მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს და საერთაშორისო პარტნიორებსა და აქტორებს მხარი დაუჭირონ ლეგიტიმურ და მშვიდობიანი მანიფესტანტებს საქართველოში! გთხოვთ, გაავრცელოთ მხარდაჭერის მესიჯები და სოლიდარობის გამომხატველი განცხადებები და გამოიყენოთ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მშვიდობიანი მანიფესტაციის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ:

–            გაავრცელოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ და გამოხატოთ სოლიდარობა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისადმი

–            მონაწილეობა მიიღოთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაცვის პროცესში, დაგეგმოთ ხანგრძლივი მონიტორინგი/შეფასების მისიის ჩატარება, მაგალითად, დაკავებულთა სასამართლო პროცესების ან მიმდინარე პროტესტების დაკვირვება

–            შეაგროვოთ ადამიანის უფლებათა დარღვევების მტკიცებულებები, გაავრცელოთ ანგარიში და იმოქმედოთ საერთაშორისო დონეზე.

ზოგადი ინფორმაცია, ფაქტები და მტკიცებულებები:

(ინფორმაცია განახლებადია)

28 ნოემბერი: პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული და არაკანონიერი ძალა და დაარღვია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. დაკავებულია სულ მცირე 43 დემონსტრანტი, მათ შორის არიან ფიზიკური დაზიანების მქონე პირები, რომელსაც პოლიციელები თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.   სამართალდამცველებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც – დაშავდა მინიმუმ 22 ჟურნალისტი, რომელთაგან ზოგიერთი ჰოსპიტალიზებულია და სამედიცინო დახმარების საჭიროებს.  

28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე არ განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანების გზას და უარს იტყვის ფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და კონსტიტუციის 78-ე მუხლს. აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ბათუმში – სპონტანური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

უფლებადაცვითი ორგანიზაციების იურიდიული მხარდაჭერის ერთობლივი ჯგუფი დაკავებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს:

,,მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ გვიმალავენ დაკავებულებს, 43 დაკავებულია, სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ რომ დაკავებულებმა ვერ ისარგებლონ დაცვის უფლებით და ადვოკატებს ხელი ეშლებათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ბევრს მალავენ იმიტომ რომ დაზიანებები აქვთ. ზოგიერთი მათგანი, ვისაც დაზიანება აქვს, უკვე ნახეს ადვოკატებმა. იურისტები მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.’’ – ლადო მკერვალიშვილი, ,,უფლებები საქართველოს’’ დირექტორი.

გიზიარებთ ამჟამად არსებულ ინფორმაციას დაზარალებული და დაკავებული მედიის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების შესახებ საჯაროდ გაზიარებულ წყაროებზე დაყრდნობით და იურიდიული დახმარების ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

    • მარიამ ნიკურაძე (ჟურნალისტი, “OC Media”) – პოლიცია უკანონოდ ჩაერია მის ჟურნალისტურ საქმიანობაში, როდესაც მარიამი პროტესტს აშუქებდა. პოლიციელი რამდენჯერმე დაესხა თავს მის ტელეფონს/კამერას, ცრემლსადენი გაზი განზრახ მიმართა მისკენ. წყარო
    • ალექსანდრე ქეშელაშვილი (ჟურნალისტი, “პუბლიკა”) – დაკავებული და ნაცემია პოლიციის მიერ, მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. წყარო
    • გურამ როგავა (ჟურნალისტი, “ფორმულა”) – სპეცრაზმის მხრიდან სასტიკი ცემის მსხვერპლი გახდა. მას თავს დაესხნენ, როდესაც მიკროფონი ეჭირა და პირდაპირ ეთერში აშუქებდა პროტესტს. ის საავადმყოფოშია მოთავსებული მძიმე ტრავმებით და დამატებითი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. წყარო
    • ელენე ხოშტარია (ოპოზიციის ლიდერი) – ძალადობრივი დარბევისას ხელი მოიტეხა. წყარო
    • ნანა მალაშხია (ოპოზიციის ლიდერი) – ძალადობრივი დარბევისას ცხვირი მოიტეხა. წყარო
    • დათო ცაგარელი (ჟურნალისტი, “რადიო თავისუფლება”) – პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო. წყარო