,,უფლებადამცველებისთვის და მედიისთვის სივრცის შეზღუდვის მცდელობით, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო სიგნალი გამოგვიგზავნა. აშკარაა მათი სურვილი, გააჩუმოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და ისინი, ვინც ხმას იმაღლებს ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ” – განაცხადა ნათია თავბერიძემ, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორმა.
14 მარტს, ნათია თავბერიძემ და ,,უფლებები საქართველოს” წარმომადგენელმა, მარიამ მხატვარმა, ვენაში, ეუთო-ს ადამიანური განზომილების დამატებითი შეხვედრის (OSCE SHDM) პარალელურ ღონისძიებას უმასპინძლეს და საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
განხილვის ძირითადი თემა საქართველოს პარლამენტში, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული და „ქართული ოცნების“ მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ იყო, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების კონტროლის გამკაცრებას და ამგვარი დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყანაში უფლებადამცველების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო იმ უცხოელ უფლებადამცველებსაც, რომელთაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.
ღონისძიებას მოდერაციას Human Rights House Foundation-ის ადვოკატირებისა და ჟენევის ოფისის ხელმძღვანელი, დეივ ელსროუდი უწევდა.