ბოლო პერიოდში გახმაურებული ძალადობის საქმეების მიღმა ბევრი უფლებადამცველი, მსხვერპლი და მათი პირადი ისტორიებია.
უფლებადაცვით სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არაერთი წარმატებული საქმე და პროფესიონალიზმი აგრესიის საპირწონედ – ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ბავშვთა, შშმ პირების და სხვადასხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე 2012 წლიდან ზრუნავს.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ბავშვთა და გენდერულ თემებზე მომუშავე ორგანიზაციებს, სხვებთან შედარებით, გაზრდილი პასუხისმგებლობა აქვთ. მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დაცვის პარალელურად, ხშირად ორგანიზაციის თანამშრომლებს მათ მიმართ მოზღვავებული აგრესიის მოგერიებაც უწევთ. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე, გენდერული ნიშნით და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და უფლებადამცველების როლზე PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი გვესაუბრა.
,,ქალი თუ მარტოა, მან ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ მის გვერდით“ – გენდერული მიმართულება
ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე ორგანიზაცია წლებია მუშაობს. უფლებადამცველებს კარგად ახსოვთ ყველა ის საქმე, სადაც მოძალადე ძლიერი და წარმატებული იყო. როგორც ანა ამბობს, ასეთ დროს საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოძალადის წარმატებულობა. წარმატებული ადამიანის სურათის დანგრევა და მისი მოძალადედ აღიარება რთულია, რადგან საზოგადოებას უჭირს ამისთვის თვალის გასწორება და სჯერა, რომ შეუძლებელია, ადამიანი იყოს მოძალადე, რადგან ის „საამაყოა“. ,,თუ საქართველოს დროშა ფრიალებს გამარჯვების გამო, იმდენად სჭირდება საზოგადოებას ძლიერი, წარმატებული ადამიანის ხატი, რომ სანაცვლოდ მსხვერპლის სიჩუმესაც ითხოვს. ამას კი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვთანხმდებით.“ ორგანიზაციაში კარგად იციან, რომ საზოგადოებაში გამჯდარი ძალადობის ჩუმად დათრგუნვა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მათი ბრძოლა ყოველთვის საჯარო და ხმაურიანია.
,,შეიძლება გავრისკო და დავარღვიო ყველა ნორმა იმისთვის, რომ ბავშვს დავეხმარო“ – ბავშვთა დაცვის მიმართულება
როგორც ანა ამბობს, PHR-ში ბავშვთა უფლებებების დაცვისას ყველაზე დიდი წონა თავად ბავშვის ხმას აქვს. შესაბამისად, ეს ბრძოლა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით უფრო რადიკალური და უკომპრომისოა. ,,კომპრომისებზე ვერ მივდივართ, ვერაფერს ვერ დავთმობთ რადგან ის რასაც ვთმობთ, ჩვენ არ გვეკუთვნის. ბავშვის ინტერესი რომ დავთმოთ ახლა, 18 წლის მიღწევის შემდეგ გვისაყვედურებს, რომ არ დავიცავით, როდესაც თავად ამის გაკეთება არ შეეძლო და კომპრომისი მისი არჩევანი არ იყო.“
საქართველოში საზოგადოება სენსიტიურია ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე, თუმცა ხშირად ასეთი შემთხვევების პრევენცია მაინც ვერ ესწრება. ,,ბავშვი არ უნდა დაზიანდეს, ბავშვმა თავი არ უნდა მოიკლას და მერე არ უნდა ვთქვათ, რომ სუიციდის პრევენციის სტრატეგია გვჭირდებოდა. ბავშვზე არ უნდა იძალადონ სექსუალურად და მერე არ უნდა ვთქვათ, რომ სექსუალური ძალადობა უნდა აიკრძალოს.“
მსგავს შემთხვევებში, ანა გამოსავალს ზრდასრულების გაზრდილ პასუხისმგებლობაში ხედავს. ,,ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ სექსუალური ძალადობის გამოცდილებაზე, რაც ჩვენ გაგვივლია ბავშვობაში. ეს არ არის ადვილი, ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, მაგრამ შეიძლება მე ამით დავიცვა ბავშვი. რა თქმა უნდა, გაგვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომ დაიცვა სხვა 9 წლის ბავშვები ზუსტად იგივე ძალადობისგან.“
ანა ფიქრობს, რომ ბავშვის დასაცავად ყველა გაუმართლებელი შეზღუდვა და ბარიერი უნდა გადავლახოთ. ,,ბავშვის დაცვის მიზნით, მე შეიძლება დადგენილი წესებიც დავარღვიო . რა უფრო მნიშვნელოვანია: კონკრეტული ნორმის დაცვა, თუ – ბავშვის დაცვა. ბავშვის მიმართ მიყენებული ზიანი არ სწორდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს კი შეიძლება ვიფიქრო, ჯანდაბას, ვიქნები სამართალდამრღვევი. არ მინდა ვიყო, მაგრამ თუ არჩევანი მექნება, ბავშვის დაცვასა და წესის დარღვევას შორის, ბავშვს დავიცავ“.
