,,თითოეული სიტყვა, თითოეული პროექტი ძალიან მნიშნელოვანია იმ მიზნისთვის, რომელსაც გენდერული თანასწორობა ჰქვია. ქალებმა ამ მიზანთან მიახლოებისთვის ბევრი იშრომეს, ამიტომაც ვალდებულები ვართ, მათი გზა გავაგრძელოთ და ძალიან გამბედავები ვიყოთ. თუ შენ არ იბრძოლებ შენი იდეისთვის, სხვა ვინ იზამს ამას?!“ – ამბობენ „ფრეიაში“, სადაც სჯერათ, რომ საკუთარი თავის რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის იბრძოლო.
2019 წელს, სხვადასხვა პროფესიისა და განსხვავებული ინტერესების მქონე გოგოები საერთო ფასეულობებმა და ერთმა პროექტმა გააერთიანა. ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ ორგანიზებული „ლიდერობის აკადემია“ მათთვის ახალი შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის საწყისად იქცა.
ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულმა მცირე საგრანტო კონკურსმა, რომელმაც გოგონების იდეები რეალობად აქცია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ,,ფრეიას“ გუნდის გაერთიანებაზე. მარიამმა, ქეთევანმა და ნინომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პროექტები: ,,ისტორიები ცვლილებებისთვის“, ,,იცოდე შენი სხეული“ და ,,ქორწინება შენი უფლებაა“ განახორციელეს. ,,ლიდერობის საერთაშორისო აკადემია“ მორიგი მოტივაცია და ერთმანეთის უკეთ გაცნობის შანსი აღმოჩნდა. უკრაინიდან დაბრუნებულებმა უკვე იცოდნენ, რომ საერთო მიზნები, სურვილები და ღირებულებები გააჩნდათ. ,,აღმოჩნდა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვიყავით და გაჩნდა იდეა, ერთობლივად გვემუშავა ქალთა უფლებებზე.“ – ამბობს ქეთევან მურღულია, ,,ფრეიას“ თანადამფუძნებელი.
,,ფრეიაში“ თანხმდებიან, რომ ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ დაფინანსებული საერთო პროექტი, ორგანიზაციის შექმნის მთავარი საფუძველი და მოტივაცია იყო. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, გოგონები ქალების მიერ მოყოლილი რეალური ისტორიების საფუძველზე კომიქსებს ქმნიდნენ. პროექტის დასრულების შემდეგ მიხვდნენ, რომ გაჩერების უფლება არ ჰქონდათ. მათ მალევე შეუერთდნენ მსგავსი სულისკვეთებისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქტიურად მომუშავე გოგოები. 6 ადამიანის მიერ შექმნილი ორგანიზაცია დღეს 15 წევრს და არაერთ პროექტს აერთიანებს.
როდესაც ხვდები, რომ შენი პროექტით რაღაც უკეთესობისკენ იცვლება, როდესაც თუნდაც ერთ ქალს ეხმარები, ზუსტად მაშინ ხვდები, რომ არ გაქვს უფლება გაჩერდე და მეტის გაკეთების ვალდებულებაც გიჩნდება.
მედიაკამპანიებითა და პუბლიკაციებით ,,ფრეიას“ წევრები ხშირად გიყვებიან ეკოაქტივისტ ქალებზე, ამზადებენ გაიდლაინებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და ატარებენ ტრენინგებს ქალთა შრომით უფლებებზე – ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც გუნდი უკვე ერთი წელია მუშაობს.
,,ფრეიაში“ ფიქრობენ, რომ მათ ყველაზე მნიშვნელოვანს – ქალების ნდობის მოპოვებას და მათი პრობლემების შესახებ საუბრის ლეგიტიმაციას მიაღწიეს.
მათ სწამთ, რომ გენდერული სტერეოტიპების დამარცხება და ქალებისთვის ისეთივე შესაძლებლობებისა მიცემა, რომლებიც კაცებს აქვთ არა მხოლოდ ქალების, არამედ ქვეყნის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია. ,,კარგად ვაანალიზებთ იმ სტერეოტიპებსა და პრობლემებს, რომელთა წინაშეც დღეს თითოეულ ქალს უწევს ბრძოლა და ჩვენს მისიად მიგვაჩნია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. სწორედ ამ მიზნის გარშემო გავაერთიანეთ ჩვენი ორგანიზაცია და ვგეგმავთ, რომ არანაირ წინააღმდეგობას არ შევუშინდეთ და ძალიან ბევრი ვიმუშაოთ, რათა ვიყოთ ადამიანები, რომლებიც ქალების მრავალწლიან ბრძოლას თანასწორობისთვის, კვლავ გავაგრძელებთ.’’
დიდი შემართებითა და მეტი მოტივაციით ,,ფრეია“ ახალ გამოწვევებთან ბრძოლას და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას აგრძელებს.