2020 წლის 9 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლების ფონდმა ერთობლივად წარადგინეს ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში.
დოკუმენტში შეფასებულია ბოლო საანგარიშო პერიოდში (2015-2020 წწ.) საქართველოში უფლებადამცველების და აქტივისტების უფლებრივი მდგომარეობა და სხვადასხვა პრობლემური ასპექტები, რომლებიც საქართველოში მათ თავისუფალ საქმიანობას აბრკოლებს. განხილულია უფლებადამცველთა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ცილისმწამებლური და დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიები და სხვ.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გულისხმობს გაეროს წევრი ქვეყნის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვას ყოველ 5 წელიწადში. სახელმწიფოებს საშუალება ეძლევათ გაეროს ინსტიტუტების წინაშე განაცხადონ, რა ქმედებები განახორციელეს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
UPR პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ ჩრდილოვანი ანგარიშებით და სხვადასხვა საკითხებზე წერილობითი მოსაზრებები გაუგზავნონ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს.
დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.