სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა იმ იშვიათ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად წინ აღუდგა დრომოჭმულ ადათ-წესებს და ახლა სხვა გოგონების უფლებებს იცავს.
სამირა პროფესიით სამართალმცოდნე და სოციოლოგია. ამჟამად ორგანიზაცია „მერსი ქორფსში“ მუშაობს, შედეგების შეფასების ანალიზის ოფიცერის პოზიციაზე. ამავე დროს არის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროექტის – „კრიტიკული პოლიტიკური სკოლა ქვემო ქართლში“ ადგილობრივი კოორდინატორი. მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობს მარნეულის სათემო რადიოში და მიჰყავს გადაცემა „დისკუსიის წერტილი“, სადაც სტუმრებთან ერთად არაერთ საჭირბოროტო საკითხზე საუბრობს. ამავე დროს, აქტიურად არის ჩართული ნაადრევი და იძულებითი ქორწინების აღკვეთის და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების და უფლებების დაცვის საქმეში.
* * *
დავიბადე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემს სოფელს, რომელიც მარნეულიდან 15 კმ-ით არის დაცილებული, საქართველოსგან ათასობით კილომეტრი ყოფს: თავისი ყოფით, კულტურით და ტრადიციებით ალგეთი საქართველოსგან არის ძალიან შორს. მე-9 კლასში ვიყავი, თბილისში ექსკურსიაზე რომ წაგვიყვანეს. დედაქალაქი მაშინ პირველად ვნახე. პირველი კონტაქტი ქართველებთან 18 წლის ასაკში მქონდა.
დავიწყოთ იმით, რომ არასასურველი შვილი ვიყავი: ჩემი სახით ოჯახში მეორე ქალიშვილი დაიბადა და ჩემზე მშობიარობის შემდეგ დედას უთხრეს, რომ შვილს ვეღარასოდეს გააჩენდა. მამაჩემს მთელი სანათესაო სთხოვდა, რომ დედას გაყროდა. ამის გამო ორივე მხარემ მომიძულა.
ალგეთში აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ვსწავლობდი. მხოლოდ ქართულის მასწავლებელი იყო ქართველი და ისიც სკოლაში იშვიათად მოდიოდა. ფაქტობრივად, მარნეულის იქით ჩემთვის გადაულახავი ბარიერი იყო აღმართული და ჩემი ყველა ოცნება აზერბაიჯანს უკავშირდებოდა.
აზერბაიჯანში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულეტეტზე მინდოდა სწავლის გაგრძელება. აზერბაიჯანში იურისტობა ძალიან პრესტიჟული პროფესიაა და იქ სწავლაც ძვირი ჯდება. 2006 წელს, როცა სკოლა დავამთავრე, ჩემს ოჯახს ეკონომიურად გაუჭირდა. დავჯექით და ვიანგარიშეთ, რა დაჯდებოდა ჩემი იქ სწავლა და ცხოვრება. მივხვდით, რომ ამდენს ჩვენი ოჯახი ვერ გაწვდებოდა. სხვა რა გზა იყო, ავიღე ლექსიკონები და წიგნები და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩემით დავიწყე მეცადინეობა. ამის გამო მეზობლები და ნათესავები დამცინოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ჩემნაირი სოფლელი გოგო, ღარიბი ოჯახიდან და გავლენიანი მფარველების გარეშე უმაღლესში ვერ ჩააბარებდა და ტყუილად ვწვალობდი. ერთი წლის შემდეგ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
პირველი ორი წლის განმავლობაში სწავლა ძალიან მიჭირდა. პარალელურად ისევ ვმეცადინეობდი ქართულში, დღეში 100 სიტყვას ვსწავლობდი. ვისწავლე არა მარტო ქართული, არამედ სხვა საგნებიც და ჩემი უფლებებიც. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ ჩემი სამშობლო აზერბაიჯანი კი არა, საქართველო იყო და მეც ისეთივე უფლებები მქონდა, როგორიც ეთნიკურად ქართველ მოქალაქეს.
მხოლოდ სასწავლებელში მიღებული ცოდნა არ მაკმაყოფილებდა. დამატებით კიდევ მინდოდა გარკვეული ცოდნის მიღება. ამაზე მშობლებმა მითხრეს, რომ რასაც ვსწავლობდი, ქალისთვის ისიც საკმარისი იყო და მეტი არაფრის სწავლა აღარ მჭირდებოდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მივხვდი, რომ თუ მათ არ დავემორჩილებოდი, კიდევ უფრო შემზღუდავდნენ. მოვძებნე გამოსავალი და მშობლებს ვუთხარი, რომ სასწავლებელში ლექციები დაგვიმატეს და სწავლას საღამოს 6 სთ-ზე ვრჩებოდი. ასე ვისწავლე ინგლისური და კომპიუტერი.
მეორე კურსზე ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. მას შემდეგ ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ და ოჯახიდან არც ერთი თეთრი აღარ ამიღია. სამართალმცოდნეობის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულეტეტზე ჩავაბარე.
ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგი რომ ვარ და ქალთა უფლებებს ვიცავ, ეს ალბათ ჩემი განვლილი ცხოვრებითაც არის განპირობებული. ჩემს მშობლებს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და ტრადიციებს თავი მაინც ვერ დააღწიეს. ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არასოდეს მისაუბრია. ამას პირველად ახლა თქვენთან ვამბობ. 15 წლის ასაკში დამნიშნეს. გათხოვებას რომ მიპირებდნენ, არც კი ვიცოდი. ერთ დღესაც სკოლიდან მოსულს სახლში ბევრი ხალხი დამხვდა. როცა ვიკითხე, რა ხდებოდა, მითხრეს, რომ ჩემი ქორწილისთვის ემზადებოდნენ.
საქმროს არ ვიცნობდი. არ ვიცოდი, ვინ იყო. დედას და მამას ვუთხარი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში ვაპირებდი ჩაბარებას და გათხოვება არ მინდოდა. დედა დამემუქრა, რომ თუ ჩუმად არ ვიქნებოდი და მშობლების ნების წინააღმდეგ წავიდოდი, სახლიდან გამაგდებდა.
გათხოვება კატეგორიულად არ მინდოდა. იძულებით წამიყვანეს. ნახევარი გზა როცა უკვე გავლილი გვქონდა და მანქანა ხიდზე გადადიოდა, კარი გავაღე და დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანიდან გადავხტი. გონზე საავადმყოფოში მოვედი. შარის თავი არ მაქვს, რა ვქნა, გოგო წინააღმდეგია და თავის მოკვლამდე ხომ ვერ მივიყვანო – თქვა იმ ბიჭმა, ვისზეც მათხოვებდნენ და საავადმყოფოდან სახლში დამაბრუნეს. რამდენიმე დღის განმავლობაში მშობლებიც და ნათესავებიც ბევრს მეჩიჩინებოდნენ იმაზე, რომ ჩემი სიჯიუტის გამო ოჯახი შევარცხვინე და საკუთარ თავსაც სამარეს ვუთხრიდი: განათხოვარი დამერქმეოდა, სახელი სამუდამოდ გამიტყდებოდა და აღარავინ მითხოვდა. არაფერმა გაჭრა. ვთქვი, რომ თავს მოვიკლავდი, თუ ისევ იმ ოჯახში დამაბრუნებდნენ. როცა მიხვდნენ, რომ არ ვხუმრობდი, თავი დამანებეს.
ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმაა, თუმცა, შევძელი და ამ ტრაგედიას მოვერიე: ამის შემდეგ სკოლაში დავბრუნდი და სწავლა გავაგრძელე. ეს საქციელი მშობლებს დღემდე ვერ ვაპატიე. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ჩემი გათხოვების შესახებ ისევ დაიწყეს საუბარი, ვუთხარი, რომ აღარ ვიყავი ის ბავშვი, რომელმაც თავისი უფლებების შესახებ არაფერი იცოდა და საკუთარ ნებას თავზე ვეღარ მომახვევდნენ.
ძალიან ძნელია, რომ ტრადიციულ საზოგადოებაში მშობლებს და საუკუნეებით გამყარებულ დაუწერელ წესებს აუმხედრდე. ჩემს მსგავსად, ბევრმა გოგონამ დღესაც არ იცის, რომ არსებობს კანონი, რომელიც მას ნაადრევი ან იძულებითი ქორწინებისგან დაიცავს. არ მინდა, ვინმემ ჩემს მსგავსად, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება სცადოს.
როცა ვიგებ, რომ არასრულწლოვან გოგოს ათხოვებენ, მივდივარ მის ოჯახში და ვცდილობ, მშობლებს გადაწყვეტილება შევაცვლევინო. ვუხსნი, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას, როგორ აისახება ადრეულ ასაკში გათხოვება არასრულწლოვანი გოგოს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
პარალელეურად გოგონების გაძლიერებაზეც ვმუშაობ. ვხვდები სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდა ქალებს და მათ გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა უფლებებზე ვესაუბრები. ვუხსნი, რომ შეუძლიათ პოლიციას მიმართონ.
როცა ვხედავ, ოჯახს ჩემი აზრი დიდად არ აინტერესებს და არასრულწლოვნის გათხოვებას მაინც აპირებს, სახალხო დამცველს ან პოლიციას ვაყენებ საქმის კურსში. ჩემი ჩარევის შედეგად 10 გოგო გადაურჩა ნაადრევ ან ნაძალადევ ქორწინებას. ბოლო ასეთი შემთხვევა 2 თვის წინ მოხდა. გოგოს, რომელიც მე-2 კურსის სტუდენტია, მისი ნების წინააღმდეგ ათხოვებდნენ. მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ახლა ის გოგო ძალიან ბედნიერია, რადგან არასასურველ ქორწინებას თავს ვეღარ მოახვევენ.
იმისთვის, რომ სხვადასხვა სოფელში ჩავიდე და ხალხს შევხვდე, გრანტი არ მჭირდება. სამი წელია, უკვე საკუთარი ინიციატივით და რესურსით ვაწყობ შეხვედრებს. შაბათ-კვირა თავისუფალი მაქვს. გავდივარ სოფლებში და ვხვდები მოსახლეობას. ხშირად პირდაპირ მინდვრებში ან სათბურებში მივდივარ, სადაც ქალები მუშაობენ და იქ ვესაუბრები. ჩაიხანებშიც შევდივარ. ჩაიხანა ეთნიკურ აზერბაიჯანელებში გადაწყვეტილებების მიმღები კაცების თავშეყრის ადგილია და ამიტომ მათთან შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად მეგობრებიც მეხმარებიან. მიმყავს ახალგაზრდა, აქტიური და წარმატებული ქალები. მინდა, რომ სოფლად მცხოვრებმა პატარა გოგონებმა რეალური ადამიანების მაგალითებზე დაიჯერონ, რომ სწავლა და წარმატების მიღწევა მათაც შეუძლიათ.
ჩემი ინტერესის სფეროში მხოლოდ გენდერი და ქალთა უფლებები არ შედის. არჩვენების წინ ხალხს საარჩევნო კანონმდებლობაზე და მათ უფლებებზე ვესაუბრები. ვერ ვიტყვი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ყველაფერს სიხარულით ხვდება. 2 წლის წინ, ჩემ წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფორმა გამოიყენეს – აზერბაიჯანელ ქალებთან შეხვედრების გამო, რომლებსაც ქალთა უფლებებზე ვესაუბრებოდი, „ტრადიციების მტრად“ შემრაცხეს და სოფლიდან ჩემი გაძევება მოითხოვეს. სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიში გააკეთეს, რომლის მეშვეობითაც ბინძურ ჭორებს მივრცელებდნენ. მივმართე პროკურატურას. ეს საქმე გამოძიებული დღემდე არ არის. არ არის ადვილი, იყო უფლებადამცველი იქ, სადაც უმრავლესობა მზად არის, შენი უფლებები გათელოს და არც სამართალდამცავი სისტემა გიცავს. მიუხედავად ამისა, ჩემს საქმიანობას მაინც ვაგრძელებ. ჭორებითა და ცილისმწამებლური კამპანიით ვერ შემაშინებენ.
ავტორი: მანანა ვარდიაშვილი
სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.