დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ანა სუბელიანისთვის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა .
უფლებადამცველზე თავდამსხმელ პირს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით (სსკ 120.1 მუხლი), ამასთანავე პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის მიხედვით დაუმძიმა (დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი). ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა და ჰომოფობიურ აქციაზე ჩადენილი თავდასხმის გამო ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2019 წლის 8 ნოემბერს, ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ჰომოფობიური ჯგუფები თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო ჯგუფების შეკრება თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ანა სუბელიანი და თამაზ სოზაშვილი, რომლებმაც ლგბტ თემის წევრები ფილმის ჩვენებაზე მიაცილეს და იქ თავიანთ უფლებადაცვით საქმიანობას ახორციელებდნენ, მიზანმიმართული აგრესიისა და მუქარის მსხვერპლნი გახდნენ. აქტივისტებს მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, როგორც უფლებადამცველებს. ანა სუბელიანი მოგვიანებით სამედიცინო პუნქტში იქნა გადაყვანილი, მას თვალის არეში მძიმე საგნის მოხვედრის გამო შვიდი ნაკერი დაადეს. ძალადობის ფაქტებთან ერთად ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამ უფლების გამოყენებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სტრატეგიული მიმართულებაა უფლებადაცმველების დაცვა და მხარდაჭერა. ანა სუბელიანის ინტერესებს თბილისის სახლის წევრი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავდა.