განახლება:

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 სექტემბერს ბანერებსა და მაისურზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბა ბრაჭველის (ღია საზოგადოების ფონდის იურისტი), ედუარდ მარიკაშვილის (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე), ასევე აქტივისტების ნიკა რომანაძისა და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად ცნეს წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით და 500-500 ლარით დააჯარიმეს. რაც შეეხება აქტივისტ ნოდარ სიხარულიძეს, იგი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს 2023 წლის 2 ივნისის საღამოს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 უფლებადამცველისა და აქტივისტის საქმეს. მიმოხილვა ეყრდნობა უფლებადამცველებთან ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეჯამებულ ინფორმაციას, ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს. 2 ივნისის საღამოს სულ დააკავეს 7 ადამიანი, აქედან ერთი აქტივისტის შემთხვევაში, ვერ მოხერხდა კომუნიკაციის დამყარება. თუმცა ადამიანის უფლებათა სახლი თვალს მიადევნებს აღნიშნული საქმის სამართალწარმოებასაც.

ადამიანის უფლებათა სახლი განმარტავს, რომ ინტერვიუების, ფაქტების ანალიზის, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ არცერთ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია აქტივისტების მხრიდან ძალადობრივ ქმედებას. ყველა მათგანი მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით

ხელში ბანერის ჭერა და ამგვარად საკუთარი აზრის გამოხატვა, თუნდაც ეს აზრი სხვისთვის მიუღებელი იყოსდაცულია საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციით და არაერთი საერთაშორისო კონვენციით.

საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უფლებადამცველებისა და აქტივისტებისთვის მშვიდობიანი და ხელსაყრელგარემო ქვეყანაში. პროტესტის გამოხატვა, საკითხების ირგვლივ დისკუსია და განსხვავებული, თუნდაც სხვისთვის მიუღებელი აზრის მშვიდობიანი გზით გამოხატვა  დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ნაწილია.

დაუშვებელია ადამიანების უკანონო დაკავება, უფლებადამცველებს არ უნდა აკავებდნენ საკუთარი უფლებებით სარგებლობის გამო ან იმის გამო, რომ ისინი იცავენ სხვების გამოხატვის ან შეკრების თავისუფლებებსაღნიშნული ვალდებულებები გაწერილია: ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაში (A/ RES/3/217), article 9;  2013 წლის აპრილის ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში (UN Doc: A/HRC/ RES/22/6), OP 10 (c). ; 2015 წლის დეკემბრის გაერო გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში (UN Doc: A/ RES/70/161), OP 8. საქართველოს  სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • შეწყდეს 2 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება;
  • შეწყდეს უკანონო და არაპროპორციული ადმინისტრაციული დაკავებების გამოყენების პრაქტიკა საპროტესტო აქციებზე;

არაპროპორციული და უკანონო გამოყენების მზარდი და საგანგაშო პრაქტიკა

ბოლო თვეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა სახელმწიფოსთვის ერთგვარ ბერკეტად იქცა, რათა შეზღუდოს უფლებადამცველებისა და აქტივისტების გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.

,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ გამართულ მარტის აქციებიდან მოყოლებული, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ასობით[1] ადამიანი. მათი დიდი ნაწილი, საშუალოდ, 2000-3000  ლარით დაჯარიმდა.[2] აქტივისტებისთვის წაყენებული მუხლი/ბრალდება, როგორც წესი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის[3] 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) მუხლებია. აღნიშნული  სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა 2021 წლის ცვლილებებით გაიზარდა.  უმეტეს შემთხვევაში, მისი გადახდა შეუძლებელია ინდივიდუალური პირისთვის მისი მეგობრების, კოლეგების თუ სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე.

გაეცანით დოკუმენტს სრულად


[1] იხილეთ ბმულები: https://www.radiotavisupleba.ge/a/32418904.html https://www.radiotavisupleba.ge/a/32297649.html

https://tabula.ge/ge/news/698552-ngo-ebi-7-8-martis-aktsiebze-dakavebulebze-shss-s

[2] იხილეთ ადამიანის უფლებათა სახლის დოკუმენტებული საქმეები, დაკავებულების ისტორიები: https://www.facebook.com/humanrightshousetbilisi/posts/pfbid0SrQeB3NxY2KwGLjxNgE5cWmqhrPKMPyxeH9vhaaTJkPpfCcBCY26AJ92rnvdWGsVl

[3] იხილეთ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/28216?publication=519