საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დასაცავად და ხელშესაწყობად და არსებითად გაითვალისწინოს ამ უფლებებით მოსარგებლე უფლებადამცველების, მათ შორის ელენე ხოშტარიას მოსაზრებები.
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომელიც უკიდურესად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ კვლავინდებურად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, ამ თავისუფლებებით სარგებლობისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად.
ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ დაიწყო შიმშილობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებელი და არაპოლიტიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში და რეკომენდაციები მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სამედიცინო მომსახურების მიღების და უსაფრთხოების მიზნებისთვის აუცილებელია ექს-პრეზიდენტი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 2021 წლის 9 ნოემბერს, ყოფილი პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში. ელენე ხოშტარიას შიმშილობით გამოხატული პროტესტი იგივე მოთხოვნას ეფუძნება.
ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც აქტიურად იცავს ადამიანის უფლებებს და ხშირად ითავსებს უფლებადამცველის ფუნქციასაც. ჩვენ მის მიერ შერჩეული პროტესტის ამგვარ ფორმას უფლებადაცვით საქმიანობად მოვიაზრებთ. ასეთი მწვავე პროტესტით ელენე ხოშტარია ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის არსებული სივრცის შეზღუდვის რეალურ შედეგებს: ვინც მშვიდობიან პროტესტს ირჩევს, მას აღარ რჩება სხვა გზა, გარდა ისეთი უკიდურესი ზომების მიღებისა, როგორიცაა შიმშილობა.
ბოლო 10 თვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სახლის ფონდისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ გამოითქვა სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობის მცდელობების, მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავების და სახალხო დამცველის წინააღმდეგ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის მხარდაჭერის გამო. ჩვენ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, გადაედგა პროაქტიული ნაბიჯები და ზაფხულში თბილისი პრაიდის ღონისძიებების აღნიშვნის დროს დაეცვა ისინი, ვინც შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობდნენ.
მოგვიანებით შოკირებულნი გამოვეხმაურეთ ხელისუფლებას, რომელმაც არ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნები და დაუშვა ძალადობა თბილისი პრაიდის მონაწილეების, ჟურნალისტების და ორგანიზატორების მიმართ. ბოლო მოვლენები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ფონზე მიმდინარე პროტესტთან არის კავშირში, საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას კიდევ ერთხელ აჩვენებს.
ელენე ხოშტარიას მიერ განხორციელებული ქმედება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სარგებლობისთვის ხელისუფლების ქმედებების გამო შექმნილ საფრთხეებს. შიმშილობა არაძალადობრივი პროტესტის მწვავე ფორმაა, რომელსაც ხშირად იყენებენ ისინი, ვინც ვერ ხედავენ პროტესტის გამოხატვის სხვა რეალისტურ გზებს. ჩვენ ვხედავთ, როგორი ცინიკური დამოკიდებულებით პასუხობს მშვიდობიანი პროტესტის მცდელობებს საქართველოს ხელისუფლება. ოქტომბრის ბოლოს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხის კლინიკაში არ გადაეყვანათ. საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველს პოლიტიკურად მიკერძოებული უწოდა. პოლიტიკური ლიდერების ასეთი თავდასხმები ქართველი ხალხისთვის ქმნის წარმოდგენას, რომ განსხვავებული და ოპოზიციურად განწყობილი შეხედულებების გამოსახატად, ისევე, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის, ძალიან მცირე შესაძლებლობები არსებობს საქართველოში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვას და ხელი შეუწყოს ყველა ადამიანის, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. როგორც თებერვალში გავრცელებულ განცხადებაში აღვნიშნეთ, მშვიდობიანი შეკრებები საშუალებას აძლევს ინდივიდებს მონაწილეობა მიიღონ თავიანთი საზოგადოებების ფორმირებაში და წარმოადგენს უთანხმოების მონაწილეობით გადაჭრის შესაძლებლობას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
- უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობა;
- შექმნას ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და საიმედო სივრცე ქვეყანაში;
- უზრუნველყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ვინც პროტესტის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, შიმშილობას მიმართავს;
- დაუყოვნებლივ წამოიწყოს დიალოგი ელენე ხოშტარიასთან, მის მოთხოვნებთან დაკავშირებით.