ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის ხელმომწერი წევრები, გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გამო და მოვუწოდებთ კანონმდებლებს, არ მიიღონ იგი და უზრუნველყონ უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
თებერვლის შუა რიცხვებში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა, ე.წ. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა დააინიცირეს კანონპროექტი უცხოური გავლენის შესახებ.[1] მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი დაავალდებულებს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს „უცხოური ძალისგან“ იღებენ, დარეგისტრირდნენ “უცხოური გავლენის აგენტად”, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. კანონპროექტი „უცხოურ ძალად“ განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მთავრობებს, უცხოეთის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საზღვარგარეთ დაარსებულ იურიდიულ პირებს და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაფუძნებულ ორგანიზაციებს (მაგ. გაეროს ინსტიტუტებს). კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება მოკვლევა განახორციელოს ორგანიზაციებზე, რომლებსაც ის „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიიჩნევს.
ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის შეზღუდვას, ასევე საზოგადოების ცნობიერებაში ამ სექტორის ზოგადი როლის და ადგილის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ინიციატივა თანხვედრაშია სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შეზღუდვის შესამჩნევ ტრენდთან აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ბალკანეთსა და კავკასიაში. ის ასევე ნათლად წარმოაჩენს ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო ტენდენციას საქართველოში.
უცხოურ ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის სახელმწიფოების მიერ ახალი მოვლენა არ არის. 2012 წელს პირველად რუსეთმა მიიღო კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც შექმნილია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საბოლოოდ განადგურების მიზნით. 2017 წლის ივნისში, უნგრეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც აიძულებდა ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსებას იღებდა საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირებულიყო როგორც „უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია“ და ყველა პუბლიკაციაზე დაეტანებინა ეს წარწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციას დაემუქრებოდა სანქციები.
საკანონმდებლო მცდელობები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უცხოელ აგენტებად ან უცხოური გავლენის აგენტებად გამოცხადებას ისახავს მიზნად, ზღუდავს ამ ორგანიზაციების თავისუფლად მოქმედების და განსხვავებული ან საპირისპირო შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობებს. ამასთანავე, ასეთი ინიციატივები სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგედ წარმოაჩენენ. საბოლოოდ კი ყველა მსგავსი კანონი განზრახ ძირს უთხრის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ბუნებას.
დამოუკიდებელმა სამოქალაქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს განვითარებაში. უფლებადამცველი ორგანიზაციები გვერდში უდგანან მარგინალიზებულ და დაუცველ მოსახლეობას, მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში და კონტროლს უწევენ ქვეყანაში უფლებადარღვევებზე ანგარიშვალდებულების ხარისხს. ორგანიზაციების დაფინანსების შეზღუდვის ან მათი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები კატეგორიულად უნდა იქნას უარყოფილი.
საქართველოში ეს კანონი, რომელიც რუსეთის კანონმდებლობის მსგავსია, საზიანო გავლენას მოახდენს როგორც დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე საქართველოში ემიგრაციაში მოქმედ უცხოურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. საქართველო მასპინძლობს ბევრ უფლებადამცველს და აქტივისტს მთელი რეგიონიდან და ქმნის ერთგვარ ცენტრს ადამიანის უფლებათა ინიციატივებისა და დამცველებისთვის მრავალი ქვეყნიდან. შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, შეზღუდავს მათ შესაძლებლობას განახორციელონ თავიანთი ლეგიტიმური საქმიანობა ადამიანის უფლებების დასაცავად.
თებერვლის შუა რიცხვებში, გამოქვეყნების დღიდან, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მწვავედ გააკრიტიკეს ქართულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი ასეთ კანონმდებლობას მხარს არ დაუჭერს . . რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.“[2] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ კანონპროექტი „არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს.“[3] ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში გამოთქვეს „შეშფოთება დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებით.“[4]
კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (ECHR), რომლის ხელმომწერიც საქართველოა და საქართველოს კონსტიტუციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის მსგავსი კანონი არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ.[5] სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონს მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ჰქონდა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე.
ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ინტეგრაციას. კანონის დამტკიცება, რომელიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგება ECHR-ს, საქართველოს კონსტიტუციური ჩანაწერის დარღვევას წარმოადგენს.[6]
საქართველომ გრძელი და მტკივნეული გზა გაიარა, რათა გაეძლიერებინა ქვეყანაში დემოკრატია და ევროინტეგრაცია. „უცხოური გავლენის“ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომლებიც გაკეთდა ბოლო წლებში, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მხრივ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ და კრიტიკულ როლს და უარყოს ნებისმიერი მცდელობა მათი ხმის ან როლის ჩასახშობად.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
- უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო;
- საჯაროდ მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს უფლებადამცველების მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- უზრუნველყოს თავისუფალი და კრიტიკული მედია საშუალებების არსებობა. ხელი შეუწყოს მათ გამოხატვის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ღია და ინკლუზიური საჯარო დისკურსის შექმნით.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- უფლებები საქართველო
- საფარი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
- მედიის ინსტიტუტი
- Barys Zvozskau Belarusian Human Rights House
- Belarusian Helsinki Committee
- Civic Initiatives (Serbia)
- Democracy Today (Armenia)
- Election Monitoring and Democracy Studies Center (Azerbaijan)
- Helsinki Committee for Human Rights in Serbia
- Human Rights Centre ZMINA
- Human Rights House Belgrade
- Human Rights House Crimea
- Human Rights House Foundation (Norway)
- Human Rights House Yerevan
- Human Rights House Zagreb
- Lawyers’ Committee for Human Rights YUCOM (Serbia)
- Legal Education Society (Azerbaijan)
- Mental Health and Human Rights Info (Norway)
- Pink human rights defender NGO (Armenia)
[1] https://jam-news.net/ge/ocnebidan-gamijnulebi/
[2] https://civil.ge/ka/archives/526344
[3] https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-aparatis-gantskhadeba-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb-sakartvelos-kanonproekts-taobaze
[4] https://civil.ge/archives/525959
[5] https://hudoc.echr.coe.int/eng?i=002-13687
[6] მუხლი 78, საქართველოს კონსტიტუცია