ყოველწლიურად 17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ლგბტქ+ ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დისკრიმინაციის, ძალადობისა და სტიგმის დაგმობას.
საქართველოში ლგბტქ+ თემი და მათი მხარდამჭერები კვლავ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს – მეორე ათწლეულია უკვე, ეს ჯგუფი ვერ ახერხებს შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის არაერთგზის დადგენის მიუხედავად.
გამაოგნებლად საზარელი იყო 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი უფლებადარღვევები. ამ დღეს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფარგლებში, ,,ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. რუსთაველის გამზირზე, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება ,,ღირსების მარშის“ წინააღმდეგ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს. ფიზიკურად იძალადეს მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე, დაარბიეს ,,სირცხვილიას“ და ,,თბილისი პრაიდის“ ოფისები, თავდასხმა განახორციელეს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ოფისზე და იქ შეკრებილ აქტივისტებზე და უფლებადამცველებზე. მთელი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. ერთი მათგანი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
,,დალეწილ ოფისში როცა შევედი, ერთადერთი განცდა მქონდა – იმ დროს აქ რომ ვყოფილიყავი, სიკვდილამდე მცემდნენ“ – მიკო ,,თბილისი პრაიდის“ წევრი და ის ადამიანია, რომელმაც 2021 წლის ხუთ ივლისს, მოძალადე ჯგუფების მიერ დარბეული „თბილისი პრაიდის“ ოფისის პირველი კადრები გადაიღო.
5 ივლისს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს. ამ მასშტაბის აგრესია მისთვის, ისევე როგორც მისი მეგობრებისთვის, მოულოდნელი იყო. დარბევის კადრების ყურებისას, ფიქრობდა ძაღლზე, რომელიც თანამშრომელს ოფისში ჰყავდა დატოვებული: ,,მე-3 სართულზე რომ აძვრებოდნენ და ყველაფერს დალეწავდნენ, რა თქმა უნდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ამ კადრების ყურებისას უკვე არაფერზე აღარ ვფიქრობდი. ვფიქრობდი მხოლოდ ძაღლზე, რომელიც იქ დავტოვეთ.“
ამ დღეს სახლიდან მარტო გავიდა. არავისთვის უთქვამს, რომ დარბეულ ოფისში მიდიოდა. ,,ჩემი წარმოდგენით ქართველი მამაკაცივით ჩავიცვი. ყველაფერი დავტოვე სახლში და გავთიშე ტელეფონი, არც თანამშრომლები გამიფრთხილებია. ავტობუსში მოსახლეობა უკვე ამ თემაზე საუბრობდა. რატომ გამოდიან ქუჩაში, ხომ იციან, რომ ასე მოხდება – მესმოდა კომენტარები.“
კომენტარები არ გაჰკვირვებია. მისი აზრით, განსხვავებული ორიენტაცია, ეთნიკურობა, რელიგიური ხედვები, ეკონომიკური მიდგომები თუ იდენტობები ხშირად ხალხის წინააღმდეგ და ხალხის დასაყოფად გამოიყენება. ასე იყო 2013 წელსაც, რომელიც მიკოს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. 2013 წლის 17 მაისს ლგბტქ+ აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შემდეგ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ქვეყნიდან წასვლა ან დარჩენა და თემის უფლებებისთვის ბრძოლა. მიკომ დარჩენა გადაწყვიტა: ,,შიგნიდან მღრღნიდა, რომ დამალვით და გაქცევით ცხოვრების ბოლომდე არ ვიქნებოდი ბედნიერი. არ მინდოდა, რომ შიშის გამო სადმე წავსულიყავი.“
ამის შემდეგ საფრთხეებს აღარასდროს გაურბის. როგორც ამბობს, ურჩევნია დაინახოს ძალადობა და საფრთხე, რომელიც ემუქრება და მის წინააღმდეგ იბრძოლოს.
მიკო ეროვნებით სომეხია. აქტივიზმისა და რამდენიმე სამსახურის პარალელურად, უცხოელებს ქართულ ენას ასწავლის. ფიქრობს, რომ მის სახელს მისთვის ბედნიერება არასოდეს მოუტანია, არაერთხელ უფიქრია გვარის შეცვლაზეც. ,,ბევრ სივრცეში ჩემი სახელი საქილიკო იყო. ის იდეაც მიტრიალებდა, რომ ჩემი სახელისა და გვარის გამო შეიძლებოდა, წარმატებული ვერ გავმხდარიყავი. ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმექცია.“
მანამდე და მას შემდეგ კი იყო თვითგამორკვევის, საკუთარი თავის შეცნობისა და მიღების, და ოჯახთან კომუნიკაციის რთული პროცესები.
როგორც ამბობს, საკუთარი ორიენტაციის გასაჯაროება მარტივი არ ყოფილა. ოჯახის წევრებთან არც მაშინ გაუწყვეტია ურთიერთობა, როცა შეურაცხყოფას აყენებდნენ. ,,მესმის, რატომ არიან ასეთები და არ უნდათ გაიგონ, მე რატომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ. როცა ვყვები ჩემს გეი მეგობრებზე, ლგბტქ+ უფლებებზე, დედაჩემი ამბობს, რომ არ უნდა ამის მოსმენა. ერთ-ერთ აქციაზე, ნათესავმა მნახა ტელევიზორში, რომელმაც დედაჩემს დაურეკა და უთხრა, როგორ ბედავს შენი შვილი ამ ადამიანების გვერდით დგომასო.“
მიკოსთვის კი „თბილისი პრაიდი“ უსაფრთხო სივრცესთან ასოცირდება. ოჯახს ადარებს ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად მუშაობენ და საკუთართან ერთად, სხვისი უფლებებისთვის იბრძვიან. ,,რთულ მომენტებში, რაც ნამდვილად არ გვაკლია, ვცდილობთ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. ვინც აქ ვმუშაობთ, უმეტესობას გვქონდა შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ გვეცხოვრა, თუმცა ვართ აქ და ვეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება“ – ამბობს მიკო.
ყველაზე რთული იმის გაცნობიერება აღმოჩნდა, რომ 5 ივლისს, ოფისის დარბევის დროს, მისი მეგობრების შესახებ სენსიტიური ინფორმაცია შეიძლებოდა სხვა ადამიანების ხელში აღმოჩენილიყო, რაც დაშინებისა და შანტაჟის ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა. მიკოს არ ესმის რა იგულისხმება „გეი პროპაგანდაში“. მისთვის მისი ორიენტაცია ისეთივე მოცემულობაა, როგორც სახელი, გვარი თუ გარეგნობა: ,,თუ არავინ არ მეკითხება, არც ვეუბნები, მაგრამ თუ მეკითხება, არ ვატყუებ.“
სტერეოტიპებთან ბრძოლას მიკო ძველებურად აგრძელებს. 2013 წლის 17 მაისისა და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების მიუხედავად, ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს და არაჰომოფობიურ გარემოში თანაცხოვრებას ყველა ადამიანი თანაბრად შეძლებს.