ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის წარმომადგენელმა მეთიუ ჯონსმა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და ფონდის სახელით ზეპირი განცხადება გააკეთა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 41-ე სესიაზე. განცხადება ეხება 20-21 ივნისის ღამეს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევასა და სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებას.

იხილეთ განცხადების ტექსტის თარგმანი:

“ბატონო ვიცე პრეზიდენტო,

ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

20 ივნისს, 10,000 მომიტინგე შეიკრიბა თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, მშვიდობიანად პროტესტის გამოსახატად. მიუხედავად ამისა, აქციის ზოგიერთი მონაწილე ცდილობდა პარლამენტში შესვლას, რაზეც სამართალდამცავებმა უპასუხეს რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლების გამოყენებით როგორც მომიტინგეების, ისე გამვლელების მისამართით.

240 ადამიანი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში, მინიმუმ ორმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა ცალ თვალში, მათ შორის 18 წლის გოგონამ. ამასთან, დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. ყველაზე მძიმე დაზიანებები პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიით იყო გამოწვეული.

ბატონო ვიცე პრეზიდენტო,

პოლიციის მიერ ძალის გადამეტება მომიტინგეების წინააღმდეგ არ იყო სანქცირებული.

მომიტინგეებისთვის წინასწარ გაფრთხილება არ მიუციათ იარაღის გამოყენებაზე, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებით საფრთხე შეექმნა ადამიანის სასიცოცხლო ორგანოებს. ეს ორი ქმედება აშკარად უშლის ხელს ადამიანის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების გამოყენებას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს სამართალდამცავების მიერ  ხალხმრავალი მანიფესტაციის ამგვარი კონტროლი და რომ ძალის ნებისმიერი გამოყენება მოხდეს გამონაკლის შემთხვევაში, აუცილებლობისას და ადამიანის უფლებების ნორმების შესაბამისად.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აწარმოოს სრულყოფილი გამოძიება უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და დაიცვას საქართველოში მცხოვრებთა გაერთიანების და შეკრების თავისუფლება.

გმადლობთ.”