თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებას.
24 სექტემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფმა ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის“ მქონე პირებად ცნო.
მივიჩნევთ, რომ ანტიკორუფციული ორგანო ასეთი გადაწყვეტილებით გასცდა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი, რომლის მიზანიც პოლიტიკური სუბიექტების მონიტორინგია, სამოქალაქო სექტორის დასაცენზურებლად გამოიყენა. აღნიშნული კანონით ხდება იმ სუბიექტების მონიტორინგი, რომელთაც საჯაროდ აქვთ განცხადებული არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. კანონის მიხედვით “განცხადებული საარჩევნო მიზანი” ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი და ეს განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ. (მუხლი 71)
დაჯარიმებულ სუბიექტებს (“საერთაშორისო გამჭვირვალობა”, “აირჩიე ევროპა” და მათი ხელმძღვანელები) მსგავსი სურვილი არ გამოუმჟღავნებიათ. ამის მიუხედავად, ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის“ მქონე პირის ცნება არასწორად განმარტა და მისი მოქმედება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაავრცელა სხვებზე. ტერმინის ამგვარი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და უქმნის საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას. აღნიშნული ქმედება აშკარად უზღუდავს უფლებადაცვით ორგანიზაციებს და სამოქალაქო სექტორს აქტივობების თავისუფლად განხორციელებას და გამყინავ ეფექტს აწესებს მათ შემდგომ საქმიანობაზე.
საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ხარვეზიანობაზე ვენეციის კომისია 2023 წლის დასკვნაშიც მიუთითებდა, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუროს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ გააჩნია და “განსაკუთრებით პრობლემურია” ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნისა და გადაყენების უფლებამოსილების მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ხელში დატოვება. 24 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღნიშნული ინსტიტუტი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში რეპრესირების მექანიზმია, რომელიც სამოქალაქო სექტორში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩასახშობად იქნა გამოყენებული.
განსაკუთრებით მძიმეა ამგვარი ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე მიმდინარე პროცესში, რამდენადაც მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მონიტორინგში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ხელისუფლებას – შეწყვიტოს კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა, უზრუნველყოს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო პროცესი და არ შეზღუდოს არჩევნების მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
უფლებები საქართველო
საფარი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
მედიის ინსტიტუტი