Update: პრემიის, ლექსო“ მხარდამჭერი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) გახდა.
ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) იწყებს განაცხადების მიღებას ყოველწლიური კონკურსისთვის მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის.
გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2022 წლის 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
პრემიის შესახებ
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ,,ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ 2021 წელს დააარსა. პრემია ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს. ლექსო ერთ-ერთი იყო მედიის იმ 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამართულ დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ. უფლებადარღვევების გაშუქების პროცესში, ლექსომ სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამ შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.
ლექსოს პრემია დაწესდა მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ. მის მიზნს წარმოადგენს საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება.
პრემიის იდეა: მედია პროფესიონალები, როგორც უფლებადამცველები
მედიის სფეროს წარმომადგენლები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ხშირად იცავენ ადამიანის უფლებებს, ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას და აშუქებენ უფლებადარღვევებს.
პრემია „ლექსო“ აღიარებს იმ მედია პროფესიონალების მნიშვნელოვან წვლილს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ეწევიან ადამიანის უფლებების ადვოკატირებას და/ან ასაჯაროებენ ფაქტებს უფლებადარღვევების შესახებ. უფლებადამცველი მედია პროფესიონალების დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ როლს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის მშენებლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ პრემია არ არის განკუთვნილი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ მედიის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის: ოპერატორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და ა.შ., რომლებიც ჩართული არიან მედია პროდუქტის მომზადებაში.
გარდა ამისა, პრემია მხარს უჭერს და აღიარებს მედიის სფეროს წარმომადგენლების უმნიშვნელოვანეს როლს თანასწორობისთვის ბრძოლაში და წაახალისებს იმ მედია პროდუქტების წარმოდგენას, რომლებიც არადომინანტური ჯგუფების უფლებების ადვოკატირებას ახდენს.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
18+ ასაკის მედია პროფესიონალები (ჟურნალისტები, ოპერატორები და ა.შ.).
საკონკურსო აპლიკაციები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:
- უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი
- უფლებადაცვითი სტატია
წარმოდგენილი სააპლიკაციო პროდუქტები შესაძლოა ასახავდეს და აშუქებდეს რეალურ ისტორიებს და უფლებადარღვევებს, წარმოადგენდეს დოკუმენტურ მასალას, ან ჰქონდეს უფლებების დაცვის, ადვოკატირების და საზოგადოებაში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნები.
აპლიკაციის წარდგენის მომენტისთვის, საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა იყოს უკვე გადაღებული/გამოქვეყნებული 2021-2022 წლებში, ან მომზადდეს უშუალოდ კონკურსისთვის.
საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა წარადგინოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე ავტორმა. (მაგალითად, ჟურნალისტი და ოპერატორი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი და სხვ.).
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი
წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი.
- საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია
წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი სტატია.
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი და ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით (ფულადი ჯილდო გაუნაწილდება მედია პროდუქტის ყველა მითითებულ ავტორს თანაბრად). IWPR გამარჯვებულებს ციფრულ ტექნიკას გადასცემს.
რა უნდა წარადგინოთ?
- მოკლე პროფესიული რეზიუმე (CV); თუ აპლიკანტი ერთზე მეტი პირია, საკონკურსო გუნდის ყველა წევრის პროფესიული რეზიუმე (CV).
- საკონკურსო სტატია ადამიანის უფლებების შესახებ. (სტატია, ბლოგი და სხვ.)
ან
- საკონკურსო ვიდეო-რეპორტაჟი ადამიანის უფლებების შესახებ. (სატელევიზიო სიუჟეტი, ინტერნეტ-პლატფორმის ვიდეო და სხვ.)
მნიშვნელოვანი: თუ თქვენი წარმოდგენილი აპლიკაცია მოიცავს რეალური პერსონაჟის/პერსონაჟების ფოტოს, ვიდეოს ან სხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას, ხოლო წარმოდგენილი პროდუქტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, აუცილებელია წარმოადგინოთ აღნიშნული პირის/პირების წინასწარი თანხმობის ფორმა, მათ შესახებ მასალის გამოქვეყნებაზე.
საკონკურსო განაცხადები უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ – „ლექსოს პრემია 2022“)
გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გამოგზავნით თქვენ თანხმდებით, რომ ადამიანის უფლებათა სახლმა გამოაქვეყნოს თქვენი მედია პროდუქტები თავის პლატფორმებზე.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე: [email protected]
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს.