ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორმა, ნათია თავბერიძემ და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის საერთაშორისო ადვოკატირების ოფიცერმა ნორა ვეჰოფსიტსმა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გამართულ პირველ ანტი-SLAPP კონფერენციაში.
ნათია თავბერიძემ ისაუბრა SLAPP-ის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ტენდენციებზე, ნორა ვეჰოფსიტსმა კი სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორების როლზე ანტი-SLAPP ინიციატივებში.
ევროპის საბჭომ, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან თანამშრომლობით, საქართველოში პირველ ანტიSLAPP კონფერენციასა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების გარშემო დისკუსიას უმასპინძლა.
სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) ფართოდ არის აღიარებული, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ.
2021-2023 წლებში, SLAPP-ის ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც. ამ ეტაპზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში ცილისწამების არანაკლებ 38 საქმე განიხილება. აღნიშნულ სარჩელებს მსგავსი მახასიათებლები აქვთ და სისტემურ ხასიათს ატარებენ.
პირველი ანტიSLAPP კონფერენცია საქართველოში მიზნად ისახავს SLAPP-ის სფეროში მთელს მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ტენდენციების მიმოხილვას.
დაანონსდა ანტი-SLAPP კოალიციის შექმნაც. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი კოალიციის წევრია.