სათემო რადიო „მარნეული“ 2015 წლიდან მაუწყებლობს. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულ სოფლებს და თეთრიწყაროს ნაწილს ფარავს. რადიომ თემის ნებისმიერ წარმომადგენელს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება მისცა და ამ თავისუფლებით არსებული გარემოც შეცვალა.
კამილა მამედოვა, 34 წლის, ჟურნალისტი, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი:
მარნეულში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალის იურიდიულ ფაკულტეტზე გავაგრძელე. იმ ოთხ წელიწადზე გასახსენებელი არაფერი მაქვს. ეს იყო მექრთამეების და მკვდარი სულების უნივერსიტეტი. ძველი საავადმყოფოს ნახევრად დანგრეულ ოთახში ხშირად მარტო ვიჯექი. თბილისიდან ჩამოსული ლექტორი იდგა ფანჯარასთან, სიგარეტს ეწეოდა და ვგრძნობდი, როგორ ელოდებოდა, რომ მეც წავსულიყავი. მე ჯიუტად არ მივდიოდი – ძალიან მინდოდა, რომ რამე მესწავლა. ჩემი ფიქტიური ჯგუფელები სემესტრის ბოლოს ჩნდებოდნენ: მოდიოდნენ „ბამბანერკებით“, კონვერტში ჩადებული ფულით და ისეთივე შეფასებებს იღებდნენ, როგორსაც მე.
2006 წელს მარნეულში სათემო რადიოს დაარსება გადაწყვიტეს. რადიოსთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადეს. გადავწყვიტე, ბედი მეცადა. ამიყვანეს. შერჩეულ კანდიდატებს ძალიან კარგი ტრენინგი ჩაგვიტარეს. ხელისუფლებამ მაშინ სათემო რადიოს მაუწყებლობის ლიცენზია არ მისცა და რადიოსთან ჩემი თანამშრომლობაც არ შედგა, მაგრამ იმ ტრენინგმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. მივხვდი, რომ იურისტობა არ მაინტერესებდა. გადავწყვიტე, კვალიფიციური ჟურნალისტი გავმხდარიყავი და 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ჩავაბარე.
ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო. შევივსე ის დანაკლისი, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამიტოვა: შევიძინე ცოდნა, ჟურნალისტისთვის აუცილებელი უნარები და საუკეთესო მეგობრები. დღეს თუ რადიო „მარნეული“ წარმატებულია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ GIPA-მ ცოდნა და გამოცდილება მომცა.
GIPA-ს დამთავრების შემდეგ თბილისში დავრჩი. მარნეულში მხოლოდ ჩემი ოჯახის სანახავად ჩამოვდიოდი. ერთ დღესაც შემთხვევით არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე მოვხვდი. მივხვდი, რომ მარნეულში უძრაობის ხანა იყო და არაფერი იცვლებოდა. მაშინ ვთქვი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
რადიო 2015 წელს გაიხსნა. ეს იყო შოკი აქაურებისთვის – როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე თვითმმართველობისთვის. გავლენებისგან თავისუფალი მედია, რომელიც არავის ეკუთვნის, მანამდე აქ არ ყოფილა. ამიტომაც ვერ მიხვდნენ, რა გვინდოდა.
რადიომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. აქ ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება და ახლა მაქვს ამბიცია, რომ სხვების ცხოვრებაც შევცვალო. ცვლილებები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოგვაქვს.
რეგიონებს ერთი თავისებურება ახასიათებთ. დღემდე რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება – რეალური ძალა არ აქვთ და ხელისუფლება თუ ცუდად მუშაობს, ისინი ვერაფერს შეცვლიან. ამ პრობლემას ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში კიდევ ერთი თავისებურება ემატება: მათ ხშირად ეუბნებიან, რომ ისინი აქ არიან უცხოები, ჩამოსახლებულები, არა აქვთ არაფრის მოთხოვნის უფლება და საერთოდაც, მადლობა უნდა თქვან, რომ აქ ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ ახლა, დღეს ამ ადამიანთან რომ მიდიხარ და ეუბნები, რომ ხმა ამოიღოს და ღიად ილაპარაკოს. არ არის ეს იოლი საქმე.
თუმცა, რადიომ არსებობის 4 წლის განმავლობაში შეძლო და მოსახლეობის ნდობა მოიპოვა. ახლა უკვე თვითონაც გვიკავშირდებიან, როცა პრობლემები აქვთ. მაგალითად, დაგვირეკეს ერთ-ერთი სოფლიდან, სადაც სარწყავი წყლის სისტემის აღდგენას, არაერთი დაპირების მიუხედავად, საშველი არ დაადგა. ჩვენი მომზადებული სიუჟეტის შემდეგ მეორე დღესვე ჩავიდნენ იქ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და პრობლემა მოგვარდა. მოსახლეობა ხედავს ამ შედეგს და სამოქალაქო საზოგადოება უფრო აქტიური ხდება. ახლა უკვე ძალიან ხშირად გვწერენ სოფლებიდან და გვთხოვენ, რომ მათი პრობლემები გავაშუქოთ. იციან, რომ ნებისმიერ საკითხს ბოლომდე მივყვებით.
ადგილობრივ ხელისუფლებას მედიის და მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებულების გრძნობა გაუჩნდა. ეს მთლიანად ჩვენი დამსახურებაა, რასაც დიდი ბრძოლით მივაღწიეთ.
ამ ბრძოლაში ხელისუფლება ხშირად ძალიან მიუღებელ და ბინძურ მეთოდებს იყენებს. ერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს შიდა ქართლში ჰყავს წარმომადგენელი. ამ თანამდებობის დასაკავებლად, როგორც წესი, კონკურსი ცხადდება და ისე ხდება ხოლმე, რომ ხშირად ამ კონკურსში ეთნიკური აზერბაიჯანელი იმარჯვებს. 2016 წელს ამ თანამდებობაზე ადამიანი დანიშნეს კონკურსის გარეშე: ვერ მოითმინეს და ახალი თანამდებობა მანამდე მიულოცეს, სანამ კონკურსი დასრულდებოდა. ეს პიროვნება 2016 წლის არჩევნებში ძალიან აქტიურობდა და გაწეული სამსახური დაუფასეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ დავწერეთ. ამის გამო ამ ადამიანის ოჯახი დამიპირისპირდა. მამამისმა, რომელსაც პირადად ვიცნობ, მომწერა, შენ უნდა ამაყობდე, რომ ამ პოზიციაზე ეთნიკური აზერბაიჯანელი დაინიშნაო. მივწერე, რომ ვიამაყებდი იმ შემთხვევაში, თუ ის კონკურსში სამართლიანად გაიმარჯვებდა. ამის შემდეგ ფეისბუქის ყალბი ანგარიში შექმნეს და ამ ანგარიშის მეშვეობით დამიპირისპირდნენ. მიწოდეს ბოზი და ლესბოსელი. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ სამი თვის გარდაცვლილ მამაზე საშინელებებს წერდნენ. ალბათ, ელოდნენ, რომ ბოზს და ლესბოსელს თუ დამიძახებდნენ, ყველაფერს თავს დავანებებდი და აქედან გავიქცეოდი. მე კი პოლიციაში შევიტანე საჩივარი. მიხვდნენ, რომ ასეთი მეთოდებით ჩემთან ბრძოლას ვერ მოიგებდენ და თავი დამანებეს.
მარნეულის რადიოს დამსახურებაა ისიც, რომ მარნეული ცენტრალურ მედიაში გამოჩნდა. აქამდე ჩვენ მეინსტრიმ მედიაში მხოლოდ ნაადრევი ქორწინებით და კრიმინალური შემთხვევებით ვჩანდით. გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს მარნეულის კანდიდატები იყვნენ ცენტრალური მედიის სტუმრები. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.
წარმოვაჩინეთ თემის აქტიური ადამიანები და მათგან სამოქალაქო აქტივისტები და კარგი რესპონდენტები შევქმენით. რამდენიმე მათგანი მოხალისეობრივ საწყისებზე ჩვენთან ახლაც მუშაობს. ასე მოვიყვანე რადიოში სამირა ბაირამოვა. დღეს ის რადიოში საუბრობს ადგილობრივებისთვის საინტერესო ყველა თემაზე და ცდილობს საჯარო მოხელეებისგან პასუხი მიიღოს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც თემს აინტერესებს. აღმოვაჩინეთ ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანი. ახლა ისინი ცენტრალური მედიის ყურადღების ცენტრში არიან და მარნეულიც მთავარი ტელეკომპანიების საინფორმაციო ველში მუდმივად ჩანს.
არ არის თემა, რომელსაც ჩვენთვის ტაბუ ადევს. ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფებსაც კი ვაძლევთ სათქმელის თქმის საშუალებას. ვაშუქებთ შშმ პირების, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების პრობლემებს. მარნეულის სათემო რადიოს მიერ მომზადებული თითქმის ყველა სიუჟეტი შედეგზეა ორიენტირებული. ბევრი ვიმუშავეთ ცხოველთა უფლებებზეც. ჩვენი აქტიურობის შედეგად ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულში ცხოველთა თავშესაფრის გახსნა გადაწყვიტა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს წვრილმანია, ჩვენთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, ამ შედეგის მიღწევა პატარა რადიოს 10-კაციანი გუნდისთვის ადვილი არ არის. ჩვენ სწრაფი შედეგი გვინდა. აქ კი შედეგი ძალიან ნელა დგება. ამის გამო ხანდახან ძალიან პესიმისტურ განწყობაზე ვდგები ხოლმე. აი, შეიძლება დღესაც, ისევე როგორც ამ 4 წლის განმავლობაში არაერთხელ, გავბრაზდე და ვთქვა, რომ ჩვენს მუშაობას აზრი არა აქვს და სჯობს რადიოსაც და ჟურნალისტიკასაც თავი დავანებო, მაგრამ ხვალ დილით მაინც მოვალ რადიოში, შევალ სტუდიაში, დილის გადაცემას წავიყვან და ჩვენს ერთგულ მსმენელს ვეტყვი – გამარჯობა! სალამ!
ავტორი: მანანა ვარდიაშვილი
სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.