თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სრულ სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე თავისი აქტივიზმის გამო პროსახელისუფლებო ტელევიზიების მსხვერპლი გახდა.
გუშინ, 26 მარტს თათია სამხარაძემ თავის Facebook გვერდზე გაავრცელა ვიდეო იმის დასტურად, რომ ტელეკომპანია “PostTV” მასზე გაკეთებულ სიუჟეტში იტყუებოდა, თითქოს ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ იყო გატაცებული, მისი ბინიდან ვერ გამოდიოდა და ჰქონდა ჩალურჯებები.
სამხარაძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, მას “PosTV”-ის ჟურნალისტები და სხვა ჯგუფები კვლავ სადარბაზოსთან ყარაულობენ.
თათია სამხარაძეზე ორგანიზებული თავდასხმა აშკარადაა პასუხი მის აქტივიზმზე. ბოლო დღეებში “PosTV”-ის დამფუძნებელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. თათია სამხარაძემ 2019 წელს მოუგო რამიშვილს საქმე, როდესაც სასამართლომ დადგინა, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს აქტივისტის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ამჟამად სამხარაძეზე თავდასხმები მისი სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ ხდება, რამდენადაც ის გვერდში უდგას იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ. ცხადია, რომ პროსახელისუფლებო მედია აქტიურად ცდილობს სამხარაძეზე დეზინფორმაციის გავრცელებას მისი საჯარო პროფილის დისკრედიტირებისთვის.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული დაცვის მექანიზმები, რათა შეწყდეს თათია სამხარაძის დევნა და უზრუნველყოფილ იქნას მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
სხვადასხვა საერთაშორისო აქტების თანახმად, საქართველოს აქვს ვალდებულება დაიცვას უფლებადამცველები ძალადობის, მუქარის, დევნის და დაშინებისგან როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების მხრიდან. ქალი უფლებადამცველები და აქტივისტები ხშირად განსაკუთრებული და ორმაგი წნეხის მსხვერპლნი არიან – როგორც ქალები და შემდეგ როგორც უფლებადამცველები, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თათია სამხარაძეზე განხორციელებულ თავდასხმებს და უნდა შეწყდეს მისი დევნა.