ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს კონკურსს მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის.

მედია პროფესიონალები,  როგორც უფლებადამცველები

მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, განსაკუთრებით კი ჟურნალისტები, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, ხშირად ადამიანის უფლებებს იცავენ.  ისინი უფლებადამცველები ხდებიან, როდესაც შექმნილი მედია პროდუქტებით იცავენ ადამიანის უფლებებს, ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას ძირითადი უფლებების და თავისუფლებების შესახებ, აშუქებენ უფლებადარღვევებს და უწევენ ადვოკატირებას ადამიანის უფლებების დაცვას.

სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ჟურნალისტები, როგორც უფლებადამცველები, ხშირად იდევნებიან და ძალადობის, მუქარის თუ შევიწროების მსხვერპლნი არიან.

ლექსოს პრემიის დაწესებით გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს, განსაკუთრებით, 5 ივლისს, მედიის თავისუფალი და უფლებადაცვითი საქმიანობის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას და ძალადობას. პრემიის დაწესებით გვინდა, მხარი დავუჭიროთ თავისუფალი მედია გარემოს არსებობას  და განვითარებას საქართველოში. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ თავისუფალი და უფლებადამცველი მედია აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თავისუფალი, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების მშენებლობაში.

ლექსოს პრემიის ისტორია

საგანგაშო იყო 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ+ თემის, მათი მომხრეების, უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა რადიკალურად განწყობილი, ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან. ძალადობის სამიზნედ იქცნენ ასევე ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები, რომლებიც ადგილზე აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს და აგრესიული ჯგუფების მიერ ჩადენილ უფლებადარღვევებს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი – ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა. ლექსო ლაშქარავას თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ, მოძრაობა „სირცხვილია“-ს ოფისში სასტიკად გაუსწორდნენ ძალადობრივი კონტრ-დემონსტრანტები. თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად მას ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღეში კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ დადგენილა და ექსპერტიზა არ დასრულებულა.

სამწუხაროდ, ამ დრომდე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არ გადაუდგამთ ქმედითი ნაბიჯები 5 ივლისს გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების ეფექტიანად გამოსაძიებლად. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოხატავენ უფლებადამცველების და მედიის წარმომადგენლების მიმართ მხარდაჭერას და არ გმობენ ძალადობრივი ჯგუფების  ორგანიზებულ საქმიანობას.

ლექსო ლაშქარავა გახდა ძალადობის სამიზნე და მისი უფლებები დაირღვა სწორედ იმის გამო, რომ ის აშუქებდა უფლებადარღვევებს.

ლექსოს პრემიის დაწესების მიზანი არის საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

18+ ასაკის მედია პროფესიონალები (ჟურნალისტები, ოპერატორები და ა.შ. ).

 საკონკურსო  აპლიკაციები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:

  •  უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი
  • უფლებადაცვითი სტატია

წარმოდგენილი სააპლიკაციო პროდუქტები შესაძლოა ასახავდეს და აშუქებდეს რეალურ ისტორიებს და უფლებადარღვევებს, წარმოადგენდეს დოკუმენტურ მასალას, ან ჰქონდეს უფლებების დაცვის, ადვოკატირების და საზოგადოებაში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნები.

აპლიკაციის წარდგენის მომენტისთვის, საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა იყოს უკვე გადაღებული/გამოქვეყნებული 2020-2021 წლებში, ან მომზადდეს უშუალოდ კონკურსისთვის.

საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა წარადგინოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე ადამიანმა (მაგალითად, ჟურნალისტი და ოპერატორი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი და სხვ. ).

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:

1. საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი

წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი.

2. საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია

წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი სტატია.

თითოეულ კატეგორიაში ფულადი ჯილდო შეადგენს 2000 ლარს (ფულადი ჯილდო გაუნაწილდება მედია პროდუქტის ყველა მითითებულ ავტორს თანაბრად).

 რა უნდა წარადგინოთ?

  • მოკლე პროფესიული რეზიუმე (CV); თუ აპლიკანტი ერთზე მეტი პირია, საკონკურსო გუნდის ყველა წევრის პროფესიული რეზიუმე (CV).
  • საკონკურსო სტატია ადამიანის უფლებების შესახებ. კონკურსანტი(ები) თავისუფალია აირჩიოს კონკრეტული თემა და სტატიის ფორმატი (სტატია, ბლოგი და სხვ.)

ან

  • საკონკურსო ვიდეო-რეპორტაჟი ადამიანის უფლებების შესახებ. კონკურსანტი(ები) თავისუფალია აირჩიოს კონკრეტული თემა და ვიდეო-რეპორტაჟის ფორმატი (სატელევიზიო სიუჟეტი, ინტერნეტ-პლატფორმის ვიდეო და სხვ.)

მნიშვნელოვანი: თუ თქვენი წარმოდგენილი აპლიკაცია მოიცავს რეალური პერსონაჟის/პერსონაჟების ფოტოს, ვიდეოს ან სხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას, ხოლო წარმოდგენილი პროდუქტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, აუცილებელია წარმოადგინოთ აღნიშნული პირის/პირების წინასწარი თანხმობის ფორმა, მათ შესახებ მასალის გამოქვეყნებაზე.

საკონკურსო განაცხადები უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: [email protected]

გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გამოგზავნით თქვენ თანხმდებით, რომ ადამიანის უფლებათა სახლმა გამოაქვეყნოს თქვენი მედია პროდუქტები თავის პლატფორმებზე.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 7 ნოემბერი, თბილისის დროით 20:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე: [email protected]

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2021 წლის 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეზე.