ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის ხელმომწერი წევრები, შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ მიმართული, სულ უფრო მეტად მტრული გარემოთი და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ამ საშიში ტენდენციის შესაფერხებლად.
საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველები, განსაკუთრებით კი ლგბტქი+, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე პირები, მედიასა და ინტერნეტში მზარდ თავდასხმებს აწყდებიან, სახელმწიფო ლიცენზირებული მედიასაშუალებებისა და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და პირების მხრიდან. სულ ახლახანს, 2021 წლის იანვარში, ტელეარხმა “Alt TV” გაავრცელა მონაკვეთი, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) პროგრამების დირექტორის, თამთა მიქელაძის წინააღმდეგ მიმართულ მუქარასა და ძალადობის მოწოდებას მოიცავდა. Alt TV-მ მუშაობისთვის საჭირო ლიცენზია ცოტა ხნის წინ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიიღო, ძალადობრივი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური მესიჯების გავრცელების წახალისების შესახებ არსებული მტკიცებულებების მიუხედავად[1].
ეს ინციდენტი გაგრძელებაა იმ შემაშფოთებელი ტენდენციისა, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან იღებს საფუძველს. ამ წელს, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ადამიანის უფლებათა დამცველი ვიტალი საფაროვი სასტიკად მოკლეს. პროკურატურამ დამნაშავეები ეთნიკური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში დაადანაშაულა მოწმის იმ ჩვენების საფუძველზე, რომელიც მიუთითებდა, რომ იგი ნეონაცისტებმა მოკლეს, რადგან ებრაელი იყო. თუმცა, სასამართლომ განსასჯელები დამნაშავედ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო და არა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში[2]. მომდევნო წელს, თბილისი პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები ძალადობრივ კონტრდემონსტრაციებს, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ძალადობრივ მუქარას გადააწყდნენ ულტრამემარჯვენეებისა და ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხრიდან. მოგვიანებით, სამართალდამცველმა ორგანოებმა უარი თქვეს დაეცვათ პრაიდის კვირეულში დაგეგმლი ღირსების მარშის მონაწილეები, რის მიზეზადაც რადიკალური ჯგუფების მხრიდან გაზრდილი რისკები და საფრთხეები დასახელდა[3]. 2020 წელს, ორგანიზაცია თბილისი პრაიდის საქმიანობის წინააღმდეგ გაგრძელდა შეტევები, რომელთა ფარგლებშიც ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები ორგანიზაციის ოფისს საღებავებსა და კვერცხებს ესროდნენ, ოფისის წინ დემონსტრაციებს აწყობდნენ და პრაიდის აქტივისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის მუქარას აჟღერებდნენ.
2020 წლის მაისში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული გამოძიება ქვეყნის ორ რეგიონში დაიწყო. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აზრით, გამოძიებას გამჭვირვალე მიზნები არ ამოძრავებს და უმცირესობათა უფლებების დამცველების თვითნებურ შემოწმებასა და გამოხატვის თავისუფლების კონტროლს ეწევა[4]. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დამცველებისა და უმცირესობათა უფლებების დამცველების დასაცავად არსებულ მექანიზმებს არ მიმართავს.
საქართველოს მიერ ნაკისრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ქვეყანას უფლებადამცველების დაცვა ევალება. ამ ვალდებულებების შესასრულებლად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
- უზრუნველყონ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2020 წლის მაისში რასობრივ დისკრიმინაციაზე დაწყებულმა გამოძიებამ არ შელახოს ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების უფლებადამცველების უფლებები და მათი საქმიანობა;
- დაუყოვნებლივ გამოიძიონ მედიასაშუალებების მიერ ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ღია მუქარის შემთხვევები;
- საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, გაუქმდეს ნებისმიერი ისეთი მედიასაშუალების ლიცენზია, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ახალისებს;
- დასრულდეს იმ პირთა თუ ორგანიზაციათა დაუსჯელობა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველებს თავს ესხმიან, ემუქრებიან ან მათ წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი უმცირესობათა უფლებების დამცველთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ახალისებენ;
- მთავრობის წარმომადგენლებმა სახალხოდ დაგმონ ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები.
საქართველოში, ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, განსაკუთრებით კი ლგბტქი+, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენების, ძალადობისკენ მოწოდებისა და ფიზიკური ძალადობის შემთხევევების ზრდა ძალიან შემაშფოთებელია. ადამიანის უფლებათა დამცველები, მათ შორის, ლგბტქი+, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომუშავენი, ლეგიტიმურად საქმიანობენ და უნდა იყვნენ დაცულნი. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაითვალისწინოს მათ წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების საშიში ტენდენციები.
ხელმომწერი ორგანიზაციები
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (საქართველო)
– ადამიანის უფლებათა ცენტრი
– უფლებები საქართველო
– მედიის ინსტიტუტი
– საფარი
– წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
Human Rights House Yerevan (Armenia)
– PINK Human Rights Defenders
– PEN Armenia
Barys Zvozskau Belarusian Human Rights House (Belarus)
Human Rights House Zagreb (Croatia)
– Croatian Platform for International Citizen Solidarity (CROSOL)
– Centre for Peace Studies
– B.a.B.e. Be Active. Be emancipated.
Human Rights House Oslo (Norway)
– Human Rights House Foundation
– Mental Health and Human Rights Info
Educational Human Rights House Chernihiv (Ukraine)
– Vostok SOS
– No Borders Project
Human Rights House Crimea (Ukraine)
– Human Rights Center ZMINA
– CCE Almenda
[1] https://oc-media.org/features/georgias-trump-loving-alt-right-begin-broadcasting-on-tv/?fbclid=IwAR16mTC8fOwasGmRZTE7tA6OOjivlClhvBqEAuZq0s1xU9nhAi6UUWFW_PM
[2] https://hridc.org/admin/editor/uploads/files/pdf/hrc2019/საფაროვის%20საქმე-eng.pdf
[3] https://humanrightshouse.org/letters-of-concern/protect-rights-lgbt-community-defenders-georgia/
[4] https://emc.org.ge/en/products/emc-sus-shi-mimdinare-gamodziebasa-da-tamta-mikeladzis-gamokitkhvis-protsess-ekhmianeba