დღეს უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეა, რომელიც საქართველოში უკვე მეშვიდედ უნდა აღგვენიშნა.
თუმცა, წელს ჩვენ შევუერთდით პროტესტს და გავაუქმეთ ღონისძიება. ამით სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ადამიანებისადმი, ვინც აპროტესტებს საქართველოს მმართველი არალეგიტიმური ძალის მიერ საგარეო კურსის ცვლილებას, კონსტიტუციის დარღვევას და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაზე უარის თქმას.
უფლებადაცვითი საქმიანობა ნიშნავს მშვიდობიან, თანმიმდევრულ და ხმამაღალ ბრძოლას ისეთი სახელმწიფოს შესაქმნელად, სადაც თითოეული ადამიანი, განურჩევლად სქესისა, აღმსარებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, იცხოვრებს სამართლიან, თანასწორობასა და თავისუფლებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში.
დღეს, საქართველოს ქუჩებში გამოსული ათიათასობით ადამიანი ნატას, ეთოს, მარიამის და ანას მსგავასად, უფლებადამცველები არიან, რომლებიც ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლისთვის იბრძვიან, სამწუხაროდ – საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ეს ვიდეო მათ ეძღვნებათ.
ვიდეო : ლევან ონიანი, თამთა ჩხაიძე / თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი