“IREX ევროპა”, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” ერთად ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდა ქალი ლიდერები და “უჩინარი ქალები” – უფლებადამცველი აქტივისტების გაძლიერება”. პროექტი 26 თვის განმავლობაში ხორციელდება ევრაზიის 5 ქვეყანაში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგი იურისტებისთვის, რომლებიც ქალების/გოგონების უფლებებს იცავენ.
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგი საქართველოში მოქმედი იურისტებისთვის მოიცავს:
- 2 დღიან მოსამზადებელ სესიას თბილისში, შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის თემაზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ მიმდინარე საქმეზე.
- 5 დღიან სესიას სტრასბურგში 19-23 ნოემბრის პერიოდში. სესიას ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ. აღნიშნული სესიის ძირითადი თემატიკა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პროცედურებს, საჩივრების წარდგენას და მესამე მხარის ჩართვის საკითხებს. სესია მოიცავს ვიზიტს სასამართლოში და შეხვედრებს სასამართლოს წარმომადგენლებთან.
- სესიების დასრულების შემდეგ მოიაზრება, რომ მონაწილეებმა თავიანთ კოლეგებს უნდა გაუზიარონ მიღებული ინფორმაცია და ცოდნა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მონაწილეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილების მქონე იურისტების მხრიდან რეკომენდაციების გაწევა და მხარდაჭერა ევროპულ სასამართლოში საჩივრების წარდგენის თუ მესამე მხარედ ჩართვის პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ასევე პროცედურულ საკითხებზე.
ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?
პრაქტიკოს იურისტებს, რომლებიც:
- არიან საქართველოს მოქალაქეები;
- რომლებსაც აქვთ ქალების/გოგონების უფლებების დაცვის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება ადგილობრივ დონეზე;
- რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საქმეებზე მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე თავად აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი;
- ფლობენ ინგლისურ ენას (ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია).
წარსადგენი დოკუმენტები:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი ინგლისურად არაუგვიანეს 19 ოქტომბრის, 18:00 საათისა (საქართველოს დრო).
განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიყევით შემდეგ ბმულს: https://goo.gl/forms/MqBsZGGCqmfok7hD3
ზოგადი ინფორმაცია: ტრენინგის, ასევე ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯები დაფარული იქნება პროექტის ფარგლებში.