10 აგვისტო, 2020
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენება და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო დიპლომატიური მექანიზმი, რათა ხელისუფლებამ უზრუნველყოს აღნიშნული მოთხოვნის შესრულება.
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი მკაცრად გმობს ბელარუსის ხელისუფლების მიერ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისას და მის შემდგომ პერიოდში ფართომასშტაბიანი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენება და უზრუნველყოფილი იყოს ბელარუსელი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ”არჩევნების წინმდევი მოვლენები, გუშინდელი არჩევნები და ამ არჩევნების შემდგომ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას არ სურს უზრუნველყოს ბელარუსის მიერ ნაკისრი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. ხელისუფლების მიერ განხორციელებული დევნა და ძალადობის შემთხვევები უფრო მეტად ცხადყოფს, რომ ბელარუსელი ხალხის ნება და მათი უფალებები სრულად უგულველყოფილია. ”- აღნიშნავს მარია დალე, ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის დირექტორი.
მინსკში და მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თავდასხმა ხორციელდება მშვიდობიან მომიტინგეებზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. სხვადასხვა ანგარიშები, ასევე თვითმხილველების პირადი ვიდეო-ჩანაწერები, ასახავს მასობრივ დაპატიმრებებს, დაშავებულმშვიდობიან მომიტინგეებს და, ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ დევნასა და დაშინებას. აკავებენ ჟურნალისტებს, დახშულია საკომუნიკაციო არხები, შესაბამისად, არჩევნებისა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად არის შეზღუდული. დევნა და თავდასხმა ხორციელდება უფლებადამცველების წინააღმდეგაც.
აღნიშნულ მოვლენებს ბოლო კვირების განმავლობაში წინ უძღვოდა ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციური მოძრაობის ჩახშობის, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების მიზნით. ხელისუფლება იყენებდა საკუთარ ძალაუფლებას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმის მიზნით. ამასთანავე, აღნიშნული მოვლენები წლების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების ნაწილიცაა და გვახსენებს 2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მიერ წარმოებულ ძალადობრივ ღონისძიებებს, ზეწოლასა და დევნას.
ჩვენ ვეხმაურებით მშვიდობიანად მომიტინგე ბელარუსების განცხადებებს და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტი,რათა დაავალდებულონ ბელარუსის ხელისუფლება:
- უზრუნველყოს ჟურნალისტების, იურისტებისა და სხვა უფლებადამცველების მყისიერი გათავისუფლება და შეწყდეს დევნა იმ პირთა მიმართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას;
- უზრუნველყოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და დემონსტრანტების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება;
- შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, ობიექტურად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული ყველა ინციდენტი და პასუხისგებაში მიეცენ ძალადობის ჩამდენი პირები;
- უზრუნველყოს ბელარუსელი ხალხის უფლება, ისარგებლონ ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით;
- უზრუნველყოს უფლებადამცველების საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი შევიწროებისა და დევნის გარეშე.