ოლგა ენდელაძე რეალური, სისტემური ცვლილებებისთვის მებრძოლი სამოქალაქო აქტივისტია. მისი მონაწილეობით მარნეულის დემოკრატ ქალთა კავშირმა დიდი კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების უფლების დაბრუნება იყო. ოლგამ შეძლო და საბავშვო ბაღების პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულ საკითხად აქცია. ახლა მუნიციპალური სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე მუშაობს. მისი სურვილია, პროგრამა ისე დაიგეგმოს, რომ გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი გაჭირვებიდან ამოვიდეს.
* * *
უკრაინაში, ხარკოვის ოლქში დავიბადე და გავიზარდე. ნახევრად რუსი ვარ, ნახევრად უკრაინელი. 21 წლის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამოვედი. მე, ალბათ, ბოლო ვარ იმ გოგოებიდან, რომლებიც უკრაინასა თუ რუსეთში სასწავლებლად წასულ ქართველ ბიჭებზე დაქორწინდნენ. ჩემი მეუღლე მარნეულელია და უკრაინაში ერთად ვსწავლობდით.
პროფესიით ბიო-ქიმიკოსი ვარ. მარნეულში როცა ჩამოვედი, მივხვდი, რომ პროფესია დავკარგე: 90-იანი წლები იყო, ლაბორატორია კი არა, ქვეყანაში დენი და გაზი არ იყო, ხალხი პურის რიგში იდგა და ქუჩებში ისროდნენ. მიუხედავად ამისა, არ შემშინებია და არც უკან დაბრუნებაზე მიფიქრია. 21 წლის ასაკში ცხოვრებას ოპტიმიზმით უყურებ, მითუმეტეს, თუ შეყვარებული ხარ. მე კი ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა. ახლა 6 შვილი გვყავს. უფროსი 26 წლისაა, უმცროსები, ტყუპი გოგონები კი 10 წლის არიან.
მასწავლებლის კვალიფიკაციაც მქონდა და თავიდან მუშაობა სკოლაში დავიწყე. მარნეულის N6 რუსულ სკოლაში ბიოლოგიას და გეოგრაფიას 15 წლის განმავლობაში ვასწავლიდი. ამავე დროს აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილე ვიყავი.
2005 წელს მეგობარმა დაარეგისტრირა არასამთავრობო ორგანიზაცია – მარნეულის დემოკრატ ქალთა კავშირი. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვიყავი. 2006 წელს მარნეულში სათემო რადიოს თანამშრომლების მოსამზადებელი ტრენინგი გავიარე. ძალიან კარგი ტრენინგი იყო, რომელმაც ბევრი საჭირო ინფორმაცია მომცა. ამის შემდეგ ადგილობრივი ტელევიზიისთვის გავაკეთე გადაცემების ციკლი სამოქალაქო განათლების შესახებ. ამ პროექტის ერთ-ერთი ძალიან კარგი შედეგი ის იყო, რომ თვითონ მივიღე ძალიან კარგი სამოქალაქო განათლება.
ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა ქალთა საჭიროების შესახებ. როგორც გაირკვა, ქალებს ყველაზე მეტად აწუხებდათ ის, რომ მათ სოფლებში თუ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს საბავშვო ბაღი არ იყო. ასე დავიწყეთ საბავშვო ბაღების თემაზე მუშაობა. იმ დროისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 12%-ს მიუწვდებოდა ხელი სკოლამდელ განათლებაზე. ეს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
შევხვდით გამგებელს. არასოდეს დამავიწყდება ეს შეხვედრა. გამგებელი გაკვირვებული გვიყურებდა და მხრებს იჩეჩავდა, პირველად მესმის თქვენგან, რომ საბავშვო ბაღები არ გვყოფნისო.
სხვა რა გზა იყო, პრობლემა სიღრმისეულად უნდა შემესწავლა: მთელი კანონმდებლობა დავიზეპირე. გავიცანი ყველა ექსპერტი, რომელიც კი ამ სფეროში მუშაობდა. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გადაგვეჭრა პრობლემა. დავიანგარიშეთ და 10 ბაღის აშენებას დაახლოებით 20 მლნ ლარი სჭირდებოდა. ამ დროს 20 მლნ ლარი მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელი ბიუჯეტია.
