წარმოდგენილი პროდუქტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, აუცილებელია წარმოადგინოთ აღნიშნული პირის/პირების წინასწარი თანხმობის ფორმა, მათ შესახებ მასალის გამოქვეყნებაზე.

საკონკურსო განაცხადები უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ – „ლექსოს პრემია 2023“)

გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გამოგზავნით თქვენ თანხმდებით, რომ ადამიანის უფლებათა სახლმა გამოაქვეყნოს თქვენი მედია პროდუქტები თავის პლატფორმებზე.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის  20  ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე: [email protected]

გამარჯვებულებს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური, რომლის წევრებიც არ არიან პრემიის ორგანიზატორი ან მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები. დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 2 ნოემბერს გაიმართება.

პრემიის ,,ლექსო“ მხარდამჭერია ნორვეგიული ორგანიზაცია Human Rights House Foundation და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული IWPR-ის პროექტი სახელწოდებით „გააძლიერე, გადაამოწმე, ჩაერთე – მედია და სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისა და კარგი მმართველობისთვის ევრაზიაში.“