2017 წლის 10-12 ივლისს სასამართლო პროცესების მონიტორინგით დაინტერესებული სომეხი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები დაესწრნენ ვორკშოპს, რომელსაც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მასპინძლობდა.
სამი დღის განმავლობაში, ვორკშოპის ტრენერებმა სერგეი ბუროვმა (ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი, უკრაინა), პავლო პარხომენკომ (ჩერნიგოვის რეგიონში ბახმაჩის რაიონული სასამართლოს მოსამართლე) და დიმიტრი ჩერნიხმა (ბელორუსის ჰელსინკის კომიტეტი) წარმოადგინეს სასამართლოს მონიტორინგის ძირითადი ასპექტები და პრინციპები. ქეთევან აბაშიძემ (ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლთან დაკავშირებული ევროპული სასამართლოს პრაქტიკა წარმოადგინა.
ტრენინგის ინტერაქციული ფორმატი აქტიური ჩართულობის საშუალებას იძლეოდა და ამით ხელს უწყობდა მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. თავის მხრივ, მონაწილეებმა მომავალში სასამართლო პროცესების დამკვირვებლის როლში ყოფნისა და ერთობლივ აქტივობებში მონაწილეობის მზაობა და ინტერესი გამოხატეს.
ვორკშოპი განხორციელდა პროექტის – „ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის გაძლიერება – ვორკშოპი სასამართლო პროცესების მონიტორინგის შესახებ სომეხი და ქართველი დამკვირვებლებისთვის“ – ფარგლებში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლთან, ბორის ზვოზსკაუს სახელობის ბელორუსიის ადამიანის უფლებათა სახლთან და ერევნის ადამიანის უფლებათა სახლთან პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი, რომელიც „House to House” ინიციატივის საფუძველზე ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა სახლებს და მათ წევრ-ორგანიზაციებს დაგეგმონ ერთობლივი პროექტები და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება.