ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი გმობენ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ბმაშია იმ პოლიტიკურ კრიზისთან, რომელიც ქვეყანას ბოლო თვეების განმავლობაში შეეხო. ეს ქმედებები მოიცავს განსხვავებული და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობებს, მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელსაც მმართველი პარტიის დეპუტატები ქვეყნის სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმართავენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან და დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების დასაცავად, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ მწვავე ნაბიჯები გადადგა განსხვავებული და კრიტიკული ხმების ჩასახშობად და საპროტესტო სივრცის შესამცირებლად. 2021 წლის 19 თებერვალს, აქტივისტებმა სცადეს, რომ პარლამენტის შენობის უკან მიმდინარე საპროტესტო აქცია შენობის წინ გადმოეტანათ. წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრებისა და პროტესტის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების მიუხედავად, პოლიციამ, საპროტესტო კარვების გაშლის გამო, თითქმის 25 აქტივისტი დააკავა. ოთხი დღის შემდეგ, 2021 წლის 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის კრიტიკის გამო, ხელისუფლებამ კვლავ დააკავა მოძრაობა „სირცხვილიას“ მშვიდობიანი აქტივისტი.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით განხორციელებული ქმედებები სცდება საპროტესტო აქციებს, რომლებიც პოლიტიკურ კრიზისთანაა დაკავშირებული. 2021 წლის 22 და 23 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში, პოლიცია დაუპირისპირდა აქტივისტებს, რომლებიც რიონის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებას აპროტესტებდნენ. აქტივისტები აპროტესტებდნენ იმას, რასაც ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწოდებენ სუსტი სამოქალაქო ჩართულობით წარმოებულ პროცესს, რომელიც არ აკმაყოფილებს იურიდიულ მოთხოვნებს ასეთი მშენებლობისთვის. პოლიციამ რიონის ხეობაში წარმომადგენლობა გაზარდა და ხელს უშლის აქტივისტების თავისუფალ გადაადგილებას, ასევე, აქტივისტების უფლებას, გამოხატონ თავიანთი წუხილი.[1]
როგორც ჩანს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება ცხადად ახალისებს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის სახალხო დამცველზე თავდასხმებს. 2021 წლის 23 თებერვალს, სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებისა და მთავრობის მიერ შემდგომი პოლიტიკური კრიზისის გამძაფრების შესახებ. პარლამენტის სამმა წევრმა, რომლებიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, დიმიტრი სამხარაძემ, მამუკა მდინარაძემ და გია ვოლსკიმ, შეურაცხყოფა მიაყენეს ომბუდსმენს მისი ლეგიტიმური საქმიანობის გამო, რაც მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა.
საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და ხელი შეუწყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მშვიდობიანი შეკრებები ინდივიდებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების ფორმირებაში და წარმოადგენს უთანხმოების თანამონაწილეობითი გზით გადაჭრის საშუალებას[2]. ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ცალსახად აღნიშნავს, რომ დროებითი ნაგებობების დადგმა დაცულია შეკრების თავისუფლებით[3]. ანალოგიურად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ან ზოგისთვის შოკისმომგვრელი გამოხატვა ასევე დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლებით[4]. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, რომლებიც ამ თავისუფლებებს ეჭვქვეშ აყენებს, საპროტესტო აქციებს ზღუდავს და განსხვავებულ და კრიტიკულ მოსაზრებებზე შეტევებს ახალისებს, ამ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს და მოვუწოდებთ მათ, დაიცვან ადამიანის უფლებები, რადგან ისინი მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზას წარმოადგენენ.
[1] https://emc.org.ge/ka/products/emc-ekhmaureba-sapolitsio-dzalebis-mobilizebis-fonze-namakhvanhesis-msheneblobis-ganakhlebas
[2] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი No. 37, პუნქტი 1
[3] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი No. 37 (2020) მშვიდონიანი შეკრების უფლების შესახებ (მუხლი 21), CCPR/C/GC/37, 17.09.2020, პუნქტი. 58
[4] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე -10 მუხლის შესახებ. გამოხატვის თავისუფლება, პუნქტები. 9 და 226