ჩვენ თვითონ გავაკეთეთ შეფასება. ჩავატარეთ ბიუჯეტის ანალიზი. ვარკვევდით, სად შეიძლებოდ ფულის დაზოგვა და ამ დაზოგილი თანხის ბაღებზე გადამისამართება. შევისწავლეთ უცხოური გამოცდილება და 2014 წელს სასკოლო მზაობის ცენტრები მოვაწყეთ. ასეთ ცენტრებში მხოლოდ 5-6 წლის ასაკის ბავშვებს იღებენ. ისინი ცენტრში რჩებიან 4 საათის განმავლობაში და იქ მხოლოდ საგანმანათლებლო სერვისს იღებენ – სკოლისთვის ემზადებიან.
პირველ ეტაპზე ასეთი 5 ცენტრი გავაკეთეთ: მარნეულში, ჯანდარაში, თაზაქენდში, ქესალოსა და ყაჩაღანში. სკოლებთან გავაფორმეთ შეთანხმება და სასკოლო მზაობის ცენტრებისთვის სკოლის შენობებში თითო ოთახი გამოგვიყვეს. სკოლები სიამოვნებით წამოვიდნენ ამ შეთანხმებაზე – ცხადია, მათ ინტერესშიც არის, რომ სკოლაში უკეთ მომზადებული ბავშვები შევიდნენ. სასკოლო მზაობის ცენტრებისთვის მოვამზადეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც განათლების სამინისტროსთან შეთანხმდა. სპეციალურად გადავამზადეთ მასწავლებლები. მესმის, რომ ეს არ არის სრული სერვისი, მაგრამ პრობლემიდან გარკვეული გამოსავალი ნამდვილად არის.
იაპონიის და საქართველოში პოლონეთის საელჩოს ფინანსური დახმარებით სოფელ კაპანახჩში საბავშვო ბაღი ავაშენეთ. მართალია, პატარა ბაღია, მაგრამ ბავშვებს გაუჩნდათ სკოლამდელი განათლების მიღების საშუალება. სასკოლო მზაობის ცენტრები დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს – 2016 წლიდან ამ ცენტრებს მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ჩვენი ჩართულობის და აქტიურობის შედეგად დღეს უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების 30% იღებს სკოლამდელ განათლებას. გაიზარდა სკოლამდელი განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი და საბავშვო ბაღების აღმზრდელთა ხელფასები.
იცით როგორ ვგეგმავ სამუშაოს? ვხედავ, რომ არის პრობლემა, ვსვამ კითხვებს და ვეძებ პრობლემის გადაჭრის გზებს. ჩვენს ორგანიზაციას აქვს ჩამოყალიბებული მისია და სტრატეგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვმუშაობთ მხოლოდ განათლების ან ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემებზე. არა, ჩვენ ვმუშაობთ პრობლემების გადაჭრაზე! თუ მარნეულის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში არ არის სკოლა ან საბავშვო ბაღი, ეს პრობლემა აწუხებს ქართველსაც, აზერბაიჯანელსაც და უკრაინელსაც.
ყველა პროექტზე ვამბობ ხოლმე – ეს ბოლოა, დავიღალე, მეტს აღარ გავაკეთებ, მაგრამ შემდეგ რომელიმე პრობლემის გადაჭრის ახალ შესაძლებლობას რომ ვხედავ, გული არ მითმენს და ახალი პროექტის წერას ვიწყებ.
ახლა მუნიციპალური სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. გვინდა, პროგრამა ისე დაიგეგმოს, რომ გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი გაჭირვებიდან ამოვიდეს. ამისთვის მიზანმიმართული პროგრამების და სწორი პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო.
თითქმის 14 წელია, რაც ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა საკითხებზე ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში უკვე კარგი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. პოლიტიკაში წასვლაც შემოუთავაზებიათ, მაგრამ ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორში გაცილებით ეფექტიანი ვარ და აქედან უფრო ბევრი კარგი საქმის გაკეთება შემიძლია.
ავტორი: მანანა ვარდიაშვილი
სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.