,,ყველას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო პროცესში“ – ადვოკატირების კამპანიები
ორგანიზაციის აქტიური ჩართულობით, ბოლო წლებში, გაუმჯობესდა საკანონმდებლო ჩარჩო. ადვოკატირების კამპანიები ხშირად ხმაურიანი და ყოველთვის უკომპრომისოა. ,,ორგანიზაციის როლი საკანონმდებლო ცვლილებების დროს არ არის მარტივი. ჩვენ არ ვერთვებით იმ ადვოკატირებაში, სადაც უკვე არსებობს სახელმწიფოს ნება. თუმცა ჩვენი სავალდებულო ჩართვის სფეროა ის პრობლემური საკითხები, რომელიც არ ჩანს და ის მუხლები, რომელსაც არ ვეთანხმებით. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენი კონტრიბუცია შეიძლება იყოს პროტესტი და პროტესტის შედეგად, მივიღოთ სასურველი შედეგი, რადგან საზოგადოების ჩართულობას ძალიან დიდი ძალა აქვს. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ კანონმდებლობა მხოლოდ მისი მხრიდან იწერება ვინც მას ქმნის, მაგრამ – არა. კანონმდებლობა შეიძლება დაიწეროს მათი მხრიდანაც, ვინც მას არ ეთანხმებავინც მას აპროტესტებს.“
როცა უფლებადამცველს საკუთარი თავის დაცვა უწევს
სხვათა უფლებებისთვის ბრძოლის პარალელურად, ხშირად ანას და მისი ორგანიზაციის წევრებს თავდასხმებთან (მათ შორის ფიზიკურთან) გამკლავება და მოჭარბებული აგრესიის მოგერიება უწევთ. ამის მიზანი, როგორც წესი, მათი ძირითადი საქმიანობიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ,,პროცესი გვქონდა ჩანიშნული, ვემზადებოდით ძალიან ინტენსიურად და მივიღეთ მუქარის წერილები. წავედით, პროცესი ჩავატარეთ და შემდეგ მივხედეთ ჩვენზე მუქარას. გავაცნობიერეთ, რომ უნდოდათ, შეგვშინებოდა და სასამართლო პროცესზე მოუმზადებლები გამოვსულიყავით. ჩვენ მოვემზადეთ, 2 დღე მოვითმინეთ და მერე დავიწყეთ თავის გადარჩენა.“
ფსიქოლოგიური შევიწროების გარდა, ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურადაც დასხმიან თავს. ,,გავმხდარვართ ნივთების სროლის მსხვერპლიც. პომიდვრები ესროლეს ჩემს თანამშრომელს ერთხელ, როდესაც ეწერებოდა მედიას. ძალიან რთულია [ასეთ დროს უფლებადაცვითი საქმიანობის გაგრძელება]. ისეთი რთულია, რომ შეიძლება ვიღაცებმა თავი დაანებონ, შეწყვიტონ უფლებადაცვითი საქმიანობა და ვერც მოსთხოვ ყველას ერთნაირ გამძლეობას.“
,, გვაძლიერებს, რომ ყოველთვის სიმართლის მხარეს ვართ“ – ქალი უფლებადამცველების ორმაგი წნეხი
ქალ უფლებადამცველებს, როგორც საქართველოში, ისე სხვა ბევრ ქვეყანაში, ორმაგ
წნეხთან უწევთ გამკლავება – ერთი მხრივ როგორც ქალებს და მეორე მხრივ, როგორც უფლებადამცველებს. სექსუალური შინაარსის და ფიზიკური მუქარების მიუხედავად, უფლებადამცველი ქალებისთვის უმნიშვნელოვანესია ერთმანეთის გაძლიერება. გაორმაგებული გამოწვევების და საზოგადოების, ხელისუფლების თუ ყალბი ამბების თავდასხმების პარალელურად, PHR-ში ყველა თანხმდება – სიმართლე, საქმისადმი ერთგულება და ერთმანეთის გვერდში დგომა ნებისმიერ გამოწვევას დააძლევინებთ. ,,ძალიან გვამხნევებს ერთმანეთი. მე ვიცი, რომ უნდა წავიდე და დავეხმარო – მე რომ გუშინ მიჭირდა, ისინი მოვიდნენ და დამეხმარნენ. ერთმანეთი გვიცავს და გვაძლიერებს. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ქალ უფლებადამცველებს. უსიტყვო ხელშეკრულება გვაქვს, რომ ერთმანეთს არასოდეს დავაზიანებთ, განსაკურებით, საჯაროდ. თუ რაიმე პრობლემა გვაქვს, ვისაუბრებთ ცალკე.“
,,თუ ვინმესთვის რამე გაგიკეთებია, ყველა შენი მოკავშირეა“ – თანადგომის ფასი
ანას აზრით, PHR-ში ყველაზე მეტად მათი მხარდაჭერა ახარებთ, ვის საქმეებზეც ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობდა. ხშირად ყოფილი ბენეფიციარები უდგანან გვერდით მაშინ, როდესაც თავად არიან გამოწვევების წინაშე. ,,როცა გგონია, რომ დაეხმარე და არ ახსოვხარ, სწორედ მოზღვავებული აგრესიის დროს გრძნობ, რომ პირიქით, ყველას ახსოვხარ. პანსიონატში მცხოვრები შშმ პირები, ჩვენი ბენეფიციარების მშობლები, ყველაზე ხშირად ისინი გვიჭერენ მხარს. საოცარ, გულისამაჩუყებელ წერილებს გვწერენ, ორგანიზდებიან და ჩვენ დასაცავად ერთიანდებიან. მათ იციან, რომ დღეს არ დაგვიწყია მუშაობა და ხვალ არ დავასრულებთ. თუ უფლებადამცველს ურტყამენ, სინამდვილეში შენც გირტყამენ, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება შენც დაგჭირდეს უფლებადამცველი“.
,,ყველა მსხვერპლი უფლებადამცველია“
PHR-ში კარგად აცნობიერებენ იმ სირთულეებს, რაც მსხვერპლად ყოფნას ახლავს თან. ანას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მსხვერპლს გაუგო და გაგაჩნდეს ემპათიის უნარი. ,,არავინ არ დავბადებულვართ ძალიან მამაცები. მე, მაგალითად, გავიარე გზა უფლებადარღვეული ადამიანიდან უფლებადამცველამდე. ვიყავი მსხვერპლი სხვადასხვა ტიპის ძალადობის. მგონია, რომ სწორედ ეს გამოცდილება მეხმარება ახლა და არა ის, რა ვისწავლე უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში შეიძლება ისწავლო, მაგრამ ვერ გახდე უფლებადამცველი იმიტომ, რომ ვერ გრძნობ როგორ არის მსხვერპლი. პოტენციურად, ყველა მსხვერპლი უფლებადამცველია – თავის თავის და სხვების.“
ანა და მისი კოლეგები კარგად ხვდებიან, რამდენნაირ რისკთანაა უფლებადაცვითი საქმიანობა დაკავშირებული. თუმცა, გამოცდილება, კომპეტენცია, შეუპოვრობა და ერთმანეთის რწმენა თითოეულ მათგანს საფრთხისშემცველ თემებზე მუშაობის გამბედაობას აძლევს.
PHR-ში სჯერათ, რომ საქმის მოგებაზე მნიშნელოვანი, ხშირად თანამოაზრეების პოვნაა. მაშინაც კი, თუ მართლმსაჯულება ვერ აღსრულდა, სულ მცირე, ათასობით ადამიანი იგებს შენი პრობლემის შესახებ. მთავარია, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ხმა ამოიღო, შეცვალო რეალობა და დაიჯერო, რომ გვერდში დაგიდგებიან. ხანდახან გამარჯვებაც ისაა, რომ აღარ იყო მსხვერპლი და აღარ იყო მარტო.
,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” აგრძელებს უფლებადამცველთა შესახებ სტატიების მომზადებას. HRHT უკეთ გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც უფლებადაცვით საქმიანობას ეწევიან და ყოველდღიურად იბრძვიან საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